თავი - 20
Previous1ხოლო კვირის პირველ დღეს მარიამ მაგდალელი დილაუთენია მივიდა სამარხთან, როცა ჯერ ისევ ბნელოდა, და დაინახა, რომ სამარხიდან აეღოთ ლოდი.
2გაიქცა და მივიდა სიმონ-პეტრესა და მეორე მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა მათ: სამარხიდან წაუღიათ უფალი და არ ვიცით, სად დაასვენეს.
3გამოვიდნენ პეტრე და მეორე მოწაფე და სამარხს მიაშურეს.
4ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
5დაიხარა და დაინახა ძირს დაყრილი ტილოები, მაგრამ შიგ კი არ შესულა.
6მას კვალდაკვალ მოჰყვა სიმონ-პეტრეც, სამარხში შევიდა და ძირს დაყრილი ტილოები დაინახა.
7ხოლო სუდარა, თავზე რომ ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან კი არ იდო, არამედ დაეკეცათ და ცალკე დაედოთ.
8მაშინ შევიდა მეორე მოწაფეც, პირველად რომ მივიდა სამარხთან, და იხილა და იწამა.
9რადგან ჯერ კიდევ არ იცოდნენ წერილი, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო.
10და მოწაფეები კვლავ შინ დაბრუნდნენ.
11ხოლო მარიამი სამარხთან იდგა და ტიროდა; ასე მტირალი დაიხარა სამარხისაკენ
12და დაინახა თეთრი სამოსით მოსილი ორი ანგელოზი, ერთი თავთით, მეორე კი ფეხთით რომ იჯდა იმ ადგილას, სადაც ესვენა იესოს გვამი.
13და უთხრეს მას: ქალო, რად სტირი? მან კი მიუგო: წაუღიათ ჩემი უფალი და არ ვიცი, სად დაასვენეს.
14ეს რომ თქვა, უკან შემობრუნდა და დაინახა იქვე მდგარი იესო, მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
15უთხრა მას იესომ: ქალო, რად სტირი, ვის ეძებ? მას მებაღე ეგონა და უთხრა: ბატონო, თუ შენ წაიღე იგი, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ.
16უთხრა მას იესომ: მარიამ! შებრუნდა და ებრაულად უთხრა: რაბუნი! (რაც ნიშნავს მოძღვარს).
17უთხრა მას იესომ: ნუ შემეხები, რადგან ჯერ კიდევ არ ავსულვარ მამასთან: წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მამაჩემსა და მამათქვენთან ავდივარ, ჩემს ღმერთსა და თქვენს ღმერთთან.
18მარიამ მაგდალელი მივიდა და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი, რომელმაც ეს უთხრა მას.
19ხოლო კვირის იმავე დღეს, საღამოხანს, როცა სახლის კარი, სადაც იყვნენ მოწაფეები, იუდეველთა შიშით დახშული იყო, მოვიდა იესო, შუაში დადგა და უთხრა მათ: მშვიდობა თქვენდა!
20ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ; ხოლო მოწაფეებმა გაიხარეს იესოს ხილვით.
21კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.
22ეს რომ თქვა, შეუბერა და უთხრა მათ: მიიღეთ სული წმიდა.
23ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, და ვისაც დაუტოვებთ, დარჩებათ მათ.
24ხოლო თომა, ერთი თორმეტთაგანი, რომელსაც ერქვა ტყუპისცალი, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.
25დანარჩენმა მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ უფალი. ხოლო მან თქვა: თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი - ხელს, არ ვირწმუნებ.
26რვა დღის შემდეგ კვლავ სახლში იყვნენ მისი მოწაფეები, და თომაც მათთან ერთად; შევიდა იესო, თუმცა კარი დახშული იყო, მათ შორის დადგა და თქვა: მშვიდობა თქვენდა!
27მერე კი თომას უთხრა: მოიტა შენი თითი და იხილე ჩემი ხელები; მოიტა შენი ხელი და ჩაყავი ჩემს ფერდში; ნუ იქნები ურწმუნო, არამედ გწამდეს.
28მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!
29უთხრა მას იესომ: რაკი მიხილე, მიტომ მიწამე; ნეტარ არიან, ვისაც არ ვუხილავარ და მაინც მიწამეს.
30ბევრი სხვა სასწაულიც ქნა იესომ მოწაფეების წინაშე, რომლებიც არ დაწერილა ამ წიგნში.
31ესენი კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმრთისა, და მორწმუნეებს გქონდეთ სიცოცხლე მისი სახელით.
Next