Eleos

Contents

თავი - 18

Previous
1ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის, მესამე წელს გამეფდა ხიზკია ახაზიას ძე, იუდას მეფე.
2ოცდახუთი წლისა იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელი იმეფა იერუსალიმში. დედამისი იყო აბი, ზაქარიას ასული.
3სწორად იქცეოდა იგი უფლის თვალში, როგორც დავითი, მამამისი იქცეოდა.
4მან გააუქმა გორაკები, დალეწა სვეტები, აჩეხა აშერა და დაამტვრია სპილენძის გველი, მოსეს გაკეთებული, რადგან იმ დრომდე საკმეველს უკმევდნენ მას ისრაელიანები და ნეხუშთანს უწოდებდნენ.
5უფალს, ისრაელის ღმერთს, ესავდა იგი; არც მანამდე ყოფილა მისი მსგავსი ისრაელის მეფეთა შორის და არც მის მერე იქნება.
6მიეწება იგი უფალს, არ განდგომია მას, და იცავდა მის ნაბრძანებს, მოსეს რომ უბრძანა უფალმა.
7უფალი იყო მასთან და, სადაც კი წავიდოდა, ყველგან გონივრულად იქცეოდა. განუდგა იგი აშურის მეფეს, აღარ დაემორჩილა.
8მან დაამარცხა ფილისტიმელები ღაზამდე და მისი მხარე საყარაულო გოდოლიდან ციხე-ქალაქამდე.
9მეფეს ხიზკიას მეოთხე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყ ელას ძის მეშვიდე წელს, წამოვიდა სამარიაზე აშურის მეფე შალმანასერი და ალყა შემოარტყა მას.
10სამი წლის ბოლოს აიღეს იგი. ხიზკიას მეექვსე წელს, ანუ ისრაელის მეფის, ჰოშეაყის მეცხრე წელს აღებული იქნა სამარია.
11გადაასახლა აშურის მეფემ ისრაელი აშურში და დაასახლა ხალახში და ხაბორზე, გოზანის მდინარეზე, და მიდიის ქალაქებში,
12იმის გამო, რომ არ ისმინეს უფლის, მათი ღვთის ხმა, დაარღვიეს მისი აღთქმა, ყველაფერი, რაც უბრძანა მათ მოსემ, უფლის მორჩილმა; არც ისმენდნენ და არც ასრულებდნენ.
13ხიზკიას მეთოთხმეტე წელს მიუხდა აშურის მეფე სანხერიბი იუდას ყველა ციხე-ქალაქს და ხელთ იგდო ისინი.
14შეუთვალა იუდას მეფემ, ხიზკიამ, აშურის მეფეს ლახიშში: დამნაშავე ვარ. გაბრუნდი ჩემგან. რასაც დამაკისრებ, ვიტვირთავ. დააკისრა აშურის მეფემ ხიზკიას, იუდას მეფეს, სამასი ქანქარი ვერცხლი და ოცდაათი ქანქარი ოქრო.
15გასცა ხიზკიამ მთელი ვერცხლი, რაც კი უფლის სახლში და მეფის სახლის საგანძურებში იპოვებოდა.
16მაშინ ჩამოფხიკა ხიზკიამ უფლის ტაძრის კარები და სვეტები, რომლებიც თავად ხიზკიას, იუდას მეფის, მოოქროვილი იყო, და მისცა აშურის მეფეს.
17გაგზავნა აშურის მეფემ ლაქიშიდან თართანი, რაბსარისი და რაბშაკე დიდძალი ჯარით მეფე ხიზკიასთან იერუსალიმში. წამოვიდნენ და მოვიდნენ იერუსალიმში; წამოვიდნენ, მოვიდნენ და დადგნენ ზემო ტბორის არხთან, მრეცხავთა მინდვრის გზაზე რომ არის.
18დაუძახეს მეფეს და გამოვიდნენ სასახლის მოურავი ელიაკიმ ხილკიაჰუს ძე, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე.
19უთხრა მათ რაბშაკემ: უთხარით ხიზკიას: ასე ამბობს-თქო დიდი მეფე, აშურის მეფე: რისი იმედი გაქვს, ასე რომ დაიმედებულხარ?
20ფუჭ სიტყვებს ლაპარაკობ. თათბირი და სიმამაცე უნდა ბრძოლას. შენ კი რისი იმედით განმიდექი?
21დანდობიხარ მაგ გადატეხილ ლერწამს - ეგვიპტეს, რომელიც, თუ კაცი დაეყრდნო, ხელში შეერჭობა და გაუხვრეტს. ასეთია ფარაონი, ეგვიპტის მეფე, ყველასათვის, ვისაც კი მისი იმედი აქვს.
22რომ მეუბნებით, უფლის, ჩვენი ღმერთის იმედი გვაქვსო, ეს ის ღმერთი ხომ არ არის, რომლის გორაკები და სამსხვერპლოები ხიზკიამ გააუქმა და უთხრა იუდას და იერუსალიმს: ამ სამსხვერპლოსთან ეცით თაყვანი იერუსალიმშიო?
23ახლა მოდი და დაუზავდი ჩემს ბატონს, აშურის მეფეს. ათას ცხენს მე მოგცემ, აბა, თუ მხედრებს იშოვი მათთვის.
24როგორ გააბრუნებ ერთ მოხელესაც კი ჩემი ბატონის უმცირეს მორჩილთაგან, როცა ეგვიპტის ეტლების და ცხენების იმედზე ხარ?
25მერედა, განა უფლის ნების გარეშე მოვადექი ამ ადგილს გასანადგურებლად? უფალმა მიბრძანა: მიუხდი მაგ ქვეყანას და გაანადგურე.
26მიუგეს ელიაკიმ ხილკიას ძემ, შებნამ და იოახმა რაბშაკეს: ელაპარაკე შენს მორჩილთ არამის ენაზე, რადგან გვესმის. იუდაურად ნუ გველაპარაკები ამ ხალხის გასაგონად, გალავანზე რომ არიან.
27უთხრა მათ რაბშაკემ: მხოლოდ შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამსხდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი შარდი.
28დადგა რაბშაკე და ხმამაღლა გაჰყვირა იუდაურად და თქვა: ისმინეთ სიტყვა, დიდი მეფისა, აშურის მეფისა.
29ასე ამბობს მეფე: არ შეგაცდინოთ ხიზკიამ, რადგან ვერ გიხსნით იგი ჩემი ხელიდან.
30ნუ გაიმედებთ ხიზკია, გვიხსნისო უფალი და არ ჩაუგდებსო ხელში ამ ქალაქს აშურის მეფეს.
31ნუ დაუჯერებთ ხიზკიას, რადგან ასე ამბობს აშურის მეფე: დამიზავდით და გადმოდით ჩემს მხარეზე, ჭამოს თითოეულმა თავისი ყურძენი და ლეღვი, და სვას თავისი ჭის წყალი.
32სანამ მოვიდოდე და წაგიყვანდეთ თქვენი ქვეყნისნაირ ქვეყანაში, პურისა და ღვინის ქვეყანაში, ყანებისა და ვენახების ქვეყანაში, ზეთისხილისა და თაფლის ქვეყანაში, იცოცხლებთ და არ დაიხოცებით. ნუ დაუჯერებთ ხიზაკიას, რადგან გაცთუნებთ, რომ გეუბნებათ, უფალი გვიხსნისო.
33როდის უხსნიათ ღმერთებს თავ-თავისი ქვეყნები აშურის მეფის ხელიდან?
34სად არიან ხამათისა და არფადის ღმერთები? სად არიან სეფარვაიმის, ჰენაყის და ღივას ღმერთები? თუ იხსნეს სამარია ჩემი ხელიდან?
35რომელმა ღმერთმა იხსნა ამ ქვეყნის ღმერთებს შორის თავისი ქვეყანა ჩემი ხელიდან, რომ უფალმა იხსნას იერუსალიმი ჩემი ხელიდან?
36დუმდა ხალხი და პასუხს არ აძლევდა, რადგან მეფისგან ჰქონდათ ნაბრძანები, არ გაეცათ პასუხი.
37მივიდნენ ელიაკიმ ხილკიას ძე, სასახლის მოურავი, შებნა მწერალი და იოახ ასაფის ძე, მემატიანე, ხიზკიაჰუსთან შემოხეული ტანისამოსით და მოახსენეს მეფეს რაბშაკეს სიტყვები.
Next