ფსალმუნი - 26
Previous1დავითისა. უფალი ჩემი შუქი არის და ხსნაა ჩემი - ვის შევუშინდე? უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა - ვისგან შევძრწუნდე?
2თუ დამესხმიან თავს ბოროტნი ჩემი სხეულის შესასანსლად - მჩაგვრელნი ჩემნი და მტერნი ჩემნი, თვითონვე წაბორძიკდებიან და დაეცემიან.
3თუნდაც ჯარმა რომ დაიბანაკოს ჩემს წინააღმდეგ, არ შეშინდება ჩემი გული; თუ ომი ატყდა ჩემს წინააღმდეგ, მაინც იმედი მაქვს.
4ერთს ვთხოვდი უფალს, ამას ვევედრები: რომ დავემკვიდრო უფლის სახლში ჩემი სიცოცხლის მანძილზე, ვუმზერდე უფლის სიმშვენიერეს და იმის ტაძარს ვიხილავდე.
5რადგან შემიფარებს იგი თავის კარავში გაჭირვების ჟამს, დამმალავს თავისი კარვის სამალავში, კლდეზე ამამაღლებს.
6და ახლა მაღლა ავწევ თავს გარს შემოხვეული მტრების მიმართ და შევწირავ მის კარავში მსხვერპლსა ქებისა, ვუმღერებ და ვუგალობებ უფალს.
7ისმინე, უფალო, ჩემი ხმა, როცა მოგიხმობ; შემიწყალე და მიპასუხე.
8შენგან ამბობს ჩემი გული: მოძებნეთ ჩემი სახე. შენს სახეს მოვძებნი, უფალო.
9ნუ დამალავ შენს სახეს ჩემგან, რისხვით ნუ უკუაგდებ შენს მორჩილს. ჩემი შემწე იყავი უწინ, ახლა ხელს ნუ მკრავ და ნუ მიმატოვებ, ღმერთო, ჩემო მხსნელო,
10რადგან დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე.
11მიწინამძღვრე, უფალო, შენს გზაზე და დამაყენე სწორ კვალზე ჩემი მტრების გამო.
12ნუ გადამცემ ჩემი მტრების სურვილისამებრ, რადგან აღდგნენ ჩემს წინააღმდეგ ცრუ მოწმენი და ბოროტებით სუნთქავენ,
13რომ არ მერწმუნა ხილვა უფლის სიკეთისა ცოცხალთა ქვეყანაში.
14მიენდე უფალს, გამხნევდი და გაამაგრე შენი გული და გქონდეს უფლის იმედი.
Next