თავი - 1
Previous1პავლე, ღვთის ნებით მოციქული იესო ქრისტესი, და ძმა ტიმოთე - ღვთის ეკლესიას, რომელიც არის კორინთოში, მთელს აქაიაში მყოფ ყველა წმიდასთან ერთად:
2მადლი თქვენდა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესაგან.
3კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი, მამა მოწყალებისა და ღმერთი ყოველგვარი ნუგეშისა,
4ყოველნაირ გასაჭირში რომ გვანუგეშებს, რათა ჩვენც შეგვეძლოს ვანუგეშოთ ყოველი გაჭირვებული იმ ნუგეშით, რომლითაც გვანუგეშებს ღმერთი.
5ვინაიდან როგორც ქრისტეს ვნებანი მრავლდებიან ჩვენში, მრავლდება ქრისტეს მიერ ჩვენი ნუგეშიც.
6რადგან, თუ გვიჭირს, თქვენი ნუგეშისა და ხსნისათვის გვიჭირს, ხოლო თუ ვინუგეშებით, ისევ თქვენივე ნუგეშისათვის, რათა შეგაძლებინოთ იმავე ტანჯვის ატანა, რასაც ჩვენ ვიტანთ.
7მტკიცეა ჩვენი იმედი თქვენს მიმართ, რადგანაც ვიცით, რომ არა მარტო ჩვენი ტანჯვის თანამოზიარენი ხართ, არამედ ნუგეშისაც.
8ამიტომ გვინდა იცოდეთ, ძმანო, რა საშინლად გაგვიჭირდა ასიაში, ისე, რომ ლამის სიცოცხლეც კი აუტანელი გაგვიხდა.
9მაგრამ თვითონვე გამოვუტანეთ ჩვენს თავს სასიკვდილო განაჩენი, რათა ჩვენი თავის იმედი კი აღარ გვქონდა, არამედ ღვთისა, რომელიც აღადგენს მკვდრებს;
10სწორედ მან გვიხსნა ამნაირი სიკვდილისაგან, ახლაც გვიხსნის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ დაგვიხსნის;
11რაშიაც თქვენც შეგვეწევით თქვენი ლოცვებით, რათა ამდენი ხალხის მეოხებით მიღებული მადლისათვის მრავალმა მოგვაგოს მადლი.
12რადგანაც ჩვენი სიქადული ისაა, რასაც გვიმოწმებს ჩვენი სინიდისი, რომ სიწრფელითა და საღმრთო სიწმიდით, ხორციელი სიბრძნით კი არა, არამედ ღვთის მადლით ვცხოვრობდით ამ ქვეყნად, მით უმეტეს, თქვენს შორის.
13სხვა რამეს კი არა გწერთ, არამედ იმას, რასაც კითხულობთ ან იმეცნებთ და, იმედი მაქვს, ბოლომდე შეიმეცნებთ.
14ისევე, როგორც ნაწილობრივ უკვე შეიცნეთ, რომ ჩვენ თქვენი სიქადული ვართ, ხოლო თქვენ - ჩვენი, უფალ იესოს დღეს.
15ამაში დარწმუნებული ჯერ თქვენთან ვაპირებდი მოსვლას, რათა მეორედაც მიგეღოთ მადლი;
16თქვენგან კი მაკედონიაში წავსულიყავი, ხოლო მაკედონიიდან კვლავ გწვეოდით, რათა იუდეაში გაგეცილებინეთ.
17ამის მოსურნე ცოტა ხომ არ ავმჩატდი? ან, იქნებ, რასაც ვფიქრობ, ხორციელად ვფიქრობ, რათა ერთდროულად მქონდეს „ჰო-ჰოც“ და „არა-არაც“?
18მაგრამ ღმერთია მოწმე, რომ ჩვენი სიტყვა თქვენს მიმართ არ ყოფილა ხან „ჰო“ და ხან „არა“.
19რადგანაც ძე ღვთისა, იესო ქრისტე, რომელსაც თქვენს შორის ვქადაგებდით მე, სილვანუსი და ტიმოთე, არ ყოფილა „ჰოც“ და „არაც“, არამედ მხოლოდ „ჰო“ იყო მასში.
20ვინაიდან ღმერთის ყოველი აღთქმა „ჰოა“ მასში და „ამინია“ მასში, ღვთის სადიდებლად ჩვენს მიერ.
21ხოლო ვინც თქვენთან ერთად განგვამტკიცა ქრისტეში და ცხებულნი გვყო, ეს არის ღმერთი,
22რომელმაც ასევე აღვგბეჭდა და მოგვცა წინდი სულისა ჩვენს გულებში.
23და მე ღმერთს ვუხმობ ჩემი სულის მოწმედ, რომ გინდობდით და ამიტომ დღემდე არ მოვსულვარ კორინთოში;
24იმიტომ კი არა, რომ თქვენს რწმენაზე ვიუფლოთ, არამედ იმიტომ, რომ ხელს ვუწყობთ თქვენს სიხარულს, რადგანაც რწმენითა დგახართ.
Next