Eleos

Contents

თავი - 8

Previous
1ხოლო იესომ ზეთისხილის მთისკენ გასწია.
2დილით კი კვლავ მიბრუნდა ტაძარში და მთელი ხალხი მივიდა მასთან. დაჯდა და ასწავლიდა მათ.
3ხოლო მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომელიც მრუშობისას შეეპყროთ, შუაში დააყენეს
4და უთხრეს იესოს: მოძღვარო, ეს ქალი მრუშობისას შევიპყარით;
5მოსემ კი რჯულში გვამცნო ამნაირების ჩაქოლვა; შენ რაღას იტყვი?
6ხოლო ამას საცდუნებლად ეუბნებოდნენ, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. იესო კი დაბლა დახრილიყო და თითით რაღაცას წერდა მიწაზე.
7მაგრამ რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, წამოიმართა და უთხრა მათ: ვინც თქვენს შორის უცოდველია, პირველად იმან ესროლოს ქვა.
8მერე კვლავ დაიხარა და მიწაზე წერა განაგრძო.
9ხოლო ისინი, ამ სიტყვების გაგონებისას, უხუცესებიდან მოყოლებული, სათითაოდ გაიკრიფნენ. დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომარე ქალი.
10წამოიმართა იესო და რაკი ქალის გარდა ვერავის მოჰკრა თვალი, უთხრა მას: ქალო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი?
11მან კი მიუგო: არავინ, უფალო, და უთხრა მას იესომ: არც მე განგსჯი. წადი და ამიერიდან ნუღარა სცოდავ.
12ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მათ: მე ვარ ნათელი ქვეყნისა; ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი.
13ფარისევლებმა უთხრეს: შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ, შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
14მიუგო იესომ და უთხრა მათ: ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ; თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულვარ და სად მივალ.
15თქვენ ხორცისამებრ სჯით, ხოლო მე არავის განვსჯი.
16მაგრამ კიდეც რომ განვსჯიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრი, ვინაიდან მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, ჩემი მომავლინებელი.
17რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია.
18მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა.
19ჰკითხეს: სად არის მამაშენი? ხოლო იესომ მიუგო: არც მე მიცნობთ და არც მამაჩემს; მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას.
20ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში. და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამი.
21კვლავ უთხრა მათ იესომ: მე მივდივარ, ძებნას დამიწყებთ და თქვენსავ ცოდვაში მოკვდებით; სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ.
22იუდეველებმა თქვეს: თავის მოკვლას ხომ არ აპირებს, რაკიღა ამბობს, სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქო?
23და უთხრა მათ: თქვენ ქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი; თქვენ ამქვეყნიურნი ხართ, ხოლო მე - იმქვეყნიური.
24ამიტომაც გითხარით, თქვენს ცოდვებში მოკვდებით-მეთქი. რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით.
25მაშინ უთხრეს: მაინც ვინა ხარ? ხოლო იესომ მიუგო: იმთავითვე რას გეუბნებოდით?
26ბევრი რამ მაქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი; მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია, და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი.
27მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას.
28და უთხრა მათ იესომ: როცა კაცის ძეს აამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ, და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ.
29ვინც მომავლინა, ჩემთანაა; მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც ეამება მას.
30ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი.
31და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი: თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ.
32შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ.
33მიუგეს მას: აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონებივართ ვინმეს. მაშ, რამ გათქმევინა, განთავისუფლდებითო?
34მიუგო მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ყველა, ვინც სცოდავს, ცოდვის მონაა.
35მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს.
36ასე რომ, თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით.
37ვიცი, რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში.
38მე ვამბობ იმას, რაც მამაჩემთან მიხილავს, თქვენ კი რაც მამათქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ.
39მიუგეს და უთხრეს მას: ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით.
40ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია.
41თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი.
42უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა.
43რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას.
44თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა.
45მე კი სიმართლეს გეუბნებით და არა გწამთ ჩემი.
46რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არა გწამთ ჩემი?
47ვინც ღმრთისაგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არა ხართ.
48მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას: განა კარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკეული?
49მიუგო იესომ: ეშმაკეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამაჩემს. თქვენ კი მაგინებთ.
50მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ; არის მძებნელი და განმკითხველი.
51ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს.
52იუდეველებმა უთხრეს: ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ: აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც, შენ კი ამბობ: ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იგემებს სიკვდილსო.
53ნუთუ შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე მამაჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა? და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ. ვინ გგონია შენი თავი?
54მიუგო იესომ: თუ მე ჩემსავ თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამაჩემი მადიდებს, ვისზედაც თქვენ ამბობთ: ის არის ჩვენი ღმერთიო.
55და ვერ გიცვნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი, არ ვიცნობ-მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას.
56მამათქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა.
57იუდეველებმა უთხრეს: ორმოცდაათი წლისაც არა ხარ და აბრაამი გინახავს?
58უთხრა მათ იესომ: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარესი ვარ.
59მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად. მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
Next