თავი - 6
Previous1როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და სხვა დანრჩენმა მტრებმა შეიტყვეს, რომ კედელი ავაშენე და ზედ ბზარი არ დამიტოვებია (თუმცა საიმდროოდ ჯერ კიდევ არ მქონდა კარიბჭეში კარი ჩაყენებული),
2სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და შემომითვალეს: წამო და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში. განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის ბოროტება შეემთხვიათ.
3მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ-მეთქი?
4ამგვარი სიტყვა ოთხჯერ შემომითვალეს და იგივე პასუხი დავუბრუნე.
5ასეთი სიტყვით მეხუთედ გამომიგზავნა სანბალატმა თავისი მსახური, რომელსაც ხელში გახსნილი წერილი ჰქონდა.
6მასში ეწერა: ხალხებში ხმა დადის და გეშემიც ამბობს, რომ შენ და იუდაელებს განდგომა გაქვთ განზრახული და ამიტომაც აშენებ კედელს. როგორც ამბობენ, შენ იქნები მათი მეფე.
7წინასწარმეტყველებიც დაგიყენებია, რომ იერუსალიმში იქადაგონ და თქვან: იუდაშიაო მეფე. ახლა, მეფის ყურამდე მივა ეს სიტყვები. ამიტომ მოდი და ერთად მოვითათბიროთ.
8გავუგზავნე კაცი და შევუთვალე: ასეთი სიტყვები არ თქმულა, შენ რომ ამბობ, და შენი ჭკუით მოიგონე-მეთქი ეგენი.
9ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვეღარც დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები.
10შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავადო.
11ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი.
12მივხვდი, ღვთის გამოგზავნილი რომ არ იყო. ჩემზე იმიტომ იწინასწარმეტყველა, რომ ტობიას და სანბალატის მოსყიდული იყო.
13იმისთვის მოისყიდეს, რომ მე შევშინებულიყავი, ისე მოვქცეულიყავი, რომ ცოდვა ჩამედინა და ეს წამხდარი სახელი ჩემს დასამცირებლად გამოეყენებინათ.
14ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.
15ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი - ორმოცდათორმეტ დღეში.
16როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო მცხოვრებმა ხალხებმა დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული.
17იმავე დღეებში დიდებულები იუდადან წერილებს უგზავნიდნენ ტობიას, ტობიასგან კი მათ მოსდიოდათ;
18რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მისმა ძემ, იოხანანმა, მეშელამ ბარექიას ძის ასული შეირთო.
19მის სიკეთეს ამბობდნენ ჩემს წინაშე, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე.
Next