ფსალმუნი - 21
Previous1გუნდის ლოტბარს, ცისკრის აღმობრწყინებისას, დავითის ფსალმუნი.
2ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! რად მიმატოვე? შორს არის ჩემი შველისაგან სიტყვები ჩემი ღაღადისისა.
3ღმერთო ჩემო! მოგიხმობ დღისით და არ მიპასუხებ, ღამით - და არ არის სიმშვიდე ჩემთვის.
4შენ კი, წმიდაო, მკვიდრობ ისრაელის ხოტბათა შორის.
5შენით იმედოვნებდნენ ჩვენი მამები, იმედოვნებდნენ და იხსენი კიდეც.
6შენ გევედრებოდნენ და გადარჩნენ; შენით იმედოვნებდნენ და არ გაწბილდნენ.
7მე კი მატლი ვარ და არა კაცი, საძრახისი ადამიანთა და საძულველი ერისა.
8ყველა, ვინც მხედავს, მე დამცინის; მქირდავენ და თავს გადააქნევენ.
9ღმერთზე მინდობილს იგი დაიხსნის, ის გადაარჩენს, თუ ნებავს იგი.
10რადგან შენ გამომიყვანე დედის მუცლიდან, დამამშვიდე დედის მკერდზე.
11შენით ვიმედოვნებდი დაბადებიდან; დედის მუცლიდან შენ ხარ ჩემი ღმერთი.
12ნუ გამშორდები, რაკი ახლოა უბედურება, ხოლო შემწე არავინ არის.
13ირგვლივ მომადგნენ მე მოზვრები აურაცხელნი, ბაშანის ხარებმა რკალი შემომარტყეს.
14პირი დააღეს ჩემს წინააღმდეგ, ვითარცა ლომმა, მსხვერპლს დადევნებულმა და მბრდღვინავმა.
15ვითარცა წყალი დავიღვარე და დაიშალნენ ჩემი ძვლები; ცვილს დაემსგავსა ჩემი გული, დადნა ჩემს გვამში.
16გამოიფიტა ჩემი ძალა, ვითარცა თიხა; ენა სასაზე მიმეკრა და მიმიყვანა სიკვდილის პირას.
17რადგან გარს შემომეხვივრენ მე ძაღლები, ბოროტთა ხროვა წრედ შემომერტყა ლომის მსგავსად ჩემი ხელ-ფეხის გასაგმირავად.
18მთელი ჩემი ძვლები დაითვლება; ისინი მიჭვრეტენ ნიშნის მოგებით.
19ჩემს სამოსელს ინაწილებენ და წილს ყრიან ჩემს კვართზე.
20და შენ, უფალო, ნუ დამშორდები; სიმძლავრევ ჩემო, ჩემდა შემწედ გამოეშურე.
21გადაარჩინე ჩემი სული მახვილისაგან და ძაღლისაგან სული ჩემი, მარტოდ შთენილი.
22მიხსენი ლომის ხახისაგან და მარტორქისგან გადამარჩინე.
23ჩემს ძმებს მოვუთხრობ შენს სახელზე, კრებულთა შორის შეგაქებ შენ.
24უფლის მოშიშნო! ადიდეთ იგი; პატივი სცეს იაკობის მთელმა მოდგმამ და ეშინოდეს მისი ისრაელის მთელ მოდგმას.
25რადგან არ დაამცირა მან და არ უგულებელყო ტანჯვა გლახაკისა, და არ მოარიდა პირი თავისი, და უსმინა მას, როცა მოუხმობდა.
26შენს გამოა ჩემი ხოტბა მრავალ კრებულში, შენთა მოშიშთა წინაშე გადაგიხდი აღთქმულს.
27ჭამონ ღატაკთა და დანაყრდნენ, ადიდონ უფალი მისმა მაძიებლებმა; სამარადჟამოდ იცოცხლონ თქვენმა გულებმა.
28გაიხსენებენ და უფალთან დაბრუნდებიან ქვეყნიერების ყველა კიდენი, და თაყვანს სცემს ყველა ტომი ხალხებისა.
29რადგანაც უფალს შვენის მეფობა და იგი არის ხალხთა მბრძანებელი.
30ჭამს და თაყვანს სცემს ამ ქვეყნის ყველა გათქვირებული, მის წინაშე ქედს მოიხრის ყველა, ვინც მტვრად უნდა იქცეს, ვისაც არ ძალუძს თავისი სულის გადარჩენა.
31შთამომავლობა ემსახუროს მას; მოუთხრობს თაობებს უფლის შესახებ.
32მოვლენ და მოუყვებიან მის სიმართლეს ხალხს, ახალშობილს, რაც მოიმოქმედა უფალმა.
Next