Eleos

Contents

ფსალმუნი - 35

Previous
1გუნდის ლოტბარს, უფლის მორჩილი დავითისა.
2ბიწიერება ცოდვილისა ამბობს ჩემს გულში: არ არის შიში ღმერთისა მის თვალთა წინაშე.
3რადგან ქლესაობს მასთან, თითქოს ეძებს მის დანაშაულს, რომ შეაძულოს.
4მისთა ბაგეთა სიტყვები სიცრუე და სიყალბეა, ჭკუა არ ყოფნის, რომ კეთილი ქმნას.
5უსამართლობას ფიქრობს თავის სარეცელზე, უკეთურ გზას ადგება, ბოროტს არ თაკილობს.
6უფალო, ზეცაშია შენი წყალობა, ჭეშმარიტება შენი - ღრუბლებამდე.
7სიმართლე შენი, ვითარცა მთები უფლისა, სამართალი შენი ღრმაა უფსკრულივით. ადამიანსა და პირუტყვს შენ შველი, უფალო.
8რადგან ძვირფასია შენი წყალობა, ღმერთო და ადამის ძენი შენს ფრთათა ქვეშ აფარებენ თავს.
9დაპურდებიან შენი სახლის ცხიმით და შენთა სიტკბოთა ხევიდან შეასვამ მათ.
10რადგან შენთან არის წყარო სიცოცხლისა. შენი შუქით ვხედავთ სინათლეს.
11მოჰფინე წყალობა შენი შენს მაღიარებლებს და სიმართლე შენი - გულწრფელებს.
12ნუ მოაღწევს ჩემთან ფეხი ამპარტავნისა და ხელი ბოროტთა ნუ გამდევნის მე.
13იქ დაეცნენ მოქმედნი უსამართლობისა, დავარდნენ და აღარ ძალუძთ წამოდგომა.
Next