Eleos

Contents

თავი - 14

Previous
1მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს, ფარისეველთა ერთ-ერთი მთავრის სახლში მივიდა იესო პურის საჭმელად, ხოლო ისინი უთვალთვალებდნენ მას.
2და, აჰა, წარსდგა მის წინაშე წყალმანკით სნეული კაცი.
3მაშინ იესომ უთხრა რჯულის მოძღვრებს და ფარისევლებს: შეიძლება თუ არა კაცის განკურნვა შაბათს?
4ხოლო ისინი დუმდნენ. ის კი შეეხო, განკურნა იგი და გაისტუმრა.
5და უთხრა მათ: რომელიმე თქვენგანს ვირი ან ხარი რომ ჩაუვარდეს ჭაში, განა დაუყოვნებლივ არ ამოიყვანს, შაბათიც რომ იყოს?
6ხოლო ამაზე ვეღარაფერი მიუგეს მას.
7როცა დაინახა, როგორ არჩევდნენ სტუმრები საპატიო ადგილებს, იგავით უთხრა მათ:
8ვინმემ რომ ქორწილში დაგპატიჟოს, ნუ დაჯდები სუფრის თავში; იქნებ შენზე საპატით სტუმარიც ჰყავს:
9შეიძლება მოვიდეს შენი და მისი მასპინძელი და გითხრას: ადგილი დაუთმე ამ კაცსო, და მოგიწევს შერცხვენილს სუფრის ბოლოში გადაჯდომა.
10ამიტომ, როცა მიგიწვევენ, მიდი და სუფრის ბოლოს დაჯექი, რათა მოვიდეს მასპინძელი და გითხრას: მეგობარო, სუფრის თავში გადმობრძანდიო, და პატივი დაგედება თანამეინახეთა თვალში.
11რადგანაც ყველა, ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
12ხოლო თავის მასპინძელს უთხრა: როცა სადილს ან ვახშამს მართავ, ნუ მოიწვევ ნურც შენს მეგობრებს, ნურც შენს ძმებს, ნურც შენს ნათესავებს, ნურც მდიდარ მეზობლებს, რათა მათაც არ მიგიწვიონ და, ამრიგად, მოგაგონ სანაცვლო.
13არამედ როცა წვეულება გაქვს, დაჰპატიჟე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი თუ ბრმანი.
14და ნეტარი იქნები, ვინაიდან ვერაფრით მოგაგებენ სანაცვლოს; ამიტომაც მოგეგება მართალთა აღდგომისას.
15ეს რომ გაიგონა, ერთმა თანამეინახემ უთხრა: ნეტარია, ვინც ჭამს პურს ღმრთის სასუფეველში.
16ხოლო იესომ მიუგო მას: ერთმა კაცმა დიდი წვეულება გამართა და მრავალნი მიიპატიჟა.
17როცა პურობის დრომ მოაწია, თავისი მონა გაგზავნა წვეულთა დასაძახებლად: მობრძანდით, ყველაფერი უკვე მზად მაქვსო.
18მაგრამ ყველამ ერთხმად დაიწყო მობოდიშება. ერთმა თქვა: ყანა ვიყიდე; უეჭველად უნდა მივიდე და დავხედო, გთხოვ, მაპატიო.
19მეორემ თქვა: ხუთი უღელი ხარი ვიყიდე და მათ გამოსაცდელად მივდივარ: გთხოვ, მაპატიო.
20მესამემ თქვა: ცოლი შევირთე და ამიტომ ვერ გეახლები.
21დაბრუნდა მონა და ყველაფერი მოახსენა პატრონს. მაშინ განრისხდა სახლის პატრონი და უთხრა თავის მონას: დაიარე სასწრაფოდ ქალაქის მოედნები და ქუჩები და მომგვარე გლახაკნი, საპყარნი, კოჭლნი და ბრმანი.
22მონამ უთხრა: ბატონო, შევასრულე შენი ბრძანება, მაგრამ მაინც გვრჩება ადგილი.
23მაშინ უთხრა ბატონმა მონას: გადი გზებსა და შუკებში და ძალით მორეკე წვეულნი, რათა აივსოს ჩემი სახლი.
24რადგანაც გეუბნებით: ვერცერთი იმ წვეულთაგანი ვერ იგემებს ჩემს სადილს.
25მასთან ერთად გზას ადგა დიდძალი ხალხი; მიუბრუნდა და უთხრა მათ:
26თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
27ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება უკან, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
28რადგან თუ რომელიმე თქვენგანი მოისურვებს კოშკის აგებას, განა თავდაპირველად არ დაჯდება და გამოთვლის ხარჯს, რაც დასჭირდება მის დასრულებას?
29რათა, საძირკველს თუ ჩაყრის, მაგრამ ვერ შესძლებს დაასრულოს, მნახველებმა არ დაუწყონ დაცინვა
30და თქვან: აი, კაცი, რომელმაც დაიწყო შენება და დასრულება კი ვერ შესძლოო.
31ან რომელი მეფე აღიძვრის მეორე მეფის წინააღმდეგ, თუ თავდაპირველად არ დაჯდა და მოითათბირა, შეუძლია თუ არა ათი ათასით გაუმკლავდეს ოცი ათას მომხდურს?
32თუ არადა, ელჩებს გაუგზავნის, სანამ ჯერ კიდევ შორსაა მტერი და დაზავებას სთხოვს.
33ასე, ვერც ერთი თქვენგანი, ვინც არ განუდგება ყველაფერს, რაც აბადია, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.
34კარგი რამ არის მარილი. მაგრამ თუ მარილი გამტკნარდა, რაღათი დაამარილებ?
35აღარც სამიწედ ვარგა და აღარც სანეხვედ, არამედ - მხოლოდ გადასაყრელად. ვისაც ყური აქვს სმენად. ისმინოს!
Next