Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ შევიდა კაპერნაუმში; და გავარდა ხმა: შინ არისო.
2და მაშინვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კართანაც აღარ დარჩა ადგილი; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
3მოვიდნენ და მოჰგვარეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
4და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შესძლეს მასთან მისვლა, სახურავი ახადეს სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და ჭერიდან ჩაუშვეს სარეცელი, რომელზედაც დავრდომილი იწვა.
5მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები.
6იჯდა იქ ზოგიერთი მწიგნობარი და გულში ამბობდა:
7ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს: ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმერთისა?
8ხოლო იესომ მყისვე შეიცნო სულით, რასაც ფიქრობდნენ, და უთხრა მათ: რად ფიქრობთ მაგას თქვენს გულში?
9რა უფრო ადვილია: ამისი თქმა დამბლადაცემულის მიმართ: მოგეტევოს შენი ცოდვები; თუ ამისა: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი?
10მაგრამ რათა იცოდეთ, რომ ძეს კაცისას ძალი შესწევს ამ ქვეყნად ცოდვათა მიტევებისა, - უთხრა დავრდომილს:
11შენ გეუბნები: აღდეგ, აიღე შენი სარეცელი და წადი შენს სახლში.
12ისიც მაშინვე აღდგა, აიღო თავისი სარეცელი და გამოვიდა ყველას წინაშე, ისე რომ, უკვირდა ყველას, ადიდებდნენ ღმერთს და ამბობდნენ: არასოდეს ამგვარი რამ არ გვინახავსო.
13და კვლავ გამოვიდა იესო ზღვის პირას: მთელი ხალხი დაიძრა მისკენ, და ასწავლიდა მათ.
14გზად მიმავაღმა დაინახა ლევი ალფესი, რომელიც საბაჟოში იჯდა, და უთხრა მას, გამომყევიო: ისიც ადგა და გაჰყვა.
15ხოლო როცა ინახად იჯდა მის სახლში, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსა და მის მოწაფეებთან ერთად, ვინაიდან მრავალნი იყვნენ და მისდევდნენ მას.
16როცა მწიგნობრებმა და ფარისევლებმა დაინახეს, რომ მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად ჭამდა, მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
17ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
18იოანეს მოწაფეები და ფარისევლები მარხულობდნენ. მივიდნენ და უთხრეს მას: რატომ მარხულობენ იოანეს მოწაფეები და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არა?
19ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება მარხულობდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? სანამდის სიძე გვერდითა ჰყავთ, ვერ იმარხულებენ.
20დადგება დღე, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
21არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი და უფრო დაიხევა.
22არც ახალ ღვინოს ასხამს ვინმე ძველ ტიკებში; თორემ დახეთქს ახალი ღვინო ძველ ტიკებს, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება. არამედ ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ.
23მოხდა ისე, რომ შაბათ დღეს ყანაში მიდიოდა, და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
24ფარისევლებმა უთხრეს: შეხედე, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?
25ხოლო იესომ მიუგო მათ: ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, როგორ მოიქცა დავითი, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
26როგორ შევიდა ღმერთის სახლში, აბიათარის მღვდელმთავრობისას, და შეჭამა შესაწირავი პური, რისი ჭამის ნებაც არავის ჰქონდა, გარდა მღვდღებისა, და მისცა მასთან მყოფთაც?
27და უთხრა მათ: შაბათი კაცისათვის შეიქმნა, და არა კაცი შაბათისათვის.
28ასე რომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის.
Next