თავი - 11
Previous1რა იქნება, ცოტათი მაინც რომ იტანდეთ ჩემს უგუნურებას?! მაგრამ ამიტანეთ.
2რადგანაც საღვთო შურით მშურს თქვენთვის, ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე.
3მაგრამ ვშიშობ, როგორც გველმა თავისი ზაკვით აცთუნა ევა, ვაითუ თქვენი გონებაც ასევე შეირყვნას და განეშოროს ქრისტესმიერ სიწმიდეს.
4რადგანაც თუ მოვიდა ვინმე, რათა გიქადაგოთ სხვა ქრისტე, რომელიც ჩვენ არ გვიქადაგია, ან მიგაღებინოთ სხვა სული, რომელიც არ მიგიღიათ, ან კიდევ - სხვა სახარება, რომელიც არ გხარებიათ, - დიახაც შეიწყნარებთ მას.
5მაგრამ, ვფიქრობ, არაფრითა ვარ ესოდენ მაღალ მოციქულებზე ნაკლები.
6მართალია, უბირი ვარ სიტყვით, მაგრამ არა ცოდნით; თუმცა აკი მშვენივრად მიცნობთ.
7ნუთუ შევცოდე, რომ თავი დავიმდაბლე, რათა ამემაღლებინეთ, რაკიღა უსასყიდლოდ გახარებდით ღვთის სახარებას?
8სხვა ეკლესიებს ვაკლებდი და სანოვაგეს ვიღებდი მათგან, რომ თქვენ მოგმსახურებოდით; ხოლო თქვენს შორის ყოფნისას, თუმცა მიჭირდა, არავისთვის შემიწყენია თავი.
9რადგანაც ჩემი ნაკლულება შეავსეს მაკედონიიდან მოსულმა ძმებმა; თუმცა, სხვა მხრივაც, ისე გამქონდა თავი, რომ არ შემიწუხებიხართ, და კვლავ გავიტან.
10ქრისტეს ჭეშმარიტება ნუ მომეშალოს, რომ ამ სიქადულს ვერვინ წამართმევს აქაიის ვერცერთ მხარეში.
11რატომ? იმიტომ, რომ არ მიყვარხართ? ღმერთმა ხომ იცის!
12მაგრამ რასაც ახლა ვაკეთებ, იმასვე გავაკეთებ, რათა საბაბი არ მივცე საბაბის მძებნელთ, და ამრიგად, რითაც იქადიან, იმითაც ჩვენი მსგავსნი აღმოჩნდნენ.
13რადგანაც ასეთნი არიან ცრუმოციქულნი, ზაკვის მოქმედნი, ქრისტეს მოციქულებად გარდასახულნი.
14თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს.
15ჰოდა, რა დიდი საქმეა, რომ მისი მსახურნიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ? მაგრამ მათივე საქმისამებრ იქნება მათი აღსასრულიც.
16კვლავაც ვიტყვი: ნურავინ მიმიჩნევს უგუნურად, თუ არა და, ისე მაინც მიმიღეთ, როგორც უგუნური, რათა ცოტა რამ მეც მქონდეს სასიქადულო.
17რასაც ვამბობ, ამნაირად რომ ვიქადი, უფლის მიხედვით როდი ვამბობ, არამედ უგუნურებით.
18რაკიღა ბევრი იქადის ხორციელად, მეც შემიძლია ვიქადოდე.
19რადგანაც თქვენ, გონიერნი, მშვენივრად იტანთ უგუნურთ.
20იტანთ, როცა ვინმე გიმონებთ, როცა ვინმე გჭამთ, როცა ვინმე გყვლეფთ, როცა ვინმე ქედმაღლობს ან გირტყამთ სახეში.
21სირცხვილით ვამბობ, თითქოსდა ჩვენც დავუძლურდით; მაგრამ თუ ვინმე ბედავს დაიქადოს, უგუნურებით ვიტყვი: მეც ვბედავ.
22ებრაელები არიან? მეც; ისრაელიტები არიან? მეც; აბრაამის თესლი არიან? მეც;
23ქრისტეს მსახურნი არიან? უგუნურებით ვიტყვი: მე - უმტესად; შრომით - უმეტესად, გვემით - უმეტესად, დილეგში გდებით უმრავლესად, სიკვდილის მუქარით - უხშირესად.
24იუდეველთაგან ხუთგზის ვიწვნიე ორმოცი დარტყმა, ერთის დაკლებით.
25სამჯერ გამჯოხეს, ერთხელ ჩამქოლეს, სამჯერ გემი დამემსხვრა, დღე და ღამე უფსკრულში დავყავი.
26ერთავად გზებზე ვიყავი გაკრული, განსაცდელი მდინარეებზე, განსაცდელი ყაჩაღთაგან, განსაცდელი თვისტომთაგან, განსაცდელი წარმართთაგან, განსაცდელი ქალაქში, განსაცდელი უდაბნოში, განსაცდელი ზღვაზე, განსაცდელი ცრუ ძმათა შორის.
27შრომით და რუდუნებით, ხშირი ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით.
28გარდა ამისა, ჩემი ყოველდღიური საფიქრალი - ზრუნვა ყველა ეკლესიაზე.
29ვინ უნდა დაუძლურდეს, რომ მასთან ერთად არ დავუძლურდე? ვინ უნდა დაეცეს, რომ ცეცხლი არ შემომენთოს?
30თუ საჭიროა სიქადული, შემიძლია ჩემი უძლურებით დავიქადო.
31ღმერთმა და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მამამ, რომელიც კურთხეულია უკუნითი უკუნისამდე, იცის, რომ არ ვცრუობ.
32დამასკოში არეტა მეფის მთავარს მეთვალყურენი ჩაეყენებინა მთელ ქალაქში, რადგანაც ჩემი შეპყრობა სურდა.
33მაგრამ სარკმლიდან გოდრით ჩამომიშვეს გალავნის ჩასწვრივ, და ამრიგად დავუსხლტი მას.
Next