Eleos

Contents

თავი - 17

Previous
1მოვიდა ერთი ანგელოზი იმ შვიდთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი თასი, და მითხრა: მოდი და გიჩვენებ სამსჯავროს დიდი მეძავისას, რომელიც ზედ აზის მრავალ წყალს;
2რომელთანაც ისიძვეს ქვეყნიერების მეფეებმა და ქვეყნის ყოველი მკვიდრი დაითრო ღვინით მისი სიძვისა.
3და წამიყვანა უდაბნოში სულით, და ვიხილე ქალი, ზურგზე რომ აჯდა წითელ მხეცს, რომელსაც, გმობის სახელებით სავსეს, შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა.
4ხოლო ქალს ემოსა პორფირი და ძოწეული, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტებით შემკული, და ხელთ ეპყრა სიბილწითა და მისი სიძვის უწმინდურებით სავსე ოქროს ბარძიმი.
5და ეწერა შუბლზე საიდუმლო სახელი: დიდი ბაბილონი, მეძავთა და მიწიერ სიბილწეთა დედა.
6და ვიხილე, რომ მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და მიკვირდა, მის მხილველს, ესოდენ დიდი საკვირველება.
7მაშინ ანგელოზმა მითხრა: რად გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ქალისას და მისი მტვირთველი მხეცისას, რომელსაც აქვს შვიდი თავი და ათი რქა.
8მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, მაგრამ ამოვა უფსკრულიდან და წარსაწყმედლად წავა, და დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ჩაწერილი არ არის სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, განცვიფრდებიან, როდესაც იხილავენ მხეცს, რომელიც იყო და აღარ არის, მაგრამ კვლავ მოვა.
9აქ საჭიროა გონება, რომელსაც აქვს სიბრძნე: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომლებზედაც ზის ქალი, - და შვიდი მეფე,
10რომელთაგანაც ხუთი დაემხო, ერთი არის, სხვა კი ჯერაც არ მოსულა, მაგრამ როდესაც მოვა, დიდხანს ვერ გაძლებს.
11ხოლო მხეცი, რომელიც იყო და აღარ არის, მერვეა შვიდთაგან, და წარსაწყმედლად მიდის.
12ათი რქა, შენ რომ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ, როგროც მეფენი, მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, ერთი საათით.
13ერთი აზრი აქვთ და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მისცემენ მხეცს.
14ერთადვე შეებრძოლებიან კრავს, მაგრამ კრავი იმძლავრებს მათზე, რადგანაც ის არის უფლებათა უფალი და მეუფეთა მეუფე, ხოლო მასთან მყოფნი ხმობილნი, რჩეულნი და სარწმუნონი არიან.
15კვლავ მითხრა მე: წყალნი, რომელნიც იხილე, სადაც ზის დიდი მეძავი, ხალხები არიან და ბრბონი, ერები და ენანი.
16ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი მოიძულებენ, გაძარცვავენ და გააშიშვლებენ მეძავს, შეჭამენ მის ხორცს და ცეცხლს მისცემენ მას.
17რადგანაც ღმერთმა ჩაუდო გულში, აღასრულონ მისი ნება, ყონ ერთი ნება და მისცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღვთის სიტყვა.
18ხოლო ქალი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომლის მეუფებასაც ჰმორჩილებს ქვეყნის ყოველი მეფე.
Next