Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1როგორც ერთი კაცი, შეიკრიბა მთელი ერი იმ მოედანზე, წყლების კარიბჭის წინ რომ არის, და უთხრეს ეზრა მწიგნობარს, მოეტანა მოსეს რჯულის წიგნი, რომელიც უფალმა მისცა ისრაელს.
2ეზრა მღვდელმა მეშვიდე თვის პირველ დღეს გამოიტანა რჯული კრებულის წინაშე, რომელიც შედგებოდა კაცებისგან, ქალებისგან და ყველა იმათაგან, ვისაც გაგების უნარი შესწევდა.
3წყლების კარიბჭესთან რომ მოედანია, იქ კითხულობდა მას განთიადიდან შუადღემდე კაცების, ქალებისა და გამგებთა წინაშე. მთელი ერის ყური რჯულის წიგნზე იყო მიპყრობილი.
4ეზრა მწიგნობარი იდგა ხის კვარცხლბეკზე, ამ საქმისთვის რომ იყო გამართული; მის ახლოს, ხელმარჯვნივ, მათითია, შემაყი, ყანაია, ურია, ხილკია და მაყასია იდგნენ; მის ხელმარცხნივ კი ფედაია, მიშაელი, მალქია, ხაშუმი, ხაშბადანა, ზაქარია და მეშელამი იდგნენ.
5ეზრამ მთელი ხალხის თვალწინ გახსნა წიგნი, რადგან მთელ ხალხზე მაღლა იდგა. როდესაც გახსნა იგი, მთელი ხალხი ფეხზე წამოუდგა.
6ეზრა აკურთხებდა უფალს, დიად ღმერთს. ხალხი კი ხელებაპყრობილი პასუხობდა: ამინ! ამინ! და თაყვანს-სცმდა უფალს პირქვე დამხობილი.
7იესო, ბანი, შერებია, იამინი, ყაკუბი, შაბთაი, ჰოდია, მაყასეია, კელიტა, ყაზარი, იოზაბადი, ხანანი, ფელაია და ლევიანები მათ წინ მდგომ ხალხს რჯულს განუმარტავდნენ.
8კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნიდან, განმარტავდნენ და ხალხსაც ესმოდა წაკითხული.
9ნეემიამ, განმგებელი რომ იყო, ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ! (რადგან რჯულის სიტყვების გამგონე, მთელი ხალხი ქვითინებდა).
10უთხრა მათ: წადით და ცხიმიანი ჭამეთ და ტკბილი დალიეთ, ნაწილი იმათ გაუგზავნეთ, ვისაც არ მოუმზადებია, რადგან ეს დღე წმიდაა ჩვენი უფლისათვის. ნუ ინაღვლებთ, რადგან უფლის სიხარულია თქვენი გაძლიერება.
11ლევიანები ამშვიდებდნენ მთელ ხალხს და ეუბნებოდნენ: გაჩერდით, რადგან წმიდაა ეს დღე და ნუ სწუხართო!
12წავიდა მთელი ხალხი საჭმელად, სასმელად, წილობების დასაგზავნად და დიდი სიხარულის საყოფად, ვინაიდან გაიგეს ის სიტყვები, რომელნიც მათ ამცნეს.
13მეორე დღეს მთელი ერის მამისსახლთა თავკაცებმა, მღვდლებმა და ლევიანებმა ეზრა მწიგნობართან მოიყარეს თავი, რათა ჩასწვდომოდნენ რჯულის სიტყვებს.
14ნახეს რჯულში დაწერილი, სადაც მოსეს მეშვეობით უფალი თავის ხალხს უბრძანებს, რომ ისრაელიანებმა მეშვიდე თვის დღესასწაულისას კარვებში იცხოვრონ.
15რომ გამოუცხადონ და ხმა მიაწვდინონ ყველა ქალაქსა და იერუსალიმს; გადით მთაზე და მოიტანეთ ბაღის ზეთისხილისა და ველური ზეთისხილის ფოთლები, ღვიის, პალმისა და სხვა ხეების ფოთლები კარვების გასაკეთებლად, დაწერილის მიხედვით.
16გავიდა ხალხი, მოიტანა და გაიკეთა კარვები ყველამ თავ-თავის ბანზე, ეზოში, ღვთის სახლის ეზოებში, წყლების კარიბჭისა და ეფრემის კარიბჭის მოედნებზე.
17კარვები გააკეთა ტყვეობიდან დაბრუნებულმა მთელმა კრებულმა და ცხოვრობდა კარვებში, რადგან იესო ნავეს ძის შემდეგ ამ დღემდე ისრაელიანებს ასე არ გაუკეთებიათ. და იყო ძალზე დიდი სიხარული.
18ყოველდღე კითხულობდნენ ღვთის რჯულის წიგნს, პირველიდან უკანასკნელ დღემდე. შვიდ დღეს იზეიმეს და მერვე დღეს კი საზეიმო თავყრილობა ჰქონდათ წესისამებრ.
Next