Eleos

Contents

ფსალმუნი - 89

Previous
1ლოცვა მოსესი, ღვთისკაცისა. უფალო! თავშესაფარი იყავ ჩვენთვის თაობიდან თაობამდე.
2ვიდრე მთები დაიბადებოდნენ და შექმნიდი დედამიწასა და სამყაროს, და უკუნითი უკუნისამდე შენა ხარ ღმერთი.
3კაცს დააბრუნებ ხრწნადობისათვის და ეტყვი: დაბრუნდით, ძენო ადამისანო!
4რადგან ათასი წელი შენს თვალში, ვითარცა გუშინდელი დღე, რომ გადაიარა, და მესამედი ღამისა.
5ღვართქაფივით გააქანებ მათ, ძალი მათი დილდილობით ბალახივით შეიცვლება:
6დილას ჰყვავის და ფერს იცვლის, საღამოს ჭკნება და ხმება.
7რადგანაც გავქრით შენი რისხვით და შენი გულისწყრომით შევძრწუნდით.
8ჩვენი დანაშაულებანი წინ დაიდე, ჩვენი საიდუმლო - შენი სახის შუქის წინ.
9რადგან ყველა ჩვენი დღე გაილია შენი რისხვით, ვკარგავთ ჩვენს წლებს ბგერის უსწრაფესად.
10ჩვენს წელთა რიცხვი სამოცდაათი წელიწადია, ხოლო ჯანმაგრობის დროს - ოთხმოცი წელიწადი; და ამათგან უმეტესი ჯაფა და უსამართლობაა, რადგანაც სწრაფად გაივლიან და ჩვენ მივფრინავთ.
11ვინ იცის შენი რისხვის ძალა და შენი შიშის კვალობაზე შენი გააფთრება?
12ჩვენი დღეების დათვლა გვასწავლე, რათა შევიძინოთ სიბრძნე გულისა.
13მობრუნდი, უფალო! ვიდრემდე? და ნუგეში ეცი შენს მორჩილებს.
14გაგვაძღე გარიჟრაჟზე შენი წყალობით, და ვიხაროთ და ვილხინოთ ყოველთა დღეთა ჩვენთა.
15გაგვამხიარულე იმ დღეთა წილ, რომ გვტანჯავდი, იმ წელთა წილ, გაჭირვება რომ ვნახეთ.
16იხილონ შენმა მორჩილებმა შენი საქმენი და შენი ბრწყინვალება - მათმა შვილებმა.
17და იყოს კეთილმოსურნეობა უფლისა, ჩვენი ღმერთისა, ჩვენდამი, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე ჩვენთვის, და საქმე ჩვენი ხელისა წარმართე.
Next