Eleos

Contents

თავი - 20

Previous
1ვინაიდან მსგავსია ცათა სასუფეველი ოჯახის პატრონისა, რომელიც გამოვიდა დილაუთენია, რათა თავის ვენახში სამუშაოდ დაექირავებინა მუშები.
2დღეში თითო დინარად გაურიგდა მათ და თავის ვენახში გაგზავნა ისინი.
3მერე გამოვიდა დაახლოებით სამ საათზე, და დაინანა მოედანზე უქმად მდგომი სხვა მუშები.
4და უთხრა მათ: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.
5ისინიც წავიდნენ. და კვლავ გამოვიდა მეექვსე და მეცხრე საათს და ასევე მოიქცა.
6ბოლოს, გამოვიდა ასე თერთმეტ საათზე, დაინახა უქმად მდგომი სხვა მუშები, და უთხრა მათ: რატომ დგახართ მთელი დღე ასე უქმად?
7მათ უთხრეს: იმიტომ, რომ არავინ დაგვიქირავა, ხოლო მან თქვა: წადით თქვენც ჩემს ვენახში, და რაც გერგებათ, მოგცემთ.
8რომ მოსაღამოვდა, ვენახის პატრონმა თავის მოურავს უთხრა: დაუძახე მუშებს და მიეცი საზღაური, უკანასკნელთაგან მოყოლებული პირველებამდე.
9მოვიდნენ თერთმეტზე დაქირავებულნი, და მიიღეს თითო დინარი.
10მოვიდნენ პირველნიც და ეგონათ, უფრო მეტი მოგვიწევსო, მაგრამ მათაც თითო დინარი მიიღეს.
11და როცა მიიღეს, ყვედრება დაუწყეს ვენანის პატრონს
12და თქვეს: ეს უკანასკნელნი მხოლოდ ერთ საათს მუშაობდნენ და ჩვენ კი გაგვითანაბრე, რომელთაც ვიტვირთეთ სიმძიმე დღისა და სიცხე.
13ხოლო მან პასუხად უთხრა ერთ მათგანს: მეგობარო, უსამართლოდ არ მოგქცევივარ: განა ერთ დინარად არ მომირიგდი?
14მიიღე შენი და წადი: მე მინდა, ამ უკანასკნელსაც იგივე მივცე, რაც შენ.
15იქნებ ნება არა მაქვს, როგორც მსურს, ისე მოვექცე ჩემსას? ან იქნებ შენი თვალია უკეთური, იმიტომ, რომ მე ვარ კეთილი?
16ასე იქნებიან უკანასკნელნი - პირველნი, და პირველნი - უკანასკნელნი, ვინაიდან მრავალნი არიან ხმობილნი და მცირედნი - რჩეულნი.
17და როცა ადიოდა იერუსალიმს, იესომ ცალკე გაიხმო გზაში თავისი თორმეტი მოწაფე და უთხრა მათ:
18აჰა, ავდივართ იერუსალიმს, და ძე კაცისა მიეცემა მღვდელმთავრებსა და მწიგნობრებს, და მიუსჯიან მას სიკვდილს;
19და საგინებლად, საგვემად და ჯვარზე საცმელად მისცემენ მას წარმართთ: და აღდგება მესამე დღეს.
20მაშინ ზებედეს ძეთა დედა თავისი ვაჟებითურთ მიეახლა მას, თაყვანს სცემდა და რაღაცას ევედრებოდა.
21მან უთხრა: რა გსურს? ხოლო ქალმა მიუგო მას: თქვი, რომ ეს ჩემი ორი ძე შენს სასუფეველში ერთი შენს მარჯვნივ, მეორე კი შენს მარცხნივ დაჯდეს.
22იესომ პასუხად თქვა: არ იცით, რას ითხოვთ. შეგიძლიათ შესვათ სასმისი, რომელიც მე უნდა შევსვა? მათ თქვეს: შეგვიძლია.
23ხოლო იესომ უთხრა მათ: ჩემს სასმისს შესვამთ, მაგრამ მე როდი მომეცა, თუ ვინ დაჯდება ჩემს მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ ვისთვისაც ეს გამზადებულია ჩემი მამის მიერ.
24ამის მოსმენისას ათი მოწაფე რისხვით აღივსო ორივე ძმის მიმართ.
25ხოლო იესომ მიიხმო ისინი და უთხრა: თქვენ იცით, რომ ხალხთა მთავარნი მბრძანებლობენ მათზე, და დიდებულნი განაგებენ მათ.
26ხოლო თქვენს შორის ნუ იქნება ასე, არამედ ვინც თქვენში მოისურვებს უფროსობას, თქვენს მსახურად იქცეს.
27და ვინც თქვენს შორის მოისურვებს პირველობას, თქვენს მონად იქცეს.
28რადგან ძე კაცისა იმისთვის კი არ მოვიდა, რომ სხვები იმსახუროს, არამედ რათა სხვებს ემსახუროს და მრავალთა სახსნელად მისცეს თავისი სული.
29როდესაც გამოვიდნენ იერიხონიდან, მისდევდა მას დიდძალი ხალხი.
30და აჰა, ორი ბრმა იჯდა გზის პირას, და როდესაც გაიგონეს, იესო მოდისო, აყვირდნენ და თქვეს: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!
31ხოლო ხალხი ტუქსავდა მათ და აჩუმებდა. ისინი კი უფრო ხმამაღლა ყვიროდნენ: შეგვიწყალე ჩვენ, უფალო, დავითის ძეო!
32იესო შეჩერდა, მიიხმო ისინი და უთხრა: რას მოითხოვთ ჩემგან?
33მათ მიუგეს: თვალის ახელას, უფალო.
34შეებრალა ისინი იესოს და შეეხო მათ თვალებს; იმ წამსვე აეხილათ თვალი და გაჰყვნენ მას.
Next