თავი - 10
Previous1კესარიაში იყო ერთი კაცი, სახელად კორნელიუსი, ეგრეთწოდებული იტალიური კოჰორტის ასისთავი,
2კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში მთელი თავისი სახლეულითურთ, ხალხის ნამდვილი მწყალობელი და მუდამ ღმერთის მიმართ მლოცველი.
3მეცხრე საათი იქნებოდა, როცა ცხადად იხილა ხილვით, რომ შევიდა მასთან ღვთის ანგელოზი და უთხრა: კორნელიუს!
4ხოლო მან შეხედა ანგელოზს და შეძრწუნებულმა თქვა: რა გნებავს, უფალო? მან კი მიუგო: შენი ლოცვანი და წყალობანი ავიდნენ ღვთის წინაშე მოსახსენებლად.
5მაშ, გაგზავნე ხალხი იეპოში და მოუხმე სიმონს, რომელსაც ჰქვია პეტრე.
6იქ სტუმრადაა ვინმე სიმონ დაბაღისას, ვისი სახლიც ზღვის პირას დგას.
7როდესაც მასთან მოსაუბრე ანგელოზი გაუჩინარდა, კორნილიუსმა უხმო ორ მსახურს და ღვთისმოსავ მეომარს, თავის ხელქვეითს,
8ყველაფერი უამბო და იოპეს გაგზავნა ისინი.
9მეორე დღეს, როცა გზად მიმავალნი უკვე ქალაქს მიუახლოვდნენ, პეტრე ერდოზე ავიდა სალოცავად; იქნებოდა, ასე, ექვსი საათი.
10მოშივდა და ჭამა მოუნდა; ვიდრე რამეს მოუმზადებდნენ, ექსტაზში ჩავარდა იგი.
11და იხილა გახსნილი ცა, საიდანაც მისკენ ეშვებოდა რაღაც უცნაური ჭურჭელი, ვეება ტილოს მსგავსი, ოთხივე წვერით გამოკრული რომ უახლოვდებოდა მიწას.
12მასში იყო დედამიწის ბინადარი ყოველგვარი ოთხფეხი, ქვეწარმავალი და ცის ფრინველი.
13და იყო ხმა მის მიმართ: ადექი, პეტრე, დაკალი და ჭამე.
14ხოლო მან თქვა: არა, უფალო, რადგანაც არასოდეს მიჭამია რაიმე ბილწი და უწმინდური.
15კვლავ იყო ხმა მის მიმართ: რაც წმიდა-ყო ღმერთმა, შენ ნუ მიიჩნევ უწმინდურად.
16ასე განმეორდა სამჯერ, და კვლავ ამაღლდა ჭურჭელი ზეცად.
17ვიდრე განცვიფრებული პეტრე ფიქრობდა, ნეტა რას უნდა ნიშნავდეს ჩემს მიერ ხილული ჩვენებაო, - აჰა, კორნელიუსის გამოგზავნილმა კაცებმა სიმონის სახლი იკითხეს და ჭიშკართან შედგნენ.
18დაიძახეს და იკითხეს: აქ ხომ არ არის სიმონი, რომელსაც ჰქვია პეტრე?
19ვიდრე პეტრე ჩვენებაზე ფიქრობდა, სულმა უთხრა მას: აი, სამი კაცი დაგეძებს.
20ადექი, ჩადი და გაჰყევი მათ: ნუღარ ყოყმანობ, ვინაიდან მე მოვავლინე ისინი.
21პეტრე ჩავიდა და უთხრა მათ: მე ვარ, ვისაც დაეძებთ; რისთვის მოსულხართ?
22ხოლო მათ თქვეს: ასისთავ კორნელიუსს, მართალსა და ღვთისმოშიშ კაცს, რომელსაც ემოწმება იუდეველთა მთელი ერი, წმიდა ანგელოზმა უბრძანა, შინ მიგიწვიოს და მოისმინოს შენი სიტყვები.
23მაშინ პეტრემ მიიპატიჟა ისინი და გაუმასპინძლდა. მეორე დღეს კი ადგა და გაჰყვა მათ და ზოგიერთი იოპეელი ძმაც თან ახლდა.
24მეორე დღეს შევიდნენ კესარიაში. მათ მომლოდინე კორნელიუსს ნათესავები და ახლო მეგობრები შემოეკრიბა.
25როგორც კი შევიდა პეტრე, კორნელიუსი შეეგება, ფეხებში ჩაუვარდა და თაყვანი სცა.
26პეტრემ კი წამოაყენა და უთხრა: ადექი, მეც ხომ ადამიანი ვარ.
27მასთან საუბრით შევიდა შინ, სადაც დახვდა ბევრი წვეული.
28და უთხრა მათ: თქვენ იცით, რომ იუდეველს ეკრძალება უცხოელთან ურთიერთობა და დაახლოება, მაგრამ მე ღმერთმა მიჩვენა, რომ არცერთი ადამიანი არ მიმაჩნდეს ბილწად და უწმინდურად.
29ამიტომ, როგორც კი მიხმეთ, უყოყმანოდ მოვედი. ახლა გეკითხებით, რისთვის მიხმეთ?
30კორნელიუსმა თქვა: ოთხი დღის წინ ამ დრომდე ვმარხულობდი, მეცხრე საათს კი შინ შევედი სალოცავად, და, აჰა, დადგა ჩემს წინაშე მოელვარე სამოსით მოსილი კაცი,
31რომელმაც მითხრა: კორნელიუს, შესმენილ იქნა შენი ლოცვა და შენი წყალობანი მოხსენიებულ იქნენ ღმერთის წინაშე.
32მაშ, გაგზავნე ხალხი იოპეს და მოუხმე სიმონს, პეტრედ წოდებულს, რომელიც სტუმრადაა სიმონ დაბაღის სახლში, ზღვის პირას.
33მაშინვე გამოვგზავნე ხალხი შენთან და კარგი ქენი, რომ მოხვედი. ახლა ყველანი ღვთის წინაშე ვდგავართ, რომ მოვისმინოთ ყველაფერი, რაც უფალს უბრძანებია შენთვის.
34პეტრემ გახსნა ბაგენი და თქვა: ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთისთვის უცხოა მიკერძოება.
35არამედ ყველა ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის.
36მან მოუვლინა სიტყვა ისრაელის ძეთ, რათა ეხარებინა მშვიდობა იესო ქრისტეს მიერ: ის არის ყველას უფალი.
37თქვენ იცით, რა მოხდა მთელ იუდეაში, გალილეიდან მოყოლებუღი, იმ ნათლისცემის შემდეგ, რასაც ქადაგებდა იოანე.
38ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.
39ჩვენა ვართ ყოველივე იმის მოწმენი, რაც მოიმოქმედა მან იუდეველთა ქვეყანაში და იერუსალიმს; ბოლოს კი ძელზე დაკიდეს და მოკლეს.
40მაგრამ ღმერთმა აღადგინა მესამე დღეს და მისცა ძალა, გამოცხადებოდა
41მთელ ხალხს კი არა, არამედ ღვთის მიერ წინასწარ არჩეულ მოწმეებს, - ჩვენ, რომელნიც მასთან ერთად ვჭამდით და ვსვამდით მისი მკვდრეთით აღდგომის შემდეგ.
42მან გვიბრძანა გვექადაგა ხალხისთვის და გვემოწმებინა, რომ ის არის ღვთის მიერ განჩინებული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად.
43მისთვის მოწმობს ყველა წინასწარმეტყველი, რომ ვისაც სწამს იგი, მიიღებს ცოდვათა მიტევებას მისი სახელით.
44პეტრე ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ სული წმიდა გადმოვიდა ყველაზე, ვისაც ესმოდა ეს სიტყვა.
45წინადაცვეთილ მორწმუნეებს, რომლებიც პეტრეს მოჰყვნენ, უკვირდათ, რომ წარმართებსაც მიეფინათ სული წმიდის ნიჭი.
46რადგანაც ესმოდათ, როგორ ლაპარაკობდნენ ისინი სხვადასხვა ენაზე და ადიდებდნენ ღმერთს.
47მაშინ პეტრემ თქვა: ვინ აუკრძალავს წყლით ნათლისღებას ამათ, ჩვენსავით რომ მიიღეს სული წმიდა?
48და უბრძანა მათ, ნათელ ეღოთ იესო ქრისტეს სახელით. მაშინ სთხოვეს, რამდენიმე დღე დარჩენილიყო მათთან.
Next