თავი - 23
Previous1მაშინ იესომ მიმართა ხალხს და თავის მოწაფეებს:
2მოსეს სავარძელზე მწიგნობარნი და ფარისეველნი სხედან;
3მაშ, ყველაფერი, რის დაცვასაც გირჩევენ, დაიცავით და აღასრულეთ, მაგრამ მათ საქმეს კი ნუ მიბაძავთ, ვინაიდან ამბობენ და არ ასრულებენ.
4რადგან მძიმე ტვირთს ჰკრავენ და ძნელად სატვირთველს, და ხალხს მხრებზე ადებენ; თვითონ კი თითის განძრევაც არ სურთ მის დასაძრავად.
5და მთელ თავიანთ საქმეს აკეთებენ კაცთა დასანახავად; აგანიერებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და აგრძელებენ თავიანთი სამოსის კალთებს.
6უყვართ წვეულებებზე სუფრის თავში წამოჭიმვა და წინა რიგები სინაგოგებში.
7და სალმის ძღვნა მოედნებზე, რათა ხალხი მიმართავდეს მათ: რაბი! რაბი!
8თქვენ კი ნუ იწოდებით ასე: რაბი! ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ.
9ნურც თქვენს მამას უწოდებთ ვინმეს ამ ქვეყნად, ვინაიდან ერთია მამა თქვენი ზეციერი.
10და ნურც წინამძღვრებად იწოდებით, ვინაიდან ერთია თქვენი წინამძღვარი - ქრისტე.
11ხოლო თქვენს შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს.
12რადგან ვინც აიმაღლებს თავის თავს, დამდაბლდება, და ვინც დაიმდაბლებს თავის თავს, ამაღლდება.
13ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
14ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან ნთქამთ ქვრივთა სახლებს და თანაც პირმოთნედ ლოცულობთ დიდხანს; მით უფრო მძიმე იქნება თქვენი სასჯელი.
15ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან დაძრწიხართ ზღვასა თუ ხმელზე, რათა მოაქციოთ თუნდაც ერთი კაცი: და როცა მოაქცევთ, გეენის კერძად აქცევთ მას, თვით თქვენზე ორჯერ მეტად.
16ვაი თქვენდა, ბრმა წინამძღვარნო, რომლებიც ამბობთ: თუ ვინმე დაიფიცავს ტაძარს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს ტაძრის ოქროს, მოვალეა.
17შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: ოქრო თუ ტაძარი, რომელიც გაწმენდს ოქროს?
18და მერე: თუ ვინმე დაიფიცავს საკურთხევვლს, არაფერია, ხოლო თუ ვინმე დაიფიცავს შესაწირავს, რომელიც დევს საკურთხეველზე, მოვალეა.
19შლეგნო და ბრმანო, რა უფრო მეტია: შესაწირავი თუ საკურთხეველი, რომელიც გაწმენდს შესაწირავს?
20რადგან ვინც იფიცავს საკურთხეველს, იფიცავს მას და ყოველივე იმას, რაც საკურთხეველზეა.
21და ვინც იფიცავს ტაძარს, იფიცავს მას და მის მკვიდრსაც.
22და ვინც იფიცავს ცას, იფიცავს ღმრთის ტახტს და მასზე მჯდომარესაც.
23ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც იხდით მეათედს პიტნისას, კამისას, კვლიავისას, და დაგიტევებიათ ის, რაც უმთავრესია რჯულში: სამართალი, წყალობა და რწმენა. ეს უნდა გექნათ, და არც ის მიგეტოვებინათ.
24ბრმა წინამძღვარნო, რომელნიც გადასწურავთ ქინქლს და აქლემს კი შთანთქამთ.
25ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, გარედან რომ წმენდთ სასმისსა თუ ჯამს, შიგნით კი სავსენი არიან ნაძარცვითა და ნაოხარით.
26თვალდავსილო ფარისეველო, ჯერ შიგნიდან გაწმინდე სასმისი თუ ჯამი, რათა წმიდა იყოს გარეთაც.
27ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ასე რომ ჰგავხართ შეფეთქილ საფლავებს, რომლებიც გარედან მშვენიერნი ჩანან, ხოლო შიგნით სავსენი არიან მკვდრების ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
28ასევე თქვენც გარეგნულად მართალნი ჰგონიხართ ხალხს, შიგნით კი სავსენი ხართ თვალთმაქცობითა და ურჯულოებით.
29ვაი თქვენდა, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომელნიც აგებთ წინასწარმეტყველთა სამარხებს და ამკობთ მართალთა ძეგლებს;
30და ამბობთ: ჩვენი მამების დროს რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდით მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
31ამრიგად, თქვენი თავის წინააღმდეგ თვითონვე მოწმობთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ნაშიერნი ხართ.
32და აღავსეთ საწყაული თქვენი მამების.
33გველნო, იქედნეს ნაშიერნო, როგორ გაექცევით გეენის სასჯელს?
34ამიტომ, აჰა, გიგზავნით წინასწარმეტყველთ, ბრძენთა და მწიგნობართ; და ზოგს მოჰკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს მათრახით სცემთ სინაგოგებში და ზოგსაც ქალაქიდან ქალაქად დაუწყებთ დევნას;
35რათა მოიწიოს თქვენზე ამ ქვეყნად დათხეული ყოველი მართალი სისხლი, აბელ მართლის სისხლიდან ვიდრე სისხლამდე ბარაქიას ძისა, ზაქარიასი, რომელიც მოჰკალით ტაძარსა და საკურთხეველს შორის.
36ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოიწევა ამ მოდგმაზე.
37იერუსალიმ, იერუსალიმ, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენდამი მოვლინებულთა ქვებით ჩამქოლველო! რამდენჯერ ვცადე შემეკრიბა შენი შვილები, როგორც ფრინველი კრებს ბარტყებს თავის ფრთებქვეშ, და არ ისურვე.
38და აჰა, გრჩებათ თქვენი სახლი ოხრად.
39რადგანაც გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, სანამ არ იტყვით: კურთხეულია მომავალი უფლის სახელით!
Next