თავი - 7
Previous1ან იქნებ არ იცით, ძმებო, - რაკიღა რჯულის მცოდნეთ მივმართავ, - რომ ვიდრე კაცი ცოცხალია, სიკვდილი მბრძანებლობს მასზე.
2რადგანაც გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში რჯულითაა შეკრული მასთან, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია ცოლ-ქმრობის რჯულისაგან.
3ამიტომაც, თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვა, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ, და სხვას რომ გაჰყვეს, აღარ იწოდება მეძავად.
4თქვენც, ძმანო ჩემნო, ასევე მოკვდით რჯულისათვის ქრისტეს სხეულის მეოხებით, რათა ეკუთვნოდეთ სხვას, მკვდრეთით აღმდგარს, და, ამრიგად, ნაყოფი მოგვქონდეს ღვთისათვის.
5ვინაიდან, სანამ ხორციელად ვცოცხლობდით, რჯულის მიერ გამჟღავნებული ცოდვის ვნებები მოქმედებენ ჩვენს ასოებში, რათა გამოგვეღო სიკვდილის ნაყოფი.
6ახლა კი, რჯულისთვის მკვდარნი, რომლითაც შეკრულნი ვიყავით, გავთავისუფლდით მისგან, რათა ვმონებდეთ ღმერთს სულის სიახლით და არა ასოს სიძველით.
7მერედა, რას ვიტყვით? ნუთუ რჯული ცოდვაა? არამც და არამც, მაგრამ მე მხოლოდ რჯულით შევიცან ცოდვა, და სურვილსაც ვერ შევიცნობდი, რჯულს რომ არ ეთქვა: ნუ გსურს.
8მაგრამ ცოდვამ მცნებისგან მიიღო საბაბი და ჩამინერგა ყველა სურვილი; რადგანაც რჯულის გარეშე ცოდვა მკვდარია.
9ხოლო მე ოდესღაც რჯულის გარეშე ვცხოვრობდი, და როცა მოიწია მცნება, ცოდვა გაცოცხლდა.
10მე კი მოვკვდი და, ამრიგად, სასიცოცხლოდ მოცემული მცნება სასიკვდილოდ მექცა.
11რადგანაც ცოდვამ, მცნებისგან რომ მიიღო საბაბი, მაცდუნა და მის მიერ მომკლა.
12ასე რომ, რჯული წმიდაა და მცნებაც წმიდაა, მართალი და კეთილი.
13ნუთუ სიკეთე სიკვდილად მექცა? არამც და არამც. არამედ ცოდვამ, იმისათვის, რომ ცოდვად ჩანდეს, სიკეთის მეშვეობით მომაგო სიკვდილი, რათა უცოდვილესად წარმოჩენილიყო მცნების წყალობით.
14რადგანაც ვიცით, რომ რჯული სულიერია, მე კი ხორციელი ვარ და ცოდვას მიყიდული.
15ვინაიდან არ მესმის რას ვაკეთებ: იმიტომ, რომ იმას კი არ ვაკეთებ, რაც მსურს, არამედ იმას, რაც მძულს.
16ხოლო თუ იმას ვაკეთებ რაც არა მსურს, მაშასადამე, ვაღიარებ, რომ რჯული კეთილია.
17ასე რომ, მე კი არ ვაკეთებ ამას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
18რადგანაც ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი, ჩემს სხეულში არ არის კეთილი; არის ჩემში სიკეთის ნდომა, მაგრამ როგორ აღვასრულო სიკეთე, ამას კი ვეღარ ვპოულობ ჩემში.
19ვინაიდან კეთილს კი არ ვაკეთებ, რომელიც მსურს, არამედ ბოროტს, რომელიც არ მსურს.
20ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არა მსურს, მე კი არ ვაკეთებ მას, არამედ ცოდვა, რომელიც მკვიდრობს ჩემში.
21და ვპოულობ ამ რჯულს კეთილის ქმნა მსურს, მაგრამ ბოროტი კი მიდევს გვერდით.
22ვინაიდან, როგორც შინაგანი კაცი, ღვთის რჯულით ვტკბები.
23მაგრამ ჩემს ასოებში სხვა რჯულსა ვხედავ, რომელიც ეურჩება ჩემი გონების რჯულს, და ცოდვის იმ რჯულის ტყვედ მაქცევს, რომელიც არის ჩემს ასოებში.
24ვაიმე, ბედკრულს! ვინ დამიხსნის სიკვდილის ამ სხეულისაგან?
25ვმადლობ ღმერთს, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მიერ. ამრიგად, მე, ერთი და იგივე კაცი, გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხორცით კი - ცოდვის რჯულს.
Next