ფსალმუნი - 34
Previous1დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.
2მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
3იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.
4შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.
5შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
6იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
7რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.
8და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
9ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.
10ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
11აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
12სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
13ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
14როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
15ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
16პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.
17უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.
18მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
19არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
20რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
21ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
22შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
23გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
24გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
25ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
26შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.
27იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.
28და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.
Next