Eleos

Contents

თავი - 21

Previous
1თორმეტი წლისა იყო მენაშე, როცა გამეფდა და ორმოცდაათი წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო ხეფციბა.
2უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, იმ ხალხების სიბილწეთა კვალზე, რომლებიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან.
3ისევ ააგო გორაკები, მამამისმა ხიზკიამ რომ მოსპო, სამსხვერპლოები აღუმართა ბაალს, გააკეთა აშერა, როგორც ახაბ ისრაელის მეფეს ჰქონდა გაშენებული; თაყვანს სცემდა ცის ვარსკვლავებს და ემსახურებოდა მათ.
4ააშენა სამსხვერპლოები უფლის სახლში, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა უფალს, იერუსალიმში დავდებო ჩემს სახელს.
5აუშენა სამსხვერპლოები ცის მთელ ვარსკვლავეთს უფალის სახლის ორსავე ეზოში.
6ცეცხლში ატარებდა თავის შვილს, მკითხაობდა, მისნობდა და განაწესა სულთა გამომხმობნი და ჯადოქრები, ბევრ უკუღმართობას სჩადიოდა უფლის თვალში მის განსარისხებლად.
7გააკეთა აშერას კერპი და დადგა სახლში, რომელზეც ეუბნებოდა უფალი დავითს და მის ძეს სოლომონს: ამ სახლში და იერუსალიმში, რომელიც მე ამოვირჩიე ისრაელის ყველა შტოდან, სამარადისოდ დავამკვიდრებო ჩემს სახელს.
8აღარ მოვაცვლევინებ ფეხს ისრაელის ამ მიწიდან, რომელიც მივეცი მის მამა-პაპას, ოღონდ მოექცნენ ისე, როგორც ვუბრძანე, და თანახმად რჯულისა, ჩემმა მორჩილმა მოსემ რომ დაუწესაო მათ.
9მაგრამ არ ისმინეს. აცთუნა ისინი მენაშემ და იმ ხალხებზე უფრო უკუღმართად იქცეოდნენ, რომლებიც ამოწყვიტა უფალმა ისრაელიანთა გულისთვის.
10ამბობდა უფალი თავის მორჩილთა, წინასწარმეტყველთა, პირით:
11იმის გამო, რომ ჩაიდინა მენაშემ, იუდას მეფემ, ეს სიბილწენი, გადააჭარბა უკუღმართის ქმნაში ამორეველებს, მასზე წინ რომ იყვნენ, და იუდაც შეაცდინა თავისი კერპებით,
12ამიტომაც, ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთ ბოროტებას დავატეხ იერუსალიმს და იუდას, რომ ორთავე სასმენელნი გაუყრუვდება ამის გამგონეს.
13სამარიის ლარს და აქაბის სახლის შვეულს გადავჭიმავ იერუსალიმზე, პირწმინდად ამოვრეცხ იერუსალიმს, როგორც ჯამს ამორეცხავს კაცი, ამორეცხავს და გადმოაპირქვავებს.
14მივატოვებ ჩემი წილხვედრილის ნარჩომს და მტრებს ჩავუგდებ ხელში, საძარცვავად და დასატაცებლად შეიქნებიან მათი მტრებისათვის,
15რადგან უკუღმართად იქცეოდნენ ჩემს თვალში და მაჯავრებდნენ იმ დღიდან მოკიდებული, რაც მათი მამა-პაპა გამოვიდა ეგვიპტიდან, დღევანდლამდე.
16უბრალო სისხლიც ბევრი დაღვარა მენაშემ, ისე რომ პირთამდე აავსო იერუსალიმი, გარდა იმ ცოდვისა, იუდა რომ შეაცდინა და უფლის თვალში უკუღმართი საქმე აკეთებინა.
17მენაშეს დანარჩენი საქმენი, ყველაფერი, რაც გაუკეთებია, მისი ცოდვები, რაც კი შეუცოდავს, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
18განისვენა მენაშემ თავის მამა-პაპასთან და დაიმარხა თავისი სასახლის ბაღში, ყუზას ბაღში. მის ნაცვლად მისი ძე ამონი გამეფდა.
19ოცდაორი წლისა იყო ამონი, როცა გამეფდა, და ორი წელი იმეფა იერუსალიმში. მისი დედა იყო მეშულემეთი, ხარუცის ასული, იატბიდან.
20უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, როგორც მამამისი მენაშე იქცეოდა.
21ყველაფერში იმ გზას ადგა, რითაც მამამისი დადიოდა, და ემსახურებოდა იმ კერპებს, რომელთაც მამამისი ემსახურებოდა და თაყვანს სცემდა.
22დავიწყებული ჰყავდა უფალი, თავისი მამა-პაპის ღმერთი, და უფლის გზით არ დადიოდა.
23შეთქმულება მოუწყეს ამონს მისმა მორჩილებმა და საკუთარ სახლში მოკლეს მეფე.
24დახოცა ქვეყნის ერმა მეფე ამონის წინააღმდეგ შეთქმულნი. მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გაამეფა ქვეყნის ერმა.
25ამონის დანარჩენი საქმენი, რაც გაუკეთებია, იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
26დამარხეს იგი თავის სამარხში, ყუზას ბაღში, და მის ნაცვლად მისი ძე, იოშია გამეფდა.
Next