თავი - 5
Previous1გავიდნენ ზღვის გაღმა და მიადგნენ გერასენელთა მხარეს.
2ნავიდან გადმოსვლისთანავე სამარხებიდან შემოეგება უწმინდური სულით შეპყრობილი კაცი,
3რომელსაც სამყოფლად სამარხები ჰქონდა და ჯაჭვითაც არავის შეეძლო მისი დაბმა,
4ვინაიდან მრავალგზის შეეკრათ ჯაჭვით და ბორკილებიც დაედოთ, მაგრამ გლეჯდა ჯაჭვს, ამსხვრევდა ბორკილებს და ვერავის დაეოკებინა იგი.
5დღე და ღამ მთებსა და სამარხებში დაძრწოდა, ღრიალებდა და ქვებს ახეთქებდა თავს.
6შორიდან რომ მოჰკრა თვალი იესოს, გამოიქცა და თაყვანი სცა მას.
7შეღაღადა და შესძახა: რა ხელი გაქვს ჩემთან, იესო, ძეო მაღალი ღმრთისაო: გაფიცებ შენს ღმერთს, ნუ მტანჯავ მე!
8რადგანაც იესომ უთხრა: გამოდი, სულო უწმინდურო, მაგ კაცისაგან!
9და ჰკითხა მას: რა გქვია სახელად? ხოლო მან მიუგო: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან მრავალნი ვართ.
10და ბევრი ევედრა, რათა იქიდან არ გაეძევებინა ისინი.
11იქვე, მთის ფერდობზე, ბალახობდა ღორების დიდი კოლტი.
12უწმინდურებმა მუდარით უთხრეს მას: გაგვგზავნე ღორებში, რომ მათში შევიდეთო.
13მაშინ ნება დართო იესომ და გამოვიდნენ უწმინდური სულნი, ღორებში შევიდნენ, და მთელი კოლტი, ორი ათასამდე სული, ზღვის კბოდეს მიაწყდა და წყალში ჩაიხრჩო.
14ხოლო მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს მოსდეს ეს ამბავი. და გამოვიდა მთელი ხალხი, რათა თავისი თვალით ეხილა, რაც მოხდა.
15მივიდნენ იესოსთან და დაინახეს, რომ ეშმაკეული, რომელსაც ჰყავდა ლეგიონი, ზის ჩაცმულ-დახურული და გონს მოსული; და შეძრწუნდნენ.
16ხოლო მხილველებმა უამბეს მათ, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
17და დაუწყეს ვედრება, აქაურობას გაეცალეო.
18ნავში რომ ჯდებოდა, ნაეშმაკეულევმა სთხოვა, თან წაეყვანა.
19მაგრამ იესომ ნება არ დართო და უთხრა: შინ წადი, შენიანებთან, და უამბე მათ, რა გიყო უფალმა და როგორ შეგიწყალა.
20ისიც წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, რა უყო მას იესომ, და უკვირდა ყველას.
21როცა იესო კვლავ გამოვიდა ნავით გამოღმა მხარეს, დიდძალი ხალხი შეგროვდა მასთან. და იყო იგი ზღვის პირას.
22და, აჰა, მივიდა მასთან სინაგოგის ერთი წინამძღვარი, სახელად იაიროსი, და, დაინახა თუ არა იგი, ფეხებში ჩაუვარდა.
23გულმხურვალედ შეევედრა და უთხრა: ჩემი ასული სიკვდილის პირასაა. მოდი და ხელი დაადე, რათა მორჩეს და იცოცხლოს.
24ისიც წაჰყვა; თან მისდევდა დიდძალი ხალხი და ზედ აწყდებოდა.
25ერთმა ქალმა, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა,
26ბევრი რამ დაეთმინა მრავალი მკურნალის ხელში, და დაეხარჯა ყველაფერი, რაც ებადა, მაგრამ არაფერში წასდგომოდა და, პირიქით, უარესად შექმნილიყო, -
27იესოს ამბავი რომ გაიგო, უკნიდან მიუახლოვდა ბრბოში და მის სამოსს შეეხო.
28ვინაიდან გულში ამბობდა: მის სამოსსაც რომ შევეხო, მეშველებაო.
29და მართლაც, შეხებისთანავე შეუწყდა სისხლის დენა, და ტანმა უგრძნო, რთმ განიკურნა სნეულებისგან.
30მაგრამ მაშინვე იესომ თავადაც იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: ვინ შეეხო ჩემს სამოსს?
31ხოლო მოწაფეებმა უთხრეს: ხომ ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება და შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?
32იესომ მიმოიხედა, რათა დაენახა ამის ჩამდენი.
33მაშინ ქალი, რომელიც მიხვდა, რაც დაემართა, შიშის კანკალით მიუახლოვდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე მოახსენა.
34ხოლო იესომ უთხრა: ასულო, შენმა რწმენამ გადაგარჩინა; წადი მშვიდობით, დახსნილი ხარ შენი სატანჯველისგან.
35ამას რომ ამბობდა, სინაგოგის წინამძღვართან მივიდნენ და უთხრეს: შენი ასული აღესრულა; რატომღა აწუხებ მოძღვარს?
36ხოლო იესომ ამ სიტყვების გაგონებისთანავე უთხრა სინაგოგის წინამძღვარს: ნუ გეშინია, შენ მხოლოდ გწამდეს.
37და არავის მისცა გაყოლის ნება, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
38მივიდა სინაგოგის წინამძღვრის სახლში, და იხილა შფოთი, მოტირალნი და მოზარენი.
39შევიდა და უთხრა მათ: რატომ შფოთავთ და მოსთქვამთ? გოგონა კი არ მომკვდარა, არამედ სძინავს.
40ხოლო ისინი დასცინოდნენ მას. მან კი გარეთ გამოასხა ყველანი, შეიყოლა მხოლოდ ბავშვის დედ-მამა და შევიდა, სადაც გოგონა იწვა.
41ხელი მოჰკიდა და უთხრა მას: ტალითა, კუმი! რაც თარგმანით ნიშნავს: შენ გეუბნები, პატარავ, აღდეგ!
42გოგონაც მაშინვე აღდგა და გაიარა; ხოლო ის თორმეტი წლისა იყო. და განცვიფრდნენ დიდად.
43იესომ მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს, და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასათვის.
Next