Eleos

Contents

თავი - 4

Previous
1ამრიგად, ჩვენ უნდა შეგვრაცხოს კაცმა, როგორც ქრისტეს მსახურნი და ღვთის საიდუმლოთა მნენი.
2მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თვითეული მათგანი სანდო იყოს.
3პირადად ჩემთვის სულერთია, თქვენ განმსჯით თუ კაცთა მსჯავრნი. მე თვითონაც არ განვსჯი ჩემს თავს.
4რადგანაც არაფერი მაქვს სინიდისის საქენჯნი, მაგრამ ამით როდი ვიმართლებ თავს, რადგანაც უფალია ჩემი განმკითხველი.
5ამიტომ ნუ განსჯით უდროოდ, ვიდრე არ მოვა უფალი, ნათელს რომ მოჰფენს ბნელში დაფარულს და გაამჟღავნებს გულის ზრახვებს; მაშინ თვითეულს მიეგება ქება ღვთის მიერ.
6ხოლო ეს ჩემზე და აპოლოსზე მოგახსენეთ, ძმანო, რათა ნიმუშად გვიგულოთ და ისწავლოთ ჩვენგან, რომ ზღვარს არ გადასცდეთ და ქედმაღლობით აღძრულნი ერთმანეთს არ აეშალოთ.
7რადგანაც ვინ განგასხვავებს? რა გაქვს ისეთი, რაც არ მიგიღია? ხოლო თუ მიიღე, რაღას იქადი, თითქოს არ მიგეღოს?
8აწ უკვე გამძღარხართ, გამდიდრებულხართ და უჩვენოდ სუფევთ. ნეტა მართლა გქონდეთ სუფევა, რომ ჩვენც თქვენთან ერთად ვსუფევდეთ.
9რადგანაც ვფიქრობ, რომ ჩვენ, მოციქულნი, ღმერთმა სულ ბოლოს გამოგვიყვანა, როგორც სიკვდილმისჯილნი, ქვეყნიერების, ანგელოზთა და კაცთა სასეიროდ.
10ჩვენ - შლეგნი ქრისტეს გულისთვის, ხოლო თქვენ - ბრძენნი ქრისტეში; ჩვენ - უძლურნი, თქვენ კი - ძლიერნი; თქვენ - დიდებულნი, ჩვენ კი - გინებულნი,
11თვით დღემდე რომ ვითმენთ შიმშილს და წყურვილს, სიშიშვლეს, გვემასა და მიუსაფრობას.
12ვწვალობთ და საკუთარი ხელით ვმუშაობთ; გვაგინებენ და ვლოცავთ; გვდევნიან და ვითმენთ.
13გვაყივნებენ და ვანუგეშებთ; თითქოს ნაგავი ვართ ქვეყნისა, ყველას მიერ ნაქელი მტვერი.
14თქვენდა სარცხვენად როდი გწერთ ამას, არამედ როგორც ჩემი საყვარელი შვილების შესაგონებლად.
15შეიძლება მრავალი მზრდელი გყავდეთ ქრისტეში, მაგრამ არა მრავალი მამა; რადგანაც ქრისტე იესოში სახარებით მე გშობეთ თქვენ.
16ამიტომაც შეგაგონებთ, რომ მე მომბაძოთ.
17სწორედ ამიტომ გამოგიგზავნეთ ტიმოთე, ჩემი საყვარელი და სარწმუნო შვილი უფალში, რათა გაგახსენოთ ჩემი გზები ქრისტე იესოს მიერ, თუ როგორ ვასწავლი ყველგან, ყველა ეკლესიაში.
18ზოგიერთს ისე გაუვიდა თავს, თითქოს არც ვაპირებდე თქვენთან მოსვლას.
19მაგრამ, თუ ღმერთმა ინება, მალე მოვალ და გამოვცდი თავგასულთა სიტყვას კი არა, არამედ ძალას.
20რადგანაც ღვთის სასუფეველი სიტყვით კი არ არის, არამედ ძალით.
21რა გსურთ? კვერთხით მოვიდე თქვენთან თუ სიყვარულითა და თვინიერების სულით?
Next