თავი - 6
Previous1მაშინ დარიოს მეფემ გასცა განკარგულება და დაიწყეს ძებნა წიგნთსაცავებში, სადაც განძეულობა ინახებოდა, იქ, ბაბილონში.
2იპოვეს ეკბატანაში, მიდიის მხარის ციხე-ქალაქში, ერთი გრაგნილი, რომელზედაც ეწერა: ძეგლისწერა.
3კიროს მეფის პირველ წელს კიროს მეფემ გასცა განკარგულება ღვთის სახლის თაობაზე იერუსალიმში: აშენდეს სახლი, ადგილი, სადაც მსხვერპლს სწირავენ, მტკიცე საძირკველი ჩაეყაროს შენობას; სიმაღლე სამოცი წყრთა იყოს, სიგანეც - სამოცი წყრთა.
4სამი რიგი დიდრონი ქვებისგან იყოს და ერთი რიგი - ძელებისგან; ხარჯებს მეფის სასახლე გაასწორებს.
5ღვთის სახლის ჭურჭელიც, ოქროსი და ვერცხლისა, რომლებიც ნაბუქოდონოსორმა გაიტანა იერუსალიმის ტაძრიდან და ბაბილონში წაიღო, უკან დაბრუნდეს თავის ადგილზე, იერუსალიმის ტაძარში, და ღვთის სახლში დაბინავდეს.
6ასე რომ, თათნაი, მდინარისგაღმელი განმგებელი, შეთარ-ბოზნაი და მათი თანამდგომნი, აფარსექელნი, მდინარისგაღმელნი, უნდა დაეხსნან მათ.
7დაანებონ ამ ღვთის სახლის შენება; ააშენონ იუდას განმგებელმა და იუდას უხუცესებმა ეს ღვთის სახლი თავის ადგილზე.
8ვიძლევი განკარგულებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ასაშენებლად: სამეფო ხაზინიდან და მდინარისგაღმა მხარის შემოსავლიდან სასწრაფოდ მიეცეს სახარჯოდ იმ ხალხს, რათა არ შეწყდეს მშენებლობა.
9რაც საჭიროა, ხბორები იქნება, ვერძი თუ ბატკანი, ცათა ღვთისთვის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო, ზეთი, როგორც იერუსალიმელი მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუწყვეტლივ,
10რათა შესწირონ სურნელოვანი მსხვერპლი ცათა ღმერთს და ილოცონ მეფისა და მისი შვილების სიცოცხლისათვის.
11ვიძლევი განკარგულებას, რომ თუ ვინმე გადავა ამ სიტყვას, მისი სახლიდან გამოღებულ ძელზე აიყვანონ და მიალურსმონ, სახლი კი სანაგვედ აქციონ ამის გამო.
12ღმერთმა, რომლის სახელიც იქ არის დავანებული, დაამხოს ყოველი მეფე და ხალხი, რომელიც ხელს აღმართავს, რომ შეცვალოს ეს, რომ ზიანი მიაყენოს ამ ღვთის სახლს იერუსალიმში. მე, დარიოსი, ვიძლევი განკარგულებას: დაუყოვნებლივ შესრულდეს!
13მაშინ თათნაიმ, მდინარისგაღმელმა განმგებელმა, შეთარ-ბოზნაიმ და მათმა თანამდგომებმა დარიოს მეფის ბრძანებისამებრ დაიწყეს დაუყოვნებლივ მოქმედება.
14იუდას უხუცესები აშენებდნენ და ხელი ემართებოდათ თანახმად წინასწარმეტყველ ანგიასა და ზაქარია ყიდოს ძის წინასწარმეტყველებისა ააშენეს და გაასრულეს ისრაელის ღმერთის ნებით, კიროსის, დარიოსის, ართახშაშთას, სპარსთა მეფის, ნებით.
15დამთავრდა ეს სახლი ადარის თვის მესამე დღეს, მეფე დარიოსის მეფობის მეექვსე წელს.
16სიხარულით შეასრულეს ისრაელიანებმა, მღვდლებმა, ლევიანებსა და დანარჩენმა გადანასახლებმა ხალხმა ამ ღვთის სახლის სატფურება.
17მოიყვანეს ამ ღვთის სახლის სატფურებისთვის ასი ხარი, ორასი ვერძი, ოთხასი ბატკანი და თორმეტი თხა ისრაელის შტოთა რიცხვის მიხედვით მთელი ისრაელის ცოდვის გამოსასყიდად.
18დააყენეს მღვდლები მათი ხარისხების მიხედვით და ლევიანები მათი რიგის მიხედვით ღვთის სამსახურისთვის იერუსალიმში, როგორც მოსეს წიგნში სწერია.
19გადაიხადა პასექი გადანასახლებმა ხალხმა პირველი თვის მეთოთხმეტე დღეს.
20განიწმიდნენ მღვდლები და ლევიანები, როგორც ერთი კაცი, ყველანი წმიდები გახდნენ. დაკლეს პასექი გადანასახლები ხალხისთვის, თავიანთი თვისტომი მღვდლებისათვის და საკუთარი თავისთვის.
21ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელიანები და ყველანი, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
22ზეიმობდნენ უფუარობის დღესასწაულს შვიდ დღეს სიხარულით, რადგან გაახარა ისინი უფალმა და გული მოაბრუნებინა მათკენ აშურის მეფეს, რომ ხელი გაემაგრებინა მათთვის ღვთის სახლის, ისრაელის ღმერთის სახლის, შენებისას.
Next