Eleos

Contents

თავი - 15

Previous
1თქვენ კი გაუწყებთ, ძმანო, სახარებას, რომელიც მიიღეთ ჩემი ხარებით და რომელშიც დგახართ.
2მისითვე ცხონდებით, თუკი ისე ინახავთ სიტყვას, როგორც გახარეთ, და თუ ამაოდ არ ირწმუნეთ.
3რადგანაც თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე, წერილის მიხედვით, ჩვენი ცოდვებისათვის მოკვდა,
4დაკრძალულ იქნა და, წერილისავე მიხედვით, მესამე დღეს აღდგა,
5და გამოეცხადა კეფას, მერე კი - თორმეტს;
6ხოლო შემდეგ ერთდროულად ეჩვენა ხუთასზე მეტ ძმას რომელთა უმრავლესობა დღესაც ცოცხალია, ზოგმა კი განისვენა;
7მერე ეჩვენა იაკობს, შემდეგ კი - ყველა მოციქულს;
8ხოლო ყველაზე ბოლოს მეც მეჩვენა, როგორც უდღეურს.
9რადგანაც უმცირესი ვარ მოციქულთა შორის და არა ვარ მოციქულად წოდების ღირსი, ვინაიდან ვსდევნიდი ღვთის ეკლესიას.
10მაგრამ ღვთის მადლით, ისა ვარ, რაცა ვარ, და მისი მადლი ჩემდამი არ ყოფილა ფუჭი, რადგანაც ყველა მათგანზე მეტი ვიღვაწე, თუმცა მე კი არა, არამედ ღვთის მადლმა, რომელიც არის ჩემთან.
11ამრიგად, მეც და ისინიც ასე ვქადაგებთ და ასევე ირწმუნეთ თქვენც.
12ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ მკვდრეთით აღდგა, როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, რომ არ არის მკვდრეთით აღდგომა?
13თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, მაშინ არც ქრისტე აღმდგარა.
14ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია ჩვენი ქადაგება და ფუჭია თქვენი რწმენაც.
15მაშინ ჩვენ ცრუმოწმენი ვყოფილვართ ღვთის მიმართ, რადგანაც ვმოწმობთ, რომ მან აღადგინა ქრისტე, რომელიც არ აღუდგენია, თუკი მართლა არ აღდგებიან მკვდრები.
16ვინაიდან თუ მკვდრები არ აღდგებიან, არც ქრისტე აღმდგარა.
17ხოლო თუ ქრისტე არ აღმდგარა, ფუჭია თქვენი რწმენა: ჯერ კიდევ თქვენსავ ცოდვებში ხართ.
18და ისინიც წარწყმედილან, ვინც განისვენა ქრისტეში.
19თუ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, კაცთა შორის ყველაზე საწყალობელნი ვყოფილვართ.
20მაგრამ აწ აღდგა მკვდრეთით ქრისტე, განსვენებულთა პირმშო.
21ვინაიდან როგორც კაცის მიერ იქმნა სიკვდილი, ასევე კაცის მიერ - მკვდრეთით აღდგომაც.
22და როგორც ადამში კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა.
23მაგრამ თვითეული თავისი წესით: ჯერ პირმშო - ქრისტე, შემდეგ კი - ქრისტესნი, მისი მოსვლისას.
24და ბოლოს, დასასრული, როცა სუფევას გადასცემს ღმერთსა და მამას, მას შემდეგ, რაც გააუქმებს ყოველგვარ მთავრობას, ხელმწიფებას და ძალს.
25რადგანაც მას მართებს სუფევა, ვიდრე ფეხქვეშ არ მოიქცევს თავის მტრებს.
26და განქარდება უკანასკნელი მტერი - სიკვდილი.
27რადგანაც ღმერთმა ყველაფერი მას დაუმორჩილა და ფეხქვეშ დაუმხო. ხოლო რაკი ითქვა, რომ ყველაფერი მას ემორჩილება, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას.
28ხოლო როდესაც ყველაფერს მას დაუმორჩილებს, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება იმას, ვინც ყველაფერი დაუმორჩილა მას, რათა ღმერთი ყველაფერი იყოს ყოველში.
29თორემ რას იზამენ მკვდრებისთვის ნათელღებულნი? თუკი მკვდრები არ აღდგებიან, რატომღა ინათლებიან იმათთვის?
30ან ჩვენ რისთვისღა გვემუქრება საფრთხე ყოველ წამს?
31მე ყოველდღე ვკვდები, ვფიცავ თქვენს სიქადულს, ძმანო, რომელიც მაქვს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
32თუ ეფესოში კაცურად ვებრძოდი მხეცებს, რას მარგებს, თუკი მკვდრები არ აღდგებიან? ვჭამოთ და ვსვათ, რადგანაც ხვალ აღარ ვიქნებით.
33ნუ შეცდებით: უკეთური ურთიერთობანი ხრწნიან კეთილ ზნე-ჩვევებს.
34ჯეროვნად იფხიზლეთ და ნუ სცოდავთ, ვინაიდან ზოგიერთი თქვენგანი არც იცნობს ღმერთს. თქვენდა სარცხვენად ვამბობ.
35მაგრამ მავანი იტყვის: როგორ აღდგებიან მკვდრები, ან რომელი სხეულით მოვლენ?
36უგუნურო, რასაც შენ თესავ, ვერ იცოცხლებს, თუკი არ მოკვდა.
37და როცა თესავ, მომავალ სხეულს კი არ თესავ, არამედ შიშველ მარცვალს, სულერთია, იქნება ეს პურისა თუ სხვა მარცვლეულის თესლი.
38მაგრამ ღმერთი აძლევს მას სხეულს, როგორიც ნებავს, თვითეულ თესლს - საკუთარ სხეულს.
39ყოველი ხორცი ერთი და იგივე ხორცი როდია, არამედ სხვაა კაცთა ხორცი და სხვა - პიურტყვთა ხორცი, სხვა - თევზებისა, სხვა - ფრინველების.
40არიან სხეულნი ზეციურნი და სხეულნი მიწიერნი, მაგრამ სხვაა ზეციერთა დიდება და სხვა - მიწიერთა.
41სხვაა დიდება მზისა, სხვაა დიდება მთვარისა, სხვა - ვარსკვლავების; და თვით ვარსკვლავიც ვარსკვლავისაგან განსხვავდება დიდებით.
42ასევე მკვდართა აღდგომაც: ითესება ხრწნილებით, აღდგება უხრწნელობით.
43ითესება დამცირებით, აღდგება დიდებით; ითესება უძლურებით, აღდგება ძლიერებით.
44ითესება სხეული მშვინვიერი, აღდგება სხეული სულიერი; არის სხეული მშვინვიერი და არის სხეული სულიერი.
45ასეც სწერია: „პირველი კაცი ადამი შეიქმნა ცოცხალ მშვინვად“, უკანასკნელი ადამი კი - ცხოველმყოფელ სულად.
46მაგრამ პირველად არა სულიერი, არამედ მშვინვიერი, შემდეგ კი სულიერი.
47პირველი კაცი მიწისაგან, მიწიერი, მეორე კაცი - ზეციერი.
48როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი, და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი.
49და როგორც ვატარეთ მიწიერის ხატი, ასევე ვატარებთ ზეციერის ხატსაც.
50ამას კი გეტყვით, ძმანო, რომ ხორცი და სისხლი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს, და ვერც ხრწნილება დაიმკვიდრებს უხრწნელობას.
51აჰა, გეტყვით თქვენ საიდუმლოს: ყველანი როდი მოვკვდებით, მაგრამ ყველანი შევიცვლებით, -
52ერთ წამში, თვალის დახამხამებაში, როცა ახმიანდება უკანასკნელი საყვირი; რადგანაც ახმიანდება და მკვდრები აღდგებიან უხრწნელნი, ხოლო ჩვენ შევიცვლებით.
53რადგანაც ამ ხრწნადმა უნდა შეიმოსოს უხრწნელობა და ამ მოკვდავმა უნდა შეიმოსოს უკვდავება.
54ხოლო როდესაც ეს ხრწნადი შეიმოსავს უხრწნელობას და ეს მოკვდავი შეიმოსავს უკვდავებას, მაშინ აღსრულდება დაწერილი სიტყვა: „დაინთქა სიკვდილი ძლევით;
55სად არის, სიკვდილო, ნესტარი შენი? სად არის, ჯოჯოხეთო, ძლევა შენი?“
56ხოლო სიკვდილის ნესტარი ცოდვაა, ცოდვის ძალა კი - რჯული.
57მაგრამ მადლობა ღმერთს რომელმაც მოგვცა ძლევა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ.
58ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
Next