ფსალმუნი - 57
Previous1გუნდის ლოტბარს, ნუ მოსპობ, დავითის საგალობელი.
2ნუთუ მართლა სიმართლეს ლაპარაკობთ, მოსამართლენო? სისწორით სჯით, ადამის ძენო?
3არამედ გულში უკუღმართობას თხზავთ, დედამიწაზე თქვენთა ხელთა ძალმომრეობას დებთ სასწორზე.
4გადაუხვიეს ბოროტებმა დაბადებიდანვე; გზას აცდნენ დედის მუცლიდანვე სიცრუის მქნელნი.
5მათი შხამი მსგავსია გველის შხამისა, ყრუ ასპიტისა, ყურს რომ დაიჩულავს.
6რომ არ ისმინოს ხმა შემლოცველთა, დაბრძენებულ მისანთ-მისნისა.
7ღმერთო! შენ შეუმუსრე მათ კბილები თავიანთ პირში; ლომთა ეშვები მოთხარე, უფალო!
8გაქრნენ, ვითარცა წყალი დაღვრილი; როცა ისრებს მოზიდავენ, იყოს გადამსხვრეულივით.
9ლოკოკინასავით დაუძლურდეს, ქალის საშოდან მოწყვეტილივით ვერ იხილოს მზე.
10ვიდრე იგრძნობდნენ თქვენი ქვაბები ძეძვს, იგი უმსაც და გამომცხვარსაც ქარში წარხვეტავს.
11გაიხარებს წმიდანი, როცა იხილავს შურისგებას; ფეხებს დაიბანს ბოროტის სისხლში.
12და იტყვის კაცი: აი, ნაყოფი წმიდანისა! მართლაც არსებობს ღმერთი, რომელიც ასამართლებს ქვეყნიერებას.
Next