Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1პავლე, მოციქული ქრისტე იესოსი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და ჩვენი სასოების ქრისტე იესოს ბრძანებით, -
2ტიმოთეს, ჭეშმარიტ შვილს რწმენაში: მადლი, წყალობა და მშვიდობა მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსაგან.
3მაკედონიაში წასვლისას მე გთხოვე ეფესოში დარჩენილიყავი, რათა გემცნო ზოგიერთისთვის, რომ ნუ ასწავლიან სხვა რამეს,
4და ნუ გადაჰყვებიან არაკებსა თუ გვარტომობის დაუსრულებელ ამბებს, რომლებიც უფრო მეტ დავას იწვევენ, ვიდრე ღვთის შეგონებას რწმენით.
5ხოლო მცნების მიზანია სიყვარული წმიდა გულით, წრფელი სინიდისითა და უპირფერო რწმენით,
6რასაც ზოგიერთი დაშორდა და ფუჭ მოლაყბედ იქცა.
7რჯულისმოძღვრობა სწადიათ, მაგრამ არც ის ესმით, რასაც ამბობენ, და არც ის, რასაც ამტკიცებენ.
8ხოლო ჩვენ ვიცით, რომ რჯული კეთილია, თუკი ვინმე რჯულიერად მოიხმარს მას.
9რადგანაც გვესმის, რომ რჯული მართლისთვის კი არაა დადგენილი, არამედ ურჯულოთა და ურჩთა, უღმერთოთა და ცოდვილთა, მკრეხელთა და ბილწთა, დედ-მამის მკვლელთა და კაცისმკვლელთათვის,
10მეძავთა, მამათმავალთა, კაცის გამყიდველთა, ცრუთა, ფიცის გამტეხთა და ყველა სხვათათვის, თავიანთი ქცევით რომ ეწინააღმდეგებიან საღ მოძღვრებას,
11თანახმად ნეტარი ღვთის დიდებული სახარებისა, რომელიც მე მაქვს მონდობილი.
12მადლიერი ვარ მისი, ვინც მომცა ძალა, - ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, სარწმუნოდ რომ შემრაცხა და მსახურად დამადგინა,
13მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყაღებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.
14ხოლო ჩვენი უფლის მადლმა უფრო მეტად იმრავლა რწმენითა და სიყვარულით ქრისტე იესოში.
15სარწმუნოა და ყოველგვარი შეწყნარების ღირსია სიტყვა, რომ ქრისტე იესო მოვიდა ქვეყნად, რათა ეხსნა ცოდვილნი, რომელთა შორისაც პირველი მე ვარ.
16მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
17ხოლო საუკუნეთა მეუფეს, უხრწნელს, უხილავსა და ერთადერთ ღმერთს - პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
18ამ მცნებას შენ განდობ. შვილო ტიმოთე, შენთვის მოვლენილი წინასწარმეტყველების თანახმად, რათა იომო კეთილი ომით,
19გქონდეს რწმენა და წრფელი სინიდისი, რაც უარყო ზოგიერთმა და მარცხი იწვნია რწმენაში, როგორც ხომალდმა - ზღვაში.
20მათ შორის ჰიმენეოსმა და აღექსანდრემ, რომელნიც გადავეცი სატანას, რათა თავი ანებონ გმობას.
Next