Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1მინდა იცოდეთ, ძმანო, რომ ჩვენი მამები ერთობლივად ღრუბელქვეშ იყვნენ და ყველამ გამოვლო ზღვა.
2ყველამ მოსეს მიერ იღო ნათელი ღრუბელსა და ზღვაში.
3და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ.
4და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
5თუმცა მათი უმრავლესობა როდი ესათნოვა ღმერთს, რადგანაც უდაბნოში დაეცნენ.
6ხოლო ეს ჩვენთვის ნიმუში იყო, რათა მათსავით არ დავხარბდეთ ბოროტს.
7ნურც კერპთმსახურნი იქნებით, ზოგიერთი მათგანის მსგავსად; როგორც წერია: „დასხდა ხალხი სასმელ-საჭმელად, და წამოდგა სათამაშოდ“.
8ნურც ვიმრუშებთ, როგორც მრუშობდა ზოგი მათგანი, და დაეცა ერთ დღეს ოცდასამი ათასი კაცი.
9ნურც ქრისტეს გამოვცდით, როგორც გამოსცადა ზოგიერთმა მათგანმა, და გველებისგან დაიღუპნენ.
10ნურც დრტვინავთ, როგორც დრტვინავდა ზოგიერთი მათგანი, და შეიმუსრნენ მმუსვრელის მიერ.
11ყოველივე ეს ნიმუშად დაიდო მათთვის და დაიწერა ჩვენს შესაგონებლად, რომელთაც მივაღწიეთ ჟამთა დასასრულს.
12ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ დგას, ფრთხილად იყოს, რომ არ დაეცეს.
13სხვა განსაცდელი არ შეგხვედრიათ, ადამიანური განსაცდლის გარდა; მაგრამ სარწმუნოა ღმერთი, რომელიც არ შეგამთხვევთ იმას რისი ატანაც თქვენს ძალ-ღონეს აღემატება, არამედ განსაცდელში გამოსავალსაც გაპოვნინებთ, რათა შეიძლოთ ატანა.
14ასე რომ, ჩემო საყვარელნო, ეკრძალეთ კერპთმსახურებას.
15მოგმართავთ როგორც გონიერთ: თავად განსაჯეთ, რას ვამბობ.
16კურთხევის სასმისი, რომელსაც ვაკურთხებთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს სისხლისა? ან ეს პური, რომელსაც ვტეხთ, განა ზიარება არ არის ქრისტეს ხორცისა?
17ერთია პური, ჩვენ კი, მრავალნი, ერთი სხეული ვართ, რადგან ყველანი ერთსა და იმავე პურს ვეზიარებით.
18იხილეთ ისრაელი ხორციელად: განა ისინი, რომელნიც ჭამენ მსხვერპლს, სამსხვერპლოს თანაზიარნი არ არიან?
19მაინც რას ვამბობ? იმას, რომ კერპი რაღაცაა და კერპთათვის შენაწირიც რაღაცას ნიშნავს?
20არა, იმას რომ მსხვერპლს, რომელსაც სწირავენ ისინი, დემონებს სწირავენ და არა ღმერთს, მე კი არ მინდა, რომ დემონთა ზიარნი იყოთ.
21არ შეგიძლიათ სვათ სასმისი უფლისა და სასმისი დემონებისა; არ შეგიძლიათ ეზიაროთ ტაბლას უფლისას და ტაბლას დემონებისას.
22ნუთუ შურს აღვუძრავთ უფალს? განა მასზე ძლიერნი ვართ?
23ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მრგებს; ყველაფერი ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი როდი მაშენებს.
24ნურავინ ეძებს თავისას, არამედ ყველა სხვის სარგებელს ეძებდეს.
25ყველაფერი, რაც საყასბოში იყიდება, ჭამეთ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.
26რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
27თუ რომელიმე ურწმუნო მიგიპატიჟებთ და თქვენც ინებებთ ეწვიოთ, ჭამეთ ყველაფერი, რასაც შემოგთავაზებენ, და ნურაფერს გამოიძიებთ სინიდისის გამო.
28მაგრამ თუ ვინმე გეტყვით: ეს კერპთათვის შენაწირიაო, ნურც მის გამო შეჭამთ, ვინც გეტყვით, და ნურც სინიდისის გამო, რადგანაც უფლისაა დედამიწა და სავსება მისი.
29ხოლო მე შენს სინიდისს კი არ ვგულისხმობ, არამედ სხვისას, ვინაიდან რად უნდა განისაჯოს ჩემი თავისუფლება სხვისი სინიდისით?
30თუკი მადლიერებით ვჭამ, რაღად ვიგმობი იმის გამო, რისთვისაც მადლიერი ვარ?
31ასე რომ, ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ.
32ნუ აცთუნებთ ნურც იუდეველებს, ნურც ბერძნებს და ნურც ეკლესიას ღვთისას.
33ისევე, როგორც მე ვცდილობ ყოველნაირად ვაამო ყველას, რადგანაც ჩემთვის კი არა, მრავალთათვის ვეძებ სარგებელს, რათა ყველანი ცხონდნენ.
Next