თავი - 18
Previous1იმ ხანებში ისრაელს მეფე არ ჰყავდა. იმ ხანებში დანის ტომი თავის წილხვდომილს დაეძებდა, რომ იქ დასახლებულიყო, რადგან ჯერაც არ ხვდომოდა წილი ისრაელის ტომთა შორის.
2ხუთი კაცი გაგზავნეს დანიანებმა თავიანთი ტომიდან, ცორელები და ეშთაოლელები, მაგარი ვაჟკაცები, რომ მხარე დაევლოთ და დაეზვერათ. უთხრეს, წადით და მხარე დაზვერეთო. მივიდნენ ეფრემის მთაში მიქას სახლთან და ღამე იქ გაითიეს.
3მიქას სახლთან ყოფნისას ეცნოთ ყმაწვილი ლევიანის ხმა, შევიდნენ და ჰკითხეს: აქ ვინ მოგიყვანა, არას აკეთებ, რა გინდა აქ?
4მიუგო: ასე და ასე მომირიგდა მიქა, დამიქირავა და მღვდლად დამიყენა.
5უთხრეს: ჰკითხე ღმერთს, გვინდა ვიცოდეთ, იღბლიანი იქნება თუ არა ჩვენი გზა, რომელსაც ვადგავართ?
6უთხრა მღვდელმა: მშვიდობით ივლით, უფალი გიფარავთ თქვენს გზაზე, რომელსაც ადგახართ.
7წავიდა ეს ხუთი კაცი, მივიდა ლაიშში და ნახა: ცხოვრობს იქ ხალხი უზრუნველად, ციდონელთა წესის მიხედვით, წყნარი და უზრუნველი, ქვეყანაზე არავინ აწუხებს, არავინ ებატონება, ციდონელებისგან მოწყვეტილია და არა ხალხთან არა აქვს საქმე.
8მობრუნდნენ მოძმეებთან, ცორასა და ეშთაოლში. ჰკითხეს მოძმეებმა: რა ამბავი მოგაქვთ?
9მიუგეს: ავდგეთ და გავილაშქროთ მათზე, რადგან ვნახეთ მათი მხარე და ძალიან კარგი იყო, თქვენ კი არაფერს ჰღონობთ. ნუღა დაბრკოლდებით, წადით და დაიმკვიდრეთ ის მხარე.
10მიხვალთ და უზრუნველ ხალხს წააწყდებით. გაშლილი მხარეა და ღმერთს თქვენთვის მოუცია იგი. ისეთი ადგილია, არაფერი რომ არ აკლია ქვეყანაზე.
11გაემართა იქიდან დანისტომელთა ერთი ნაწილი, ცორელები და ეშთაოლელები, საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცი.
12წავიდნენ და კირიათ-იეყარიმში, იუდაში, დაბანაკდნენ. ამიტომ ეძახიან დღემდე იმ ადგილს დანის ბანაკს. იგი კირიათ-იეყარიმის გადაღმაა.
13იქიდან ეფრემის მთაში ავიდნენ და მიქას სახლს მიადგნენ.
14იმ ხუთმა კაცმა, ლაიშის მხარე რომ დაზვერა, უთხრა თანამოძმეებს: თუ იცით, რომ ერთ-ერთში ამ სახლთაგან არის ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და ჩამოსხმული კერპი? ჰოდა, მოიფიქრეთ, როგორ მოვიქცეთ.
15გაუხვიეს იქით და შევიდნენ ყმაწვილი ლევიანის სახლში, მიქას სახლში, და მშვიდობით მოიკითხეს.
16ექვსასი კაცი დანისტომელი, საომრად შეჭურვილი, ჭიშკართან იდგა.
17ავიდა ის ხუთი კაცი, მხარე რომ დაზვერა, შევიდა შიგნით, აიღო ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. მღვდელი ჭიშკართან იდგა საომრად შეჭურვილი ექვსასი კაცის გვერდით.
18მიქას სახლში შევიდნენ ისინი და აიღეს ქანდაკი, ეფოდი, თერაფიმი და ჩამოსხმული კერპი. უთხრა მათ მღვდელმა: რას სჩადიხართ!
19მიუგეს: გაჩუმდი, პირზე ხელი აიფარე და წამოგვყევი, გაგვიხდი მამად და მღვდლად. რა გირჩევნია, ერთი კაცის მღვდლობა თუ ისრაელის ტომისა და მოდგმის მღვდლობა?
20გაუხარდა მღვდელს, აიღო ეფოდი, თერაფიმი, ქანდაკი და გაჰყვა იმ ხალხს.
21გაბრუნდნენ ისინი და გზას გაუდგნენ. ქალები და ბავშვები, საქონელი და ტვართი წინ გაუშვეს.
22გამოცილებული იყვნენ მიქას სახლს, რომ შეიყარნენ მიქას კარის მეზობლები და უკან გამოუდგნენ დანიანებს.
23მიჰყვიროდნენ დანიანებს. მოიხედეს დანიანებმა და უთხრეს მიქას: რა მოგივიდა, რა გაყვირებს?
24უთხრა: მომტაცეთ ჩემი გაკეთებული ღმერთები, ჩემი მღვდელი და წახვედით, სხვა რაღა უნდა მომხდარიყო? როგორღა მეუბნებით, რა მოგივიდაო?
25დანიანებმა უთხრეს: აღარ გავიგონოთ შენი ხმა, თორემ გამწარდება ზოგიერთი ჩვენგანი, გამოგენთებათ და დაღუპავ შენს თავსაც და შენიანებსაც.
26წავიდნენ დანიანები თავიანთი გზით. დაინახა მიქამ, რომ მასზე ძლიერები იყვნენ ისინი, გატრიალდა და შინ დაბრუნდა.
27წაიღეს მიქას ნაკეთობანი და მისი მღვდელიც თან წაიყვანეს. დაეცნენ ლაიშში წყნარ და უზრუნველ ხალხს, მახვილით მოსრეს და ცეცხლს მისცეს ქალაქი.
28არავინ აღმოჩნდა მისი მშველელი, რადგან ციდონისგან შორს იყო და არა ხალხთან არ ჰქონდა საქმე. ეს ქალაქი ვაკეზე მდებარეობდა ბეთ-რეხობის ახლოს. ხელახლა ააშენეს ქალაქი, დასახლდნენ მასში.
29თავიანთი მამის, დანის, ისრაელის ძის, სახელობაზე უწოდეს დანი, მანამდე კი ქალაქს ლაიში ერქვა.
30დაიდგეს ქანდაკი დანიანებმა. იმ მხარის გადასახლებამდე დანისტომელთა მღვდლები იყვნენ იონათანი, ძე გერშომისა, მენაშეს ძისა, თავად იგი და მისი შთამომავლები.
31ედგათ მიქას გაკეთებული ქანდაკი მთელი ის ხანი, სანამ ღვთის სახლი სილოამში იყო.
Next