თავი - 11
Previous1ავად იყო ვინმე ლაზარე, ბეთანიელი, მარიამისა და მისი დის - მართას სოფლელი.
2ხოლო მარიამი იყო სწორედ ის, ვინც ნელსაცხებელი სხცო უფალს და თავისი თმებით შეუმშრალა ფეხები. მისი ძმა ლაზარე ავად იყო.
3დებმა კაცი გაუგზავნეს იესოს და შეუთვალეს: უფალო, აჰა, ვინც გიყვარს, ავად არის.
4ეს რომ გაიგო, იესომ თქვა: ეს სნეულება სასიკვდილო კი არ არის, არამედ რათა იდიდოს ღმერთის ძე მის მიერ.
5უყვარდა იესოს მართა, მისი და და ლაზარე.
6როდესაც გაიგო, ავად არისო, ორი დღე კიდევ დარჩა იმ ადგილას, სადაც იყო.
7ხოლო ამის შემდეგ თავის მოწაფეებს უთხრა: ავდგეთ და კვლავ წავიდეთ იუდეაში.
8მოწაფეებმა მიუგეს: რაბი, იუდეველები ახლახანს ჩაქოლვას გიპირებდნენ და კვლავ იქ მიდიხარ?
9იესომ უთხრა მათ: განა თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არაფერს წამოჰკრავს ფეხს, ვინაიდან ამ ქვეყნის ნათელსა ხედავს.
10ღამით მოარული კი წაიბორძიკებს, ვინაიდან ნათელი არ არის მასში.
11ესა თქვა და შემდეგ უთხრა მათ: ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, მიიძინა; მაგრამ მივალ და გავაღვიძებ მას.
12ხოლო მისმა მოწაფეებმა თქვეს: უფალო, თუ მიიძინა, მომჯობინდება.
13მაგრამ იესო მის სიკვდილს გულისხმობდა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით მიძინებაზე იტყოდა ამას.
14მაშინ იესომ გარკვევით უთხრა მათ: ლაზარე მოკვდა.
15და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ; მაგრამ მივიდეთ მასთან.
16ხოლო თომამ, ტყუპისცალად წოდებულმა, თანამოწაფეებს უთხრა: ჩვენც მივიდეთ, რათა მასთან ერთად მოვკვდეთ.
17როდესაც მივიდა იესო, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღეა საფლავში იწვა.
18ხოლო ბეთანია იერუსალიმის ახლოს იყო, თხუთმეტიოდე უტევანის მანძილზე.
19ბევრი იუდეველი მისულიყო მართასა და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ძმაზე მგლოვიარენი.
20მართამ რომ გაიგო, იესო მოდისო, გამოეგება; მარიამი კი სახლში იჯდა.
21და უთხრა მართამ იესოს: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.
22მაგრამ ახლაც ვიცი: რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს შენ ღმერთი.
23უთხრა მას იესომ: აღდგება შენი ძმა.
24მართამ მიუგო: ვიცი, რომ აღდგება უკანასკნელ დღეს აღდგომისას.
25უთხრა მას იესომ: მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვისაც მე ვწამვარ, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
26ვინც ჩემში ცოცხლობს და სწამს ჩემი, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს თუ არა ეს?
27მიუგო: დიახ, უფალო, მწამს, რომ შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმრთისა, რომელიც მოდის ამ ქვეყნად.
28ეს რომ თქვა, წავიდა. თავის დას - მარიამს უხმო და საიდუმლოდ უთხრა: მოძღვარი მოდის და გიხმობსო.
29ხოლო ის, ამის გაგონებისთანავე, ადგა და მისკენ გასწია.
30რადგანაც იესო ჯერ იდევ არ მისულიყო სოფელში, არამედ იმ ადგილას იყო, სადაც მიეგება მართა.
31როცა მის სახლში სანუგეშებლად მოსულმა იუდეველებმა დაინახეს, რომ მარიამი საჩქაროდ ადგა და გარეთ გავიდა, თვითონაც უკან მიჰყვნენ, ვინაიდან ეგონათ, საფლავზე მიდის ძმის სატირლადო.
32მარიამი კი იმ ადგილას მივიდა, სადაც იყო იესო; მისი დანახვისთანავე ფეხქვეშ ჩაუვარდა და უთხრა: უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.
33როცა იესომ დაინახა, როგორ ტიროდა იგი, და ტიროდნენ მასთან ერთად მოსული იუდეველებიც, შეიძრა სულით და შემკრთალმა თქვა:
34სად დაკრძალეთ? უთხრეს: უფალო, მოდი და ნახე.
35მაშინ აცრემლდა იესო.
36იუდეველები ამბობდნენ: უყურე, როგორ ჰყვარებია იგი.
37ზოგმა მათგანმა კი თქვა: ნუთუ არ შეეძლო ბრმის თვალის ამხელს რამე ეღონა, რომ ესეც არ მომკვდარიყო?
38ხოლო იესო, კვლავ სულით შეძრული, საფლავთან მივიდა; ეს იყო მღვიმე, რომლისთვისაც ლოდი მიედოთ.
39იესომ თქვა: მოაშორეთ ლოდი; ხოლო მართამ, მიცვალებულის დამ, უთხრა: უფალო, უკვე ყარს, ვინაიდან ოთხი დღის წინ დავასაფლავეთ.
40უთხრა მას იესომ: აკი გითხარი, თუ იწამებ, ღმრთის დიდებას იხილავ-მეთქი.
41და მოაშორეს ლოდი; ხოლო იესომ ზეცად აღაპყრო თვალი და თქვა: მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
42მე კი ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ, მაგრამ ეს ირგვლივ მდგომი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე.
43ეს რომ თქვა, ხმამაღლა დაიძახა: ლაზარე, გამოდი გარეთ!
44და გამოვიდა მიცვალებული, სახვევით ხელ-ფეხ შეკრული და სახეშესუდრული. უთხრა მათ იესომ: გახსენით და გაუშვით, წავიდეს.
45მაშინ მარიამთან მისულმა ბევრმა იუდეველმა, რომლებმაც იხილეს, რაც მოახდინა იესომ, ირწმუნა იგი.
46ზოგიერთი მათგანი კი წავიდა და უთხრა ფარისევლებს, რაც მოახდინა.
47მაშინ შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: რა ვქნათ? ეს კაცი მრავალ სასწაულს ახდენს.
48თუ თავის ნებაზე მივუშვით, ყველა ირწმუნებს: მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს ადგილ-მამულსაც და ხალხსაც.
49ერთმა მათგანმა, ვინმე კაიაფამ, რომელიც იმ წელიწადს მღვდელმთავარი იყო, უთხრა მათ: არაფერი თქვენ არ გაგეგებათ
50და არც იმაზე ფიქრობთ, რომ უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ხალხი დაიღუპოს.
51ეს თავისით კი არ უთქვამს, არამედ იმ წელიწადს მღვდელმთავრად მყოფმა იწინასწარმეტყველა, რომ იესო უნდა მომკვდარიყო ხალხისათვის.
52და არა მარტო ხალხისათვის, არამედ იმისთვისაც, რომ ერთად შეეკრიბა ღმრთის გაფანტული შვილები.
53იმ დღიდან გადაწყვიტეს მოეკლათ იგი.
54ამიტომ იესო ცხადად კი აღარ დადიოდა იუდევეღთა შორის, არამედ უდაბნოს მახლობლად მდებარე ქალაქში განმარტოვდა, რომელსაც ჰქვია ეფრაიმი, და იყო იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
55ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი, და იმ მხრიდან მრავალი ავიდა იერუსალიმს, რათა პასექის წინ გაწმენდილიყო.
56ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: როგორ გგონიათ, მოვა თუ არა დღესასწაულზე?
57ვინაიდან მღვდელმთავრებსა და ფარისევლებს ბრძანება გაეცათ, რომ თუ ვინმე გაიგებდა, სად იყო, მათთვის უნდა ეცნობებინა, რათა შეეპყროთ.
Next