Eleos

Contents

თავი - 5

Previous
1ხოლო დროთა და ჟამთათვის, ძმანო, არ გჭირდებათ რამეს მოწერა.
2რადგან თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით, რომ დღე უფლისა მოვა, როგორც მპარავი ღამით.
3ვინაიდან როცა იტყვიან: მშვიდობა და უშიშობაო, სწორედ მაშინ დაატყდებათ თავზე სიკვდილი, როგორც ტკივილი - მშობიარეს, და ვერ წაუვლენ.
4მაგრამ თქვენ, ძმანო, ბნელში როდი ხართ, რომ მპარავივით გეწიოთ დღე.
5რადგან ყველანი ნათლის ძენი ხართ და ძენი დღისა; არა ვართ ღამის, და არც ბნელისა.
6მაშ, სხვებივით ნუკი მივეცემით ძილს, არამედ ვიფხიზლოთ და ვიღვიძოთ.
7ვინაიდან მძინარენი ღამით ხვრინავენ და მემთვრალენიც ღამით თვრებიან.
8ხოლო ჩვენ, რაკი დღის ძენი ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ აბჯარი რწმენისა და სიყვარულისა და ჩაფხუტი ხსნის სასოებისა.
9რადგანაც ღმერთმა რისხვისთვის კი არ შეგვქმნა, არამედ ხსნისთვის ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ,
10რომელიც მოკვდა ჩვენთვის, რათა, მღვიძარენი თუ მძინარენი, ვცოცხლობდეთ მასთან ერთად.
11ამიტომაც ნუგეში ეცით და შეაგონეთ ერთიმეორეს, როგორც იქცევით კიდეც.
12გევედრებით, ძმანო, სცანით მაშვრალნი თქვენს შორის, თქვენი წინამძღვარნი უფალში და თქვენი მოძღვარნი;
13გამორჩევით გიყვარდეთ ისინი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთს შორის.
14ამასაც გევედრებით, ძმანო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარში ამოუდექით უმწეოთ და დიდსულოვანნი იყავით ყველას მიმართ.
15თვალი ფხიზლად გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ არავინ მიაგოს ვინმეს ბოროტი, არამედ ყოველთვის ეძებდეთ სიკეთეს როგორც ერთურთის, ისე ყველას მიმართ.
16მარადის ხარობდეთ.
17გამუდმებით ილოცეთ.
18მადლიერნი იყავით ყველაფრისათვის, რადგანაც ესაა თქვენს მიმართ ნება ღვთისა ქრისტე იესოში.
19ნუ დაშრეტთ სულს.
20წინასწარმეტყველებას ნუ შეურაცხყოფთ.
21ყველაფერი გამოსცადეთ; მიენდეთ კეთილს.
22განერიდეთ ყოველგვარ ბოროტს.
23თვით მშვიდობის ღმერთმა წვიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
24სარწმუნოა თქვენი მხმობელი, რომელიც აღასრულებს ამას.
25ძმანო, ილოცეთ ჩვენთვის.
26მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
27გაფიცებთ უფალს, ყველა ძმას წაუკითხეთ ეს წერილი.
28მადლი ჩვენი უფლის იესო ქრისტესი თქვენთან. ამინ.
Next