ფსალმუნი - 24
Previous1დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
2ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
3ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.
4შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
5წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.
6გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა.
7ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
8კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
9წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
10ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.
11შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.
12ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
13მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
14საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
15ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
16გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.
17განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
18შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
19შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
20შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ.
21უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.
22იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.
Next