თავი - 13
Previous1ტაძრიდან რომ გამოდიოდა, ერთმა მოწაფეთაგანმა უთხრა: მოძღვარო, შეხედე, რა ქვებია და რა შენობები!
2მიუგო იესომ და უთხრა მას: ხედავ ამ დიდებულ შენობებს? ქვა ქვაზეც არ დარჩება აქ, არამედ ყველაფერი დაინგრევა.
3ხოლო როცა ზეთისხილის მთაზე, ტაძრის პირდაპირ იჯდა, განცალკევებით ჰკითხეს მას პეტრემ და იაკობმა, იოანემ და ანდრიამ:
4გვითხარი, როდის მოხდება ეს, ან იქნება ნიშანი იმისა, რომ ყოველივე ეს აღსრულდება?
5მიუგო იესომ და უთხრა მათ: ფხიზლად იყავით, რათა არავინ გაცდუნოთ.
6ვინაიდან მრავალნი მოვლენ ჩემი სახელით, და იტყვიან: მე ვარო, და მრავალს აცდუნებენ.
7ხოლო როდესაც გაიგებთ ომებსა და ომების ამბავს, ნუ შეძრწუნდებით, ვინაიდან ყოველივე ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული.
8რადგან აღდგება ხალხი ხალხის წინააღმდეგ და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ, და იქნება მიწისძვრანი ადგილ-ადგილ, იქნება შიმშილობა და შფოთი. და ეს - სალმობათა დასაბამია.
9არამედ მიხედეთ თქვენს თავს, რადგანაც მიგცემენ სამართალში, მათრახით გცემენ სინაგოგებში, და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, რათა უმოწმოთ მათ.
10და პირველად ყველა ხალხს უნდა ექადაგოს სახარება.
11ხოლო როდესაც წაგიყვანენ გასაცემად, წინასწარ ნუ იზრუნებთ, რა ვთქვათო, და ნურც წინასწარ მოიფიქრებთ სათქმელს; არამედ რაც მოგეცემათ იმ ჟამად, ის ილაპარაკეთ; რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ - სული წმიდა.
12და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
13და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
14როდესაც იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, დანიელ წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამს, რაც უადგილო ადგილას დევს (წამკითხველმა გაიგოს), მაშინ ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს.
15და ერდოზე მყოფი ნუ ჩამოვა ძირს თავისი სახლიდან რაიმეს გამოსატანად.
16მინდვრად მყოფი კი ნუ მიბრუნდება შინ თავისი სამოსის წამოსაღებად.
17ვაი ფეხმძიმეთ და მეძუძურთ იმ ხანად.
18ილოცეთ, რათა გაქცევამ არ მოგიწიოთ ზამთარში.
19რადგან იქნება იმ დღეებში ჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა ქვეყნის დასაბამიდან, რომელიც შექმნა ღმერთმა, დღევანდელ დღემდე, და არც იქნება.
20და უფალს რომ არ შეემოკლებინა ის დღენი, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ძეხორციელი; მაგრამ რჩეულთათვის შეამოკლა ის დღენი.
21მაშინ, თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან კიდევ - იქო, ნუ ერწმუნებით.
22რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ სასწაულებსა და ნიშებს, რათა აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც.
23ხოლო თქვენ ფხიზლად იყავით. აჰა, ყოველივე წინასწარ გაუწყეთ თქვენ.
24და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს.
25ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი.
26მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალი ძალით.
27მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.
28ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
29ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რთმ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი.
30ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.
31ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
32მაგრამ იმ დღისა და იმ საათისა არავინ არაფერი იცის, არც ანგელოზებმა ცაში, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
33ფრთხილად იყავით, იფხიზლეთ და ილოცეთ, რადგან არ იცით, როდის მოაწევს ჟამი.
34მსგავსად კაცისა, შორს რომ გაემგზავრა, მიატოვა თავისი სახლი და მისცა თავის მონებს გამგებლობა, თვითეულს თავისი საქმე მიუჩინა და უბრძანა კარის მცველს, ფხიზლად სჭეროდა თვალი.
35მაშ, იფხიზლეთ, ვინაიდან არ იცით, როდის მოვა სახლის პატრონი: საღამოს, შუაღამისას, მამლის ყივილისას თუ განთიადისას.
36რათა ანაზდად არ მოგისწროთ მძინარეთ.
37ხოლო რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ.
Next