Eleos

Contents

თავი - 2

Previous
1ხოლო როცა იუდეის ბეთლემში დაიბადა იესო ქრისტე, ჰეროდეს მეფობის ჟამს, აჰა, აღმოსავლეთით მოვიდნენ მოგვნი იერუსალიმს,
2და თქვეს: სად არის იუდეველთა ახალშობილი მეფე? ვინაიდან ვიხილეთ მისი ვარსკვლავი აღმოსავლეთში და მოვედით, რათა თაყვანი ვცეთ მას.
3ეს რომ გაიგო, შეძრწუნდა მეფე ჰეროდე და მთელი იერუსალიმი მასთან ერთად.
4შეკრიბა ყველა მღვდელმთავარი და ერის მწიგნობარნი და გამოიკითხა მათგან, სად უნდა შობილიყო იესო ქრისტე.
5ხოლო მათ უთხრეს: იუდეის ბეთლემში; ვინაიდან ასე დაიწერა წინასწარმეტყველის მიერ:
6და შენ, ბეთლემ, იუდას ქვეყანაო, არაფრითა ხარ უმცირესი იუდას მთავართა შორის, ვინაიდან შენგან გამოვა მთავარი, რომელიც დამწყემსავს ჩემს ერს ისრაელს.
7მაშინ ჰეროდემ ფარულად მოუწოდა მოგვებს და გამოიკითხა მათგან ვარსკვლავის გამოჩენის ჟამი.
8წარგზავნა ისინი ბეთლემს და უთხრა: წადით და გამოწვლილვით გამოიძიეთ ყრმის ამბავი, და როდესაც ჰპოვებთ, მაცნობეთ მე, რათა თავადაც მივიდე და თაყვანი ვცე მას.
9ხოლო მათ უსმინეს მეფეს და წავიდნენ. და, აჰა, ვარსკვლავი, რომელიც იხილეს აღმოსავლეთით, წინ მიუძღოდა მათ, სანამ არ მივიდა და თავს დაადგა იმ ადგილს, სადაც ყრმა იყო.
10ხოლო მათ, ვარსკვლავის დანახვისას, ძალიან დიდი სიხარულით გაიხარეს.
11როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი და მური.
12და ეუწყათ სიზმრად, არ დაბრუნებულიყვნენ ჰეროდესთან და სხვა გზით მიიქცნენ თავიანთ ქვეყნად.
13ხოლო მათი წასვლის შემდეგ, აჰა, ანგელოზი უფლისა ეჩვენა სიზმრად იოსებს და უთხრა: ადექი, წაიყვანე ყრმა და დედა მისი და გაიქეცი ეგვიპტეს; და იყავი იქ, სანამ არ გეტყვი შენ; ვინაიდან ჰეროდეს სურს მოძებნოს ყრმა და მოაკვდინოს იგი.
14ისიც ადგა, წაიყვანა ყრმა და დედა მისი ღამით, და წავიდა ეგვიპტეს.
15და იყო იქ ჰეროდეს აღსასრულამდე; რათა აღსრულებულიყო სიტყვა უფლისა, თქმული წინასწარმეტყველის მიერ: ეგვიპტით მოვუხმე ჩემს ძეს.
16მაშინ, რა იხილა ჰეროდემ, რომ მოტყუებულ იქნა მოგვების მიერ, ძალზე განრისხდა, წარგზავნა ხალხი და ამოაწყვეტინა ყოველი ყრმა ბეთლემსა და მთელს მის შემოგარენში, ორ-ორი წლისა და უმრწემესნი, თანახმად ასაკისა, რომელიც გამოიკითხა მოგვებისაგან.
17მაშინ აღსრულდა თქმული იერემია წინასწარმეტყველის მიერ, რომელიც ამბობს:
18ხმა გაისმა რამაში გოდებისა და დიდი გლოვისა: რაქელი დასტირის თავის შვილებს და არა სურს ნუგეში, ვინაიდან აღარ არიან.
19ხოლო როდესაც აღესრულა ჰეროდე, აჰა, ანგელოზი უფლისა გამოეცხადა სიზმრად იოსებს ეგვიპტეში,
20და უთხრა: ადექი და წაიყვანე ყრმა და დედამისი და წადი ისრაელის ქვეყნად, ვინაიდან მოკვდნენ ისინი, ვინც ეძიებდნენ ყრმის სულს.
21ისიც ადგა და წამოიყვანა ყრმა და დედამისი და მოვიდა ისრაელის ქვეყნად.
22მაგრამ, როდესაც გაიგო, არქელაოსი მეფობსო იუდეაში მამამისის ჰეროდეს ნაცვლად, შეეშინდა იქ მისვლა და სიზმარეული ჩვენებით გაფრთხილებულმა მიაშურა გალილეის მხარეს.
23მივიდა და დაესახლა ქალაქში, რომელსაც ჰქვია ნაზარეთი, რათა აღსრულებულიყო თქმული წინასწარმეტყველთა მიერ: ნაზარეველად იწოდებისო.
Next