Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1იმ ხანებში სასიკვდილოდ დასნეულდა ხიზკია. მივიდა მასთან ესაია ამოცის ძე, წინასწარმეტყველი, და უთხრა: ასე ამბობს უფალი: ანდერძი დაუტოვე შენს სახლს, რადგან კვდები, ვერ გადარჩები.
2კედლისკენ მიაბრუნა პირი ხიზკიამ და შეევედრა უფალს:
3უფალო! გაიხსენე, მტკიცედ და წრფელი გულით რომ დავდიოდი შენს წინაშე. კეთილად რომ ვიქცეოდი შენს თვალში! და მწარედ ატირდა ხიზკია.
4შიდა ქალაქიდან არ იყო ესაია გასული, რომ გამოეცხადა უფლის სიტყვა.
5გაბრუნდი და უთხარი ხიზკიას, ჩემი ერის წინამძღოლს: ასე ამბობს-თქო უფალი, დავითის, მამაშენის ღმერთი: შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ. ზეგ წახვალ უფლის სახლში.
6კიდეც თხუთმეტ წელიწადს შევმატებ შენს დღეებს და აშურის მეფის ხელიდან დაგიხსნით შენ და ამ ქალაქს, დავიფარავ ამ ქალაქს ჩემი გულისთვის და დავითის, ჩემი მორჩილის გულისთვის.
7თქვა ესაიამ: მოიტანეთ ლეღვის ტყლაპი. მოიტანეს და წყლულზე დაადეს; და განიკურნა.
8უთხრა ხიზკიამ ესაიას: რა იქნება იმის სასწაულად, რომ განმკურნავს უფალი, რომ ზეგ უფლის სახლში წავალ?
9თქვა ესაიამ: ეს იყოს შენთვის სასწაულად უფლისგან, რომ აასრულებს უფალი თავის ნათქვამ სიტყვას. ათი საფეხურით წინ წავიდეს ჩრდილი თუ ათი საფეხურით დაბრუნდეს უკან?
10თქვა ხიზკიამ: ადვილია ჩრდილისთვის ათი საფეხურით წინსვლა; არა, უკან დაბრუნდეს ჩრდილი ათი საფეხურით!
11შესთხოვა უფალს ესაია წინასწარმეტყველმა და უკან დააბრუნა უფალმა ჩრდილი საფეხურებზე, რომლებზეც ჩამოდიოდა იგი, ახაზის საფეხურებზე, ათი საფეხურით.
12ამ დროს გამოუგზავნა მეროდაქ-ბალადან ბალადანის ძემ, ბაბილონის მეფემ, ხიზკიას წერილები და ძღვენი, რადგან გაგებული ჰქონდა, რომ ავად იყო ხიზკია.
13მიიღო ისინი ხიზკიამ და დაათვალიერებინა მთელი თავისი საგანძური: ოქრო-ვერცხლი, ნელსურნელებანი, რჩეული ზეთი, საჭურველის სახლი, ყველაფერი, რაც კი მის საუნჯეებში იპოვებოდა; ერთი ნივთიც არ დარჩენილა არც მის სახლში და არც მთელს მის სამფლობელოში, რომ არ ეჩვენებინოს მათთვის ხიზკიას.
14მივიდა ესაია წინასწარმეტყველი მეფე ხიზკიასთან და უთხრა: რა თქვეს ამ კაცებმა და საიდან მოვიდნენ შენთან? მიუგო ხიზკიამ: შორი ქვეყნიდან მოვიდნენ, ბაბილონიდან.
15თქვა: რა ნახეს შენს სახლში? მიუგო ხიზკიამ: ყველაფერი ნახეს, რაც სახლში მაქვს. არაფერი დარჩენილა ჩემს საუნჯეებში, რომ არ მეჩვენებინა მათთვის.
16უთხრა ესაიამ ხიზკიას: ისმინე უფლის სიტყვა:
17აჰა, დადგება დრო და ყველაფერს, რაც სახლში გაქვს, და რაც შენს მამა-პაპას დღემდე მოუხვეჭავს, ბაბილონში წაიღებენ. აღარაფერი დარჩება, ამბობს უფალი.
18წაასხამენ შენს შვილებსაც, რომელნიც შენგან გამოვლენ, რომელთაც შენ წარმოშობ; და საჭურისებად გახდიან ბაბილონის მეფის სასახლეში.
19უთხრა ხიზკიამ ესაიას: კარგია უფლის სიტყვა. შენ რომ წარმოთქვი. თქვა: იქნება ჩემს მეფობაში მშვიდობა და სიმტკიცე.
20ხიზკიას დანარჩენი საქმენი, ყველა მისი გმირობა, წყალსატევი რომ გააკეთა და ქალაქში წყალი გაიყვანა. იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი.
21განისვენა ხიზკიამ თავის მამა-პაპასთან. მის ნაცვლად მისი ძე, მენაშე გამეფდა.
Next