ფსალმუნი - 58
Previous1გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ. დავითის საგალობელი, როდესაც საულმა გაგზავნა მისი სახლის საყარაულოდ, რომ მოეკლათ იგი.
2მიხსენი ჩემი მტრებისაგან, ღმერთო; დამიცავი ჩემს წინააღმდეგ აღმდგართაგან.
3მიხსენი სიმრუდის ჩამდენთაგან და სისხლის მსმელთაგან გადამარჩინე.
4რადგანაც აგერ უთვალთვალებენ ჩემს სულს; შეგროვდნენ ძლიერნი ჩემს წინააღმდეგ; არც დანაშაული მიმიძღვის, არც შეცოდება, უფალო.
5უდანაშაულოდ გამორბიან და ემზადებიან, გამოიღვიძე ჩემს შესახვედრად და მომხედე.
6ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ძალთა, ღმერთო ისრაელისა, გამოიღვიძე, რომ მოჰკითხო ყველა ხალხს; არ დაინდო არც ერთი უკანონობის ჩამდენი. სელა.
7დაე, მობრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარეუარონ ქალაქს.
8აგერ, წარმოანთხევენ თავიანთი პირით, მახვილი აქვთ ბაგეებში, აქაოდა, ვინ ისმენსო.
9ხოლო შენ, უფალო, დასცინებ მათ, აბუჩად აიგდებ ყველა ხალხს.
10მის ძლიერებას შენში დავიცავ, რადგან ღმერთია ჩემი საყრდენი.
11ღმერთი - ჩემი მწყალობელი წინ წამიძღვეს; ღმერთმა შემახედოს ჩემს მტრებზე.
12ნუ დახოცავ მათ, რომ არ დაივიწყოს ჩემმა ერმა, ახეტიალე შენი ძალით და დაამდაბლე, ფარო ჩვენო, უფალო.
13მათი პირის ცოდვა მათთა ბაგეთა ნალაპარაკევია; და გაებან მახეში თავიანთი ქედმაღლობისათვის, ტყუილი ფიცისა და პირფერობისათვის.
14მოსპე რისხვით, მოსპე, რომ აღარ იყვნენ; და შეიტყონ, რომ ღმერთი ბატონობს იაკობზე ქვეყნიერების კიდით-კიდემდე. სელა.
15დაე, დაბრუნდნენ საღამოობით, იყმუვლონ ძაღლივით და გარს შემოუარონ ქალაქს.
16დაე, იწოწიალონ საჭმლისათვის და მშივრებმა გაათიონ ღამე.
17ხოლო მე ვუმღერებ შენს სიძლიერეს და დილდილაობით ვიღაღადებ შენს წყალობაზე, რადგან შენ იყავი ჩემი ბურჯი და თავშესაფარი ჩემი გაჭირვების დღეს.
18სიძლიერევ ჩემო, შენ გიგალობებ, რადგან ღმერთია ჩემი ბურჯი, ღმერთი ჩემი მწყალობელი.
Next