Eleos

Contents

თავი - 16

Previous
1თავის მოწაფეებსაც უთხრა: იყთ ერთი მდიდარი კაცი და ჰყავდა მოურავი, რომელიც დააბეზღეს მის წინაშე, შენს ქონებას ანიავებსო.
2მოიხმო იგი და უთხრა: ეს რა მესმის შენზე? ჩამაბარე შენი სამოურაოს ანგარიში, რადგანაც ამიერიდან აღარ გიწერია მოურაობა.
3მაშინ მოურავმა თავის თავს უთხრა: რა ვქნა? აგერ ჩემი ბატონი მოურაობას მართმევს: თოხნა მე არ შემიძლია და თხოვნა კი მერცხვინება.
4თუმცა ვიცი, რაც უნდა ვქნა, რომ თავის ჭერქვეშ მიმიღოს ხალხმა, როცა მოურაობას ჩამომართმევენ.
5მოიხმო სათითაოდ თავისი ბატონის მოვალენი და ჰკითხა პირველს: რამდენი გმართებს ჩემი ბატონისა?
6მან მიუგო: ასი კასრი ზეთი. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი, დადექი სასწრაფოდ და დაწერე ორმოცდაათი.
7ახლა მეორეს ჰკითხა: შენ რამდენიღა გმართებს? და მან მიუგო: ასი კოდი პური. და უთხრა მას: აჰა, ინებე შენი თამასუქი და დაწერე ოთხმოცი.
8შეაქო ბატონმა ორგული მოურავი: ფხიანად მოიქეციო; ვინაიდან ამ სოფლის ძენი თავიანთ მსგავსთა შორის უფრო ფხიანნი არიან, ვიდრე ნათლის ძენი.
9ამიტომაც გეუბნებით, შეიძინეთ მეგობრები უსამართლო სიმდიდრით, რათა, როდესაც გაღარიბდებით, მიგიღონ საუკუნო სამყოფელში.
10მცირედში სანდო დიდშიც სანდოა. და მცირედში უნდო დიდშიც უნდოა.
11თუ ამ ცრუ და უსამართლთ სიმდიდრეში უნდონი იყავით, ჭეშმარიტს ვინ განდობთ თქვენ?
12ანდა თუ სხვისაში უნდონი იყავით, თქვენსას ვინ მოგცემთ?
13არცერთ მსახურს არ შეუძლია ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს შეიძულებს და მეორეს შეიყვარებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს შეიზიზღებს. ვერ შესძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.
14ისმენდნენ ყოველივე ამას ვერცხლისმოყვარე ფარისევლები და დასცინოდნენ მას.
15უთხრა მათ: თქვენა ხართ, მართლებად რომ მოგაქვთ თავი კაცთა წინაშე, მაგრამ ღმერთი იცნობს თქვენს გულს, რადგან ის, რაც მაღალია კაცთა შორის, სიბილწეა ღმერთის წინაშე.
16რჯული და წინასწარმეტყველნი - იოანემდე; ხოლო მას მერე ღმრთის სასუფეველი იხარება და ყველანი ძალით შედიან მასში.
17უმალ ცა და მიწა გადავლენ, ვიდრე თუნდაც ერთი წერტილი ამოვარდება რჯულიდან.
18ყველა, ვინც გაუშვებს თავის ცოლს და სხვას შეირთავს, მრუშობს, და ყველა, ვინც ქმარგანაშვებს შეირთავს, აგრეთვე მრუშობს.
19იყო ერთი მდიდარი კაცი, ძოწეული და ბისონი ეცვა და ყოველდღე შლიდა ბრწყინვალე სუფრას.
20იყო ერთი გლახაკიც, სახელად ლაზარე, რომელიც მის ჭიშკართან ეგდო, მთლიანად დაწყლულებული.
21ნატრობდა მდიდრის ნასუფრალით მოეკლა შიმშილი; ხოლო ძაღლები მოდიოდნენ და ლოკავდნენ მის წყლულებს.
22მოკვდა გლახაკი და აბრაამის წიაღში აიტაცეს ანგელოზებმა. მოკვდა მდიდარიც და დამარხეს.
23ჯოჯოხეთში, წამებულმა, აღაპყრო თვალნი და იხილა შორს აბრაამი და ლაზარე მის წიაღში.
24შესძახა და თქვა: მამაო აბრაამ, მოწყალება მოიღე და მომივლინე ლაზარე, რათა თითის წვერი ჩააწოს წყალში და ენა გამიგრილოს, ვინაიდან ვიდაგები ამ ცეცხლის ალში.
25მაგრამ აბრაამმა უთხრა: შვილო, გაიხსენე რომ შენსავე სიცოცხლეში მიიღე შენი სიკეთე, ლაზარემ კი - მხოლოდ ბოროტი. ამიტომ ახლა ის ინუგეშება, შენ კი იტანჯები.
26ეგეც არ იყოს, ჩვენსა და თქვენს შორის დევს დიდი უფსკრული, ასე რომ, გადმოსვლის მსურველი ვერც ჩვენგან თქვენსკენ გადმოვა და ვერც თქვენგან - ჩვენსკენ.
27ხოლო მან თქვა: გევედრები, მამათ, მამაჩემის სახლში მაინც გაგზავნე იგი.
28ვინაიდან ხუთი ძმა მყავს: მივიდეს და აუწყოს მათ, რათა ისინიც არ ჩაცვივდნენ ამ სატანჯველში.
29უთხრა მას აბრაამმა: მოსე და წინასწარმეტყველნი ჰყავთ; მათ უსმინონ.
30ხოლო მან თქვა: არა, მამაო აბრაამ; მაგრამ თუ ვინმე მკვდართაგანი მივა მათთან, შეინანებენ.
31და უთხრა მას აბრაამმა: თუკი მოსეს და წინასწარმეტყველთ არ უსმინეს, მკვდრეთითაც რომ აღდგეს ვინმე, არც მას ერწმუნებიან.
Next