Eleos

Contents

ფსალმუნი - 87

Previous
1გალობა. ფსალმუნი კორახის ძეთა, გუნდის ლოტარს, მახალათის საკრავზე საგალობლად. მოძღვრება ჰემან ეზრახელისა.
2უფალო, ღმერთო ჩემო მხსნელო! დღისით ვღაღადებ, ღამით - შენს პირისპირ.
3მოვიდეს შენს წინაშე ჩემი ლოცვა, ყური მოაპყარ ვედრებას ჩემსას.
4რადგან აღივსო სიავით სული ჩემი და ჩემი სიცოცხლე ჯოჯოხეთს უახლოვდება.
5შევირაცხე მკვდრების გვერდით, შევიქენი, ვითარცა კაცი უძალღონო.
6მკვდრებს შორისა ვარ ჩაგდებული, ვითარცა მოწყლულნი, სამარეში მწოლიარენი, რომელთაც აღარ გაიხსენებ და რომელნიც შენი ხელით მოისრნენ.
7მომათავსე ქვესკნელის ორმოში, ბნელეთში, მორევში.
8მე დამატყდა თავს რისხვა შენი და ყველა შენი ტალღით დამტანჯე. სელა.
9შენ განმაშორე ნაცნობნი ჩემნი, საზიზღარი გამხადე მათთვის; დამაპატიმრეს და ვერ გამოვდივარ.
10თვალი ჩემი დანაღვლიანდა ტანჯვით; მოგიხმობდი, უფალო, ყოველდღე, შენსკენ ვიწვდიდი ხელებს.
11ნუთუ მკვდრებისთვის მოიმოქმედებ სასწაულს? თუ მიცვალებულნი წამოდგებიან და განგადიდებენ? სელა.
12განა საფლავში ილაპარაკებენ შენს წყალობაზე და შენს ჭეშმარიტებაზე - ჯოჯოხეთში?
13შეიცნობენ წყვდიადში შენს სასწაულებს და შენს სიმართლეს - დავიწყების ქვეყანაში?
14მე კი, უფალო, შენ გევედრებოდი და დილ-დილაობით ჩემი ლოცვა წინ გეგებებოდა.
15რად მიატოვე, უფალო, სული ჩემი, უკუიქციე პირისახე ჩემგან?
16ღარიბი ვარ და ტანჯული ყრმობიდანვე, შენს საშინელებებს ვზიდავ, ვუძლურდები.
17თავზე გადამიარა შენმა მრისხანებამ. შენმა შიშის ზარმა გამანადგურა.
18გარს მივლიდნენ წყლების მსგავსად ყოველდღიურად, ყველა ერთად მერტყმოდა გარს.
19შენ განმაშორე მოყვარე და მეგობარი, ჩემი ნაცნობნი ბნელით მოცულან.
Next