ფსალმუნი - 10
Previous1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. უფალზე ვარ მინდობილი; როგორ ეტყვით ჩემს სულს: „გადაიხვეწე ჩიტივით თქვენს მთებში“.
2რადგან აგერ ბოროტნი მოზიდავენ მშვილდს, ლარზე მიამაგრებენ ისარს, რომ სიბნელიდან ესროლონ გულმართლებს.
3თუ საძირკვლები დანგრეულია, მართალმა რა ჰქნას?
4უფალი თავის წმიდა ტაძარშია, ცაშია უფლის ტახტი; მისი თვალები იმზირებიან, ქუთუთოები ამოწმებენ ადამის შვილებს.
5უფალი მართალს გადაარჩენს, ხოლო ბოროტი და ძალადობის მოყვარული სძულს მის სულს.
6ნაკვერჩხალს აწვიმებს ბოროტთა ზედა, ცეცხლსა და გოგირდს; და ქარბორბალა ხვედრია მათი.
7რადგან მართალია უფალი, უყვარს სიმართლე. გულწრფელი იხილავს მის სახეს.
Next