Eleos

Contents

ფსალმუნი - 65

Previous
1გუნდის ლოტბარს. გალობა - ფსალმუნი. შეჰღაღადეთ ღმერთს, მთელო ქვეყნიერებავ.
2უგალობეთ მისი სახელის ღირსებას, პატივი ეცით მის დიდებულებას.
3უთხარით ღმერთს: რა საშიშია შენი საქმენი, შენი ძალის სიმრავლით ქვეშ გაგეგებიან შენი მტრები.
4მთელი ქვეყნიერება თაყვანსა გცემს და გაქებს შენ, უგალობებს შენს სახელს. სელა.
5მოდით, ნახეთ ღმერთის ნამოქმედარი, საშიშია მისი მოქმედება ადამიანის შვილებზე.
6გადააქცია ზღვა ხმელეთად, მდინარე ფეხით გადალახეს; იქ გავიხარეთ მის გამო.
7გაბატონებულია თავისი სიძლიერით მსოფლიოზე, მისი თვალები ჭვრეტენ ერებს. ვინც ეურჩება, არ ამაღლდება. სელა.
8ადიდეთ, ხალხნო, ღმერთი ჩვენი და აღასმინეთ ხმა მისი ქებისა.
9შეუნარჩუნა ჩვენს სულს სიცოცხლე და არ გასწირა დასაცემად ჩვენი ფეხი.
10რადგან გამოგვცადე ჩვენ, ღმერთო, გადაგვადნე, როგორც ვერცხლი გადაადნეს.
11მოგვაქციე ბადეში, დაგვადგი ჩაგვრის უღელი წელზე.
12შეგვასვი კაცი თავზე; შევედით ცეცხლსა და წყალში და გამოგვიყვანე სახალვათოდ.
13მოვალ შენს სახლში შესაწირავებით, აღგისრულებ ჩემს აღთქმებს,
14რომ წარმოთქეეს ჩემმა ბაგეებმა და დაილაპარაკა ჩემმა პირმა ჩემი გაჭირვების ჟამს.
15მსუქან შესაწირავებს ამოგიტან ერკემლის საკმევლითურთ, შემოგწირავ მოზვრებს და ვაცებს. სელა.
16მოდით, მოისმინეთ ყველამ, ვისაც ღმერთის შიში გაქვთ, და გიამბობთ, რა გააკეთა ჩემი სულისთვის.
17მას მოვუხმობდი ჩემი ბაგეებით და აღვამაღლე იგი ჩემი ენით.
18სიმრუდე რომ შემემჩნია ჩემს გულში, არ მოისმენდა უფალი.
19ამიტომ მომისმინა ღმერთმა, ყური მოაპყრო ჩემი ლოცვის ხმას.
20კურთხეულ არს უფალი, რომ არ უარყო ჩემი ლოცვა და არ მომაკლო თავისი წყალობა.
Next