Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1იუდას მეფის, ახაზიას მეთორმეტე წელს გამეფდა ჰოშეაყ ელას ძე სამარიაში ისრაელზე და იმეფა ათი წელი.
2უკუღმართად იქცეოდა უფლის თვალში, თუმცა არც ისე, როგორც ისრაელის მეფეები, მასზე წინ რომ იყვნენ.
3მის წინააღმდეგ წამოვიდა შალმანესერი, აშურის მეფე, და შეიქნა ჰოშეაყი მისი მორჩილი და უხდიდა ხარკს.
4მიუხვდა აშურის მეფე ჰოშეაყს ღალატს, რადგან მოციქულებს უგზავნიდა იგი სოს, ეგვიპტის მეფეს, და აღარ უხდიდა აშურის მეფეს ხარკს ყოველწლიურად. დაატუსაღა იგი აშურის მეფემ და საპყრობილეში ჩასვა.
5მოადგა აშურის მეფე მთელს ქვეყანას, მოადგა საპარიას და სამ წელიწადს ალყაში ჰყავდა.
6ჰოშეაყის მეცხრე წელს აიღო აშურის მეფემ სამარია, აშურში გადაასახლა ისრაელი და ხალახში, ხაბორთან, გოზანის მდინარესთან, და მიდიელთა ქალაქებში დაასახლა.
7და როცა შესცოდეს ისრაელიანებმა უფალს, თავიანთ ღმერთს, რომელმაც გამოიყვანა ისინი ეგვიპტიდან და გამოიხსნა ფარაონის, ეგვიპტელთა მეფის ხელიდან, თაყვანი დაუწყეს უცხო ღმერთებს,
8აჰყვნენ იმ ხალხთა ჩვეულებებს, რომელნიც აჰყარა უფალმა ისრაელიანთაგან და ისრაელის მეფეთა ჩვეულებებს, როგორც ისინი იქცეოდნენ,
9იწყეს უჯეროდ ლაპარაკი ისრაელიანებმა უფალზე, თავიანთ ღმერთზე, გამართეს გორაკები ყველა ქალაქში საყარაულო გოდოლიდან მოყოლებული ციხე-ქალაქამდე,
10დაიდგეს ქანდაკებები და აშერები ყველა მაღალ ბორცვზე და ყოველი ხემხვივანის ქვეშ,
11საკმეველს აკმევდნენ იქ, ყოველ გორაკზე, იმ ხალხთა მსგავსად, რომელნიც აჰყარა მათგან უფალმა, ავ საქმეებს სჩადიოდნენ, რომ განერისხებინათ უფალი,
12ემსახურებოდნენ კერპებს, რაზეც ნაბრძანები ჰქონდა მათთვის უფალს: ნუ იზამთო ამ საქმეს,
13აფრთხილებდა უფალი ისრაელს და იუდას თავისი ყოველი წინასწარმეტყველისა და ყოველი მისნის პირით: მიატოვეთ თქვენი უკუღმართი გზა, დაიცავით ჩემი მცნებები და წესები იმ რჯულის მიხედვით, რომელიც შთავაგონე თქვენს მამა-პაპას და თქვენც შემოგითვალეთ ჩემს მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით.
14არ შეისმინეს და გაჯიუტდნენ მათი მამებივით, რომელთაც არ ირწმუნეს უფალი, თავიანთი ღმერთი.
15შეიძულეს მისი წესები და აღთქმა, უფალმა რომ დაუდო მათ მამა-პაპას, და გაფრთხილებები, რითაც აფრთხილებდა მათ; მიჰყვნენ ამაოებას და თავადაც ამაონი გახდნენ. წახედეს მეზობელ ხალხებს, ვისზედაც უბრძანა უფალმა, რომ არ მოქცეულიყვნენ მათ მსგავსად.
16დაივიწყეს უფლის, თავიანთი ღვთის მცნებები, ჩამოასხეს ორი ხბოს გამოსახულებები, გააკეთეს აშერა, თაყვანს სცემდნენ ცის ვარსკვლავებს და ბაალს ემსახურებოდნენ.
17ცეცხლში ატარებდნენ თავიანთ ვაჟებსა და ქალიშვილებს, მკითხაობდნენ, ჯადოქრობდნენ და აღარ ერიდებოდნენ უკუღმართობის ქმნას უფლის თვალში მის გასარისხებლად.
18მაშინ დიდად განურისხდა უფალი ისრაელს და თავიდან მოიშორა ისინი, მხოლოდ ერთი იუდას ტომიღა დარჩა.
19არც იუდა იცავდა უფლის, თავისი ღმერთის მცნებას და ისრაელიანთა წესებს მისდევდა, როგორც თავად ისინი იქცეოდნენ.
20შეიძულა უფალმა ისრაელის მთელი მოდგმა, მოტეხა იგი და მძარცველებს ჩაუგდო ხელში, ვიდრე საბოლოოდ არ მოიშორა თავიდან.
21როცა მოწყდა ისრაელი დავითის სახლს და გაამეფეს იერობოამ ნაბატის ძე, მაშინ ჩამოაშორა იერობოამმა ისრაელი უფალს და დიდად შეაცდინა.
22დადიოდნენ ისრაელიანები იერობოამის ცოდვებში, რომლებიც მას ჰქონდა ჩადენილი, და არ განრიდებიან მათ,
23ვიდრე არ განირიდა უფალმა ისრაელი, როგორც ნათქვამი ჰქონდა თავის მორჩილთა - წინასწარმეტყველთა პირით. გადასახლებულია ისრაელი თავისი მიწიდან აშურში დღემდე.
24წაიყვანა აშურის მეფემ ხალხი ბაბილონიდან, ქუთადან, ყავადან, ხამათიდან და სეფარვაიმიდან და ჩაასახლა სამარიის ქალაქებში ისრაელიანთა ნაცვლად. დაიმკვიდრეს მათ სამარია და ცხოვრობდნენ მის ქალაქებში.
25არად აგდებდნენ იქ ცხოვრების პირველ ხანებში უფალს და უსევდა მათ უფალი ლომებს, რომლებიც მუსრს ავლებდნენ მათ.
26უთხრეს აშურის მეფეს: ხალხებმა, რომელიც შენ აჰყარე და სამარიის ქალაქებში ჩაასახლე, არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება, ამიტომაც მიუსია მათ ლომები, რომლებიც მუსრს ავლებენ მათ, რადგან არ იციან იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.
27ბრძანება გასცა აშურის მეფემ: გაგზავნეთ იქ ვინმე მღვდელი იქიდან გადმოსახლებულთაგან. წავიდეს და იცხოვროს იქ და ასწავლოს მათ იმ ქვეყნის ღმერთის ჩვეულება.
28წავიდა ერთი მღვდელთაგანი, სამარიიდან გადასახლებული, და დაემკვიდრა ბეთელს და ასწავლიდა მათ უფლის მოწიწებას.
29თავ-თავისი ღმერთები გააკეთა თითოეულმა ხალხმა და დადგგს გორაკთა სახლში, სამარიელებს რომ ჰქონდათ მოწყობილი, თითოეულმა ხალხმა თავ-თავის ქალაქში, სადაც ცხოვრობდნენ.
30ბაბილონელებმა გააკეთეს სუქოთ-ბენოთი, ქუთელებმა გააკეთეს ნერგალი, ხამათელებმა გააკეთეს აშიმა,
31ყაველებმა გააკეთეს ნიბხაზი და თართაკი, ხოლო სეფარვიმელები ცეცხლში წვავდნენ თავიანთ შვილებს ადრამელექისა და ყანამელექისთვის, სეფარვიმელი ღმერთებისთვის.
32ეშინოდათ უფლისაც და გაიჩინეს გორაკთა მღვდლები, რომლებიც მათთვის მსახურობდნენ გორაკთა სახლებში.
33უფლისაც ეშინოდათ და თავიანთ ღმერთებსაც ემსახურებოდნენ, იმ ხალხთა ჩვეულებით, რომელთაგანაც გადმოასახლეს ისინი.
34დღევანდლამდე ძველი ჩვეულების თანახმად იქცევიან: უფლის არ ეშინიათ და არ მისდევენ იმ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებებს, უფალმა რომ დაუდგინა იაკობის შთამომავალთ, რომელთაც ისრაელი უწოდა სახელად,
35დაუდო აღთქმა და უანდერძა: ნუ ესავთ უცხო ღმერთებს, ნუ სცემთ თაყვანს, ნუ ემსახურებით და მსხვერპლს ნუ შესწირავთ.
36მარტოოდენ უფალს, რომელმაც დიდი ძალითა და მოღერებული მკლავით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან, ესავდეთ, თაყვანს სცემდეთ და მსხვერპლს სწირავდეთ.
37მუდამდღე იცავდეთ წესებს, სამართალს, რჯულსა და მცნებას, რაც უფალმა დაგიწესათ, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.
38ნუ დაივიწყებთ აღთქმას, მე რომ დაგიდევით, და უცხო ღმერთებს ნუ ესავთ.
39მხოლოდ უფალს, თქვენს ღმერთს, ესავდეთ და ის გიხსნით მტრების ხელიდან.
40მაგრამ არ ესმოდათ მათ და წინანდელ ჩვეულებას მისდევდნენ.
41ეს ხალხები უფალსაც ესავდნენ და კერპებსაც სცემდნენ თაყვანს. როგორც მამები იქცეოდნენ, დღემდე ასე იქცევიან მათი შვილები და მათი შვილთაშვილები.
Next