თავი - 3
Previous1თუკი ქრისტესთან ერთად აღდექით, ზეცისას ეძიებდეთ, სადაც ქრისტე ზის ღვთის მარჯვნივ.
2ზეცისას ფიქრობდეთ და არა მიწისას.
3რადგანაც მოკვდით და თქვენი სიცოცხლე ქრისტესთან ერთად დაიფარა ღმერთში.
4როდესაც გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მასთან ერთად თქვენც გამოჩნდებით დიდებით.
5მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასონი: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რომელიც არის კერპთმსახურება.
6მათ გამო მოიწევა ღვთის რისხვა ურჩობის ძეთა თავზე,
7რომელთა შორისაც იყავით თქვენც, როცა მათთან ერთად ცხოვრობდით.
8ახლა კი განიშორეთ ყველაფერი: რისხვა, გულისწყრომა, ბოროტება, გმობა და უგვანი სიტყვა თქვენს ბაგეთაგან.
9ნუ ეცრუებით ერთმანეთს, რაკიღა უკვე შემოიძარცვეთ ძველი კაცი მისი ყოველი საქმითურთ,
10და შეიმოსეთ ახალი, რომელიც განახლდება შემეცნებით მისი შემოქმედის ხატად,
11სადაც არ არის ბერძენი და იუდეველი, წინადაცვეთილობა თუ წინადაუცვეთელობა, ბარბაროსი, სკვითი, მონა თუ თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყველაფერი და ყველაფერში.
12მაშ, ღვთის რჩეულთა, წმიდათა და საყვარელთა დარად, შეიმოსეთ გულმოწყალება, სიტკბოება შემწყნარებლობა, სიმდაბლე, სიმშვიდე, დიდსულოვნება.
13შემწყნარენი და მიმტევებელნი იყავით ერთურთის მიმართ: თუკი ვინმეს რაიმე სადავო აქვს ვინმესთან, როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ ერთმანეთს.
14ყოველივე ამას კი თან ახლდეს სიყვარული, რომელიც არის საკვრელი სრულქმნილებისა.
15დაე, სუფევდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რის მიმართაც ერთ სხეულად ხართ ხმობილნი; და მადლიერნი იყავით.
16დაე, ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდროს თქვენში; ფსალმუნებით, საგალობლებითა და სულიერი შესხმით ასწავლეთ და შეაგონეთ ერთმანეთს; მადლიერებით უგალობეთ უფალს თქვენს გულებში.
17ყველაფერი, რასაც სიტყვით თუ საქმით ასრულებთ, აღასრულეთ უფალ იესოს სახელით, რათა მის მიერ ჰმადლობდეთ ღმერთსა და მამას.
18ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.
19ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით მკაცრნი მათ მიმართ.
20შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, რადგანაც ეს ეამება უფალს.
21მამებო, ნუ აღაშფოთებთ თქვენს შვილებს, რათა სულით არ დაეცნენ.
22მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთისმოშიშებით.
23ყველაფერი, რასაც აკეთებთ, გულით აკეთეთ, როგორც ღვთისათვის და არა კაცთათვის.
24იცოდეთ, რომ უფლისგან საზღაურად მიიღებთ მემკვიდრეობას, ვინაიდან უფალ იესოს ემსახურებით.
25უსამართლოს კი მიეგება იმის მიხედვით, რაც უსამართლოდ მოიმოქმედა, რადგანაც უფლისთვის უცხოა მიკერძოება.
Next