Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1ჩაიკეტა იერიხონი და ჩაკეტილი იყო ისრაელიანთათვის, ვერვინ გამოდიოდა იქიდან და ვერვინ შედიოდა იქ.
2უთხრა უფალმა იესოს: დამაცადე, ხელში ჩაგაგდებინებ იერიხონს, მის მეფეს და მებრძოლებს.
3ირგვლივ შემოუარეთ ქალაქს ყველამ, ვისაც ბრძოლა შეუძლია. ერთხელ დაარტყით წრე. ასე აკეთეთ ექვსი დღის მანძილზე.
4შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს და მღვდლებმა სცენ ბუკებს.
5როცა ჩაჰბერავენ ვერძის რქას და გაისმება ბუკის ხმა, დასცეს დიდი ყიჟინა მთელმა ერმა და იქვე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ავა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით.
6დაიბარა იესო ნავეს ძემ მღვდლები და უთხრა მათ: წაიღეთ აღთქმის კიდობანი, შვიდმა მღვდელმა კი ვერძის რქის შვიდი ბუკით ხელში იაროს კიდობნის წინ.
7უთხრა ერს: წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს, იარაღდასხმულებმა უფლის კიდობნის წინ იარონ.
8როგორც კი ეს უთხრა ერს იესომ, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი. უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.
9იარაღასხმულნი წინ უძღოდნენ მღვდლებს, რომელნიც ბუკებს აყვირებდნენ, ხოლო უკანანი მისდევდნენ კიდობანს და გზადაგზა ბუკებს აყვირებდნენ.
10ხალხს ასე უბრძანა იესომ: ნუ დასცემთ ყიჟინას და ხმას ნუ გაიღებთ, სიტყვა არ დაგცდეთ ბაგიდან იმ დღემდე, ვიდრე არ გეტყვით, დაეცით-მეთქი ყიჟინა და თქვენც დასცემთ ყიჟინას.
11შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე, დაბრუნდა ბანაკში და ბანაკში დაიღამა.
12ადგა დილაადრიანად იესო და წაიღეს მღვდლებმა უფლის კიდობანი.
13შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ უფლის კიდობნის წინ ვერძის რქის შვიდი ბუკი, გზადაგზა აყვირებდა ბუკს; იარაღასხმულნი წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უფლის კიდობანს მიჰყვებოდნენ და გზადაგზა აყვირებდნენ ბუკს.
14მეორე დღესაც ერთგზის შემოუარეს ქალაქს და დაბრუნდნენ ბანაკში. ასე აკეთებდნენ ექვს დღეს.
15მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და იმავე წესით შვიდგზის შემოუარეს ქალაქს; მხოლოდ ამ დღეს შემოუარეს შვიდჯერ ქალაქს.
16მეშვიდე ჯერზე, როცა ეკი დააყვირეს მღვდლებმა, უბრძანა იესომ ხალხს: დაეცით ყიჟინა, რადგან ხელში ჩაგიგდოთ უფალმა ქალაქი.
17უფლისათვის უნდა იქნას დარისხებული ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია; მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთან ერთად არის მის სახლში, უნდა გადარჩნენ, რადგან ჩვენი მიგზავნილი მსტოვრები დამალა.
18ოღონდ თქვენ ერიდეთ დარისხებულს, რომ თავადაც არ გახდეთ დარისხებული. არაფერი აიღოთ დარისხებულიდან, რომ შეჩვენებას არ მისცეთ ისრაელის ბანაკი და უბედურება არ დაატეხოთ თავზე.
19მთელი ოქრო-ვერცხლი, სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სიწმიდე უნდა იყოს, უფლის საგანძურში უნდა შევიდეს.
20ახმაურდა ხალხი და დააყვირეს ბუკებიც. როგორც კი ხალხს ბუკის ხმა მოესმა, დასცა ხალხმა დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები. ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი გზით, და აიღეს ქალაქი.
21გაანადგურეს ქალაქში ყველაფერი, რაც დასარისხებელი იყო: კაცი თუ ქალი, ყმაწვილი თუ მოხუცებული, ცხვარ-ძროხა თუ სახედარი.
22იმ ორ კაცს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასულნი, უთხრა იესომ: მიდით მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის ქალი და მისი ყველა შინაური, როგორც დაჰპირდით.
23წავიდნენ მსტოვარი ბიჭები და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი და დედამისი, მისი ძმები, ყველა, ვინც კი ჰყავდა, გამოიყვანეს მთელი მისი სანათესაო და ისრაელის ბანაკს გარეთ დააყენეს.
24ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ოქრო-ვერცხლი და სპილენძისა და რკინის ჭურჭელი უფლის სახლის საგანძურისათვის გადადეს.
25მეძავი რახაბი, მამამისის სახლი და ყველა, ვინც კი მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ. დარჩა ქალი ისრაელში დღევანდლამდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხონის დასაზვერად.
26მაშინ დაიფიცა იესომ: წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააშენებს ამ ქალაქს, იერიხონს. თავის პირმშოზე დააფუძნებს მას და თავის უმცროსზე დადგამს მის კარიბჭეს.
27უფალი იყო იესოსთან და განითქვა მისი სახელი მთელს ქვეყანაში.
Next