Eleos

Contents

თავი - 6

Previous
1ერთხელ, შაბათ დღეს, ყანაში მიდიოდა იესო. და მისმა მოწაფეებმა თავთავებს დაუწყეს კრეფა: ხელით ფშვნეტდნენ და ჭამდნენ.
2ზოგიერომა ფარისეველმა უთხრა მათ: რატომ აკეთებთ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?
3ხოლო იესომ მიუგო მათ: არ წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
4როგორ შევიდა ღმერთის სახლში, და აიღო და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც?
5და უთხრა მათ: ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
6ხოლო მეორე შაბათს შევიდა სინაგოგაში და ასწავლიდა ხალხს; და იყო იქ კაცი, რომელსაც მარჯვენა ხელი გამხმარი ჰქონდა.
7უთვალთვალებდნენ მწიგნობრები და ფარისევლები, განკურნავდა თუ არა შაბათს, რათა ბრალდების საბაბი ეპოვათ მისთვის.
8მაგრამ მან იცოდა მათი ზრახვანი და უთხრა ხელგამხმარ კაცს: ადექი და შუაში გამოდი; ისიც ადგა და გამოვიდა.
9და უთხრა მათ იესომ: თქვენ გეკითხებით: რისი ქმნა შეიძლება შაბათს: კეთილისა თუ ბოროტისა? სულის ცხონება თუ წარწყმედა?
10გადახედა ყველა მათგანს, და უთხრა კაცს: აბა გაიწოდე შენი ხელი! მანაც გაიწოდა და გაუმრთელა, როგორც მეორე.
11ხოლო ისინი გაცოფდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ: რა ვიყოთ იესოსო.
12მოხდა ისე, რომ იმ დღეებში სალოცავად ავიდა მთაზე. და მთელი ღამე იქ დაჰყო, ღმრთის მიმართ მლოცველმა.
13ხოლო როდესაც გათენდა, მოუხმო თავის მოწაფეებს და ამოარჩია მათგან თორმეტი, რომლებსაც მოციქულები უწოდა:
14სიმონი, რომელსაც დაარქვა პეტრე, და მისი ძმა ანდრია, იაკობი და იოანე, ფილიპე და ბართლომე,
15მათე და თომა, იაკობი, ძე ალფესი და სიმონი, ზელოტად წოდებული,
16იუდა იაკობისა და იუდა ისკარიოტელი, რომელიც გამცემი გახდა.
17ჩამოვიდა მათთან ერთად და ვაკეზე დადგა; იქ იყვნენ მისი მოწაფეები და დიდძალი ხალხი მთელი იუდეიდან და იერუსალიმიდან, ტიროსისა და სიდონის ზღვისპირეთიდან;
18რომლებიც მოსულიყვნენ მის მოსასმენად და თავიანთ სნეულებათაგან განსაკურნავად; აგრეთვე უწმინდური სულებით ვნებულნი, და იკურნებოდნენ.
19მთელი ხალხი ცდილობდა, როგორმე შეხებოდა მას: ვინაიდან ძალი გამოდიოდა მისგან და კურნავდა ყველას.
20ხოლო ის, თავის მოწაფეების მიმართ თვალმიპყრობილი ამბობდა: ნეტარნი ხართ გლახაკნი სულითა, ვინაიდან თქვენია ღმრთის სასუფეველი;
21ნეტარნი ხართ მშიერნი ამჟამად, ვინაიდან გაძღებით; ნეტარნი ხართ მოტირალნი ამჟამად, ვინაიდან გაიცინებთ;
22ნეტარნი ხართ, როცა მოგიძულებენ და მოგიკვეთენ კაცნი, შეურაცხგყოფენ და სათრეველად აქცევენ თქვენს სახელს, როგორც უკეთურს, კაცის ძის გამო.
23იხარებდეთ და ილხენდეთ იმ დღეს, ვინაიდან დიდია თქვენი საზღაური ცაში. ასევე ექცეოდნენ წინასწარმეტყველთაც მათი მამები.
24მაგრამ ვაი თქვენ, მდიდარნო, რადგან უკვე მიიღეთ თქვენი ნუგეში.
25ვაი თქვენ, ამჟამად მაძღარნო, ვინაიდან დაიმშევით; ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით;
26ვაი თქვენ, როცა კარგს იტყვის თქვენზე ყოველი კაცი; ვინაიდან ასე ექცეოდნენ ცრუწინასწარმეტყველთაც მათი მამები.
27ხოლო თქვენ, ჩემს მსმენელთ, გეტყვით: გიყვარდეთ თქვენი მტრები და კეთილი უყავით თქვენს მოძულეთ;
28აკურთხეთ თქვენი მაწყევარნი და ილოცეთ თქვენსავ შეურაცხმყოფელთათვის.
29ვინც ყვრიმალში შემოგკრას, მიუშვირე მეორეც, და ვინც მოსასხამს წაგართმევს, მიანებე პერანგიც.
30ყველას, ვინც კი გთხოვს, მიეცი, და ვინც შენსას წაიღებს, უკან ნუ მოსთხოვ.
31როგორც გინდათ, რომ გექცეოდნენ კაცნი, თავადაც ისე მოექეცით მათ.
32თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რას მიითვლით მადლად? რადგან თავიანთი მოყვასნი ცოდვილთაც უყვართ.
33და თუ კეთილს უყოფთ თქვენს კეთილისმყოფელთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც ასევე იქცევიან.
34თუ ასესხებთ იმათ, ვისგანაც დაბრუნების იმედი გაქვთ, რას მიითვლით მადლად? რადგან ცოდვილნიც აძლევენ სესხს ცოდვილთ, რათა დაიბრუნონ ერთი იმდენიც.
35ხოლო თქვენ გიყვარდეთ თქვენი მტრები, კეთილი უყავით და სესხი მიეცით მათ, ისე, რომ არაფერს მოელოდეთ სანაცვლოდ; და დიდი იქნება თქვენი საზღაური, და იქნებით უზენაესის ძენი; რადგან ის კეთილმოწყალეა თვით უმადურთა და უკეთურთა მიმართ.
36მაშ, იყავით გულმოწყალენი, ისევე როგორც გულმოწყალეა მამა თქვენი.
37ნუ განსჯით და არ განისჯებით; ნუ დაჰგმობთ, და არ დაიგმობით; მიუტევეთ და მოგეტევებათ;
38გაეცით და მოგეცემათ: კეთილი, დაბეკნილი, დატენილი და თავდადგმული საწყაულით თქვენსავე კალთაში მოგეწყვებათ; ვინაიდან რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ.
39უთხრა მათ იგავიც: განა შეიძლება ბრმა წინ უძღოდეს ბრმას? განა ორივენი ორმოში არ ჩაცვივიან?
40არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი; არამედ ყველა, თვითონ სრულქმნილიც, იქნება როგორც მისი მოძღვარი.
41რას ხედავ ბეწვს შენი ძმის თვალში, ხოლო შენსაში დირესაც ვერა გრძნობ?
42ან როგორ შეგიძლია უთხრა შენს ძმას: ძმაო, მოდი ამოგიღო ბეწვი თვალიდან, და შენს თვალში კი დირესაც ვერ ხედავ? თვალთმაქცო, ჯერ შენი თვალიდან ამოიღე დირე და მერეღა ნახავ, როგორ ამოიღო შენი ძმის თვალიდან ბეწვი.
43ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა; იმიტომ, რომ არც ეკალზე კრეფენ ლეღვს და არც ნარისაგან მოისთვლიან ყურძენს.
45კეთილ კაცს თავისი გულის კეთილი საუნჯიდან გამოაქვს კეთილი და ბოროტ კაცს თავისი გულის ბოროტი საუნჯიდან გამოაქვს ბოროტი, რადგანაც გულის სისავსისგან მეტყველებს მისი ბაგე.
46რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
47ყველა, ვინც მოდის ჩემთან, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს მათ, გიჩვენებთ, ვისა ჰგავს:
48ჰგავს იგი სახლის მაშენებელ კაცს, რომელმაც ამოთხარა, ამოაღრმავა და კლდეზე დადო საძირკველი. წყალდიდობისას ეკვეთა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ვერ შეარყია, ვინაიდან კლდეზე იყო დაფუძნებული.
49ხოლო ვინც ისმენს და არ ასრულებს მათ, იმ კაცსა ჰგავს, მიწაზე უსაძირკვლოდ რომ დადგა სახლი, და როგორც კი ეკვეთა მდინარე, მყისვე დაინგრა და დიდი იყო ნგრევა იმ სახლის.
Next