თავი - 5
Previous1შემდგომ ამისა იყო იუდეველთა დღესასწაული, და ავიდა იესო იერუსალიმს.
2ხოლო იერუსალიმში, ცხვრის ჭიშკართან არის ხუთბჭიანი აუზი, რომელსაც ებრაულად ჰქვია ბეთეზდა.
3იქ იწვა უამრავი სნეული, ბრმა, კოჭლი და დავრდომილი, რომლებიც მოელოდნენ წყლის ძვრას.
4ვინაიდან ანგელოზი დროდადრო ჩადიოდა აუზში და ამღვრევდა წყალს; ხოლო ვინც წყლის ძვრისას პირველი ჩავიდოდა შიგ, რა სენითაც უნდა ყოფილიყო სნეული, იკურნებოდა.
5იყო იქ კაცი, რომელიც ოცდათვრამეტ წელიწადს იტანჯებოდა თავისი სენით.
6როცა იესომ მწოლარე იხილა იგი, მიხვდა, რომ დიდი ხანია ამ დღეში იყო, და უთხრა: გინდა განიკურნო?
7ხოლო სნეულმა მიუგო: უფალო, კაცი არა მყავს, რომ წყლის ძვრისას ჩამიშვას აუზში; ვიდრე მე მივალ, სხვა მასწრებს ჩასვლას.
8და უთხრა იესომ: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი.
9მაშინვე განიკურნა იგი; აიღო თავისი სარეცელი და წავიდა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.
10ამიტომაც იუდეველები ეუბნებოდნენ განკურნებულს: დღეს შაბათია, ასე რომ, ნება არ გქონდა აგეღო შენი სარეცელი.
11მან კი მიუგო: ვინც განმკურნა, მანვე მითხრა: აიღე შენი სარეცელი და წადი.
12ჰკითხეს: ვინ არის ის კაცი, რომელმაც გითხრა, აიღე შენი სარეცელი და წადიო?
13მაგრამ განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო, რადგან იესო იქვე მყოფ ხალხში გაუჩინარდა.
14ამის შემდეგ ტაძარში დაინახა იგი იესომ და უთხრა: აჰა, განიკურნე; ნუღარა სცოდავ, რათა უარესი არ დაგემართოს.
15მაშინ ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესომ განკურნა იგი.
16ამიტომაც იუდეველები მოსაკლავად დასდევდნენ იესოს, ვინაიდან ამას იქმოდა შაბათს.
17ხოლო იესო პასუხად ეუბნებოდა მათ: მამაჩემი აქამდე იღვწის და მეც ვიღვწი.
18მით უფრო მეტად ცდილობდნენ იუდეველები იესოს მოკვლას, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს და მას უტოლებდა თავს.
19ხოლო იესო ამის პასუხად ამბობდა: ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძეს არაფერი ხელეწიფება თავისთავად, თუ არ იხილავს მამის საქმეს, ვინაიდან რასაც მამა იქმს, ძეც იმასვე იქმს.
20რადგანაც მამას უყვარს ძე და ყველა თავის საქმეს უჩვენებს მას; თუმცა მეტ საქმეთაც უჩვენებს, თქვენდა გასაოცრად.
21ვინაიდან როგორც მამა აღადგენს და აცოცხლებს მკვდრებს, ასევე ძეც აცოცხლებს, ვინც თვითონ ნებავს.
22რადგანაც მამა არავისა სჯის, არამედ მთელი მსჯავრი ძეს მისცა.
23რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არა სცემს ძეს, არც მამასა სცემს პატივს, რომელმაც მოავლინა იგი.
24ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს და სწამს იგი, ვინც მომავლინა, აქვს საუკუნო სიცოცხლე და არ წარუდგება სამსჯავროს, არამედ უკვე გადავიდა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოვა დრო და მოვიდა კიდეც, როცა მკვდრები მოისმენენ ღმერთის ძის სიტყვას, და ვინც მოისმენს, ცხონდება.
26ვინაიდან როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე მისცა ძესაც, რათა ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27და მისცა მას ხელმწიფება სამართლის ქმნისა, რადგანაც ის არის კაცის ძე.
28ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგანაც მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას.
29და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს სიცოცხლე, ბოროტის მოქმედნი კი - აღდგომისათვის, რომელსაც მოსდევს განკითხვა.
30მე არაფერი შემიძლია ჩემდა თავად; როგორც მესმის, ისევე განვსჯი, და ჩემი განსჯა არის მართალი, ვინაიდან ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.
32სხვა არის, ვინც მოწმობს ჩემთვის, და ვიცი, რომ ჭეშმარატია მოწმობა, რომლითაც მოწმობს ჩემთვის.
33თქვენ წარგზავნეთ ხალხი იოანესთან, და ისიც ემოწმა ჭეშმარიტს.
34თუმცა მე კაცისაგან როდი ვიღებ მოწმობას, არამედ იმიტომ ვამბობ ამას, რათა გადარჩეთ.
35ის იყო სანთელი, რომელიც იწვის და ანათებს, თქვენ კი ისურვეთ ერთხანს გეხარათ მისი სინათლით.
36ხოლო მე უკეთესი მოწმობა მაქვს, ვიდრე მოწმობა იოანესი: საქმენი, მამამ რომ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი მოწმობენ, რომ მამისგან ვარ მოვლინებული.
37ასე რომ, მამამ, რომელმაც მომავლინა, თვითონვე იმოწმა ჩემთვის. თქვენ არც მისი ხმა გსმენიათ ოდესმე და არც ხატება გიხილავთ მისი.
38და მისი სიტყვა ვერ დაემკვიდრა თქვენში, ვინაიდან არ გწამთ მის მიერ მოვლინებული.
39წერილთა სიღრმეს იკვლევთ, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. მაგრამ სწორედ ისინი მოწმობენ ჩემთვის.
40თქვენ კი არ გსურთ მოხვიდეთ ჩემთან, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41დიდებას არ ვიღებ კაცთაგან.
42მაგრამ მე გიცნობთ: ღმრთის სიყვარული არ არის თქვენში.
43მე მოვედი მამაჩემის სახელით, და არ მღებულობთ; სხვა თუ მოვა თავისივე სახელით, მას კი მიიღებთ.
44როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, თუკი ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, მაგრამ არ ეძებთ დიდებას, რომელიც ერთი ღმრთისგან არის?
45ნუ გგონიათ, რომ ბრალს დაგდებთ მამის წინაშე; თქვენი ბრალმდებელი არის მოსე, ვისი იმედიცა გაქვთ.
46ვინაიდან მოსე რომ გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგანაც მან ჩემთვის დაწერა.
47მაგრამ თუ მისი წერილი არა გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?
Next