ფსალმუნი - 108
Previous1გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. ღმერთო ჩემი დიდებისა, ნუ დადუმდები.
2რადგან პირი ბოროტისა და პირი მზაკვრისა გაიხსნა ჩემს წინააღმდეგ. მელაპარაკებიან ცბიერი ენით.
3სიძულვილის სიტყვებით გარს შემომერტყნენ და უმიზეზოდ მეომებიან.
4ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.
5მომაგეს ბოროტი კეთილის წილ და სიძულვილი - ჩემი სიყვარულის წილ.
6დააყენე მის მიმართ ბოროტი და ეშმაკი დადგეს მის მარჯვნივ.
7განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს.
8იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ.
9დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად.
10იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში.
11მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი.
12ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს.
13გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.
14გაუხსენდეს ბრალი მისი მამებისა უფლის წინაშე, და ცოდვა მისი დედისა ნუ წაიშლება.
15იყვნენ ღმერთის თვალწინ მუდამ, და მოსპობს ქვეყნიერებიდან მათ სახსენებელს.
16იმისათვის, რომ არ გაიხსენა წყალობის აღმოჩენა და დევნიდა ღარიბ-ღატაკს და გულდაჩაგრულს მოსაკლავად.
17და შეიყვარა წყევლა - მასვე მიუვა; არ ისურვა კურთხევა - განშორდება მას.
18და შეიმოსება წყევლით, როგორც სამოსელით, და შევა წყევლა, როგორც წყალი, მის შიგნეულობაში, და როგორც ზეთი - მის ძვლებში.
19იყოს მისთვის, ვითარცა სამოსელი ჩაცმული და სარტყელი, გამუდმებით შემორტყმული.
20ასეთია მისაგებელი უფლისა ჩემს მოძულეთა და ჩემს სულზე ავის მოლაპარაკეთა მიმართ.
21ხოლო შენ, უფალო, ღმერთო ჩემო, იმოქმედე ჩემს მიმართ შენი სახელის გულისათვის, რადგან კარგია წყალობა შენი; გადამარჩინე,
22რადგან ღარიბ-ღატაკი ვარ მე და ჩემი გული დაწყლულებულია ჩემს შიგნით.
23ვითარცა ჩრდილი გადახრის ჟამს, ვიარებოდი, ვეხეთქებოდი აქეთ-იქით კალიასავით.
24მუხლნი ჩემნი დაუძლურდნენ მარხვისაგან და სხეულს ჩემსას მოაკლდა სიმსუქნე.
25და გავხდი მე მათი სალანძღავი; დამინახავდნენ, თავს გაიქნევ-გამოიქნევდნენ.
26შემეწიე, უფალო, ღმერთო ჩემო, მიხსენი შენი წყალობისამებრ.
27დაე გაიგონ, რომ შენი ხელია ეს; შენ მოიმოქმედე, უფალო.
28ისინი დამწყევლიან და შენ მაკურთხებ; აღდგებიან და შერცხვებიან, და მორჩილი შენი გაიხარებს.
29შეიმოსონ ჩემი მოძულენი გაწბილებით და ქურქივით წამოისხან თავიანთი სირცხვილი.
30შევაქებ უფალს ფრიად ჩემი პირით, და მრავალთა შორის ვადიდებ მას.
31რადგან დაუდგება მარჯვნივ ღატაკს, რათა იხსნას მისი სული განმსჯელთაგან.
Next