Eleos

Contents

თავი - 10

Previous
1მოუხმო თავის თორმეტ მოწაფეს, და მისცა მათ ხელმწიფება უწმინდურ სულთა განდევნისა და ყოველგვარი სენისა თუ ყოველგვარი უძლურების განკურნებისა.
2ხოლო ამ თორმეტი მოციქულის სახელებია: პირველად სიმონი, პეტრედ წოდებული, და მისი ძმა ანდრია; იაკობი ზებედესი და მისი ძმა იოანე;
3ფილიპე და ბართლომე; თომა და მათე მებაჟე; იაკობი ალფესისა და ლებეოსი, თადეოსად სახელდებული;
4სიმონ კანანელი და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
5აი, ეს თორმეტი წარგზავნა იესომ, უბრძანა და უთხრა მათ: წარმართთა გზით ნუ ივლით, და ნუ შეხვალთ სამარიელთა ქალაქში.
6არამედ მიაკითხეთ უპირატესად ისრაელის სახლის დაკარგულ ცხვრებს.
7მიაკითხეთ და უქადაგეთ, რომ მოახლოვდა ცათა სასუფეველი.
8განკურნეთ სნეულნი, განწმინდეთ კეთროვანნი, აღადგინეთ მკვდარნი, განდევნეთ ეშმაკნი; უსასყიდლოდ მიგიღიათ და უსასყიდლოდვე გაეცით.
9ნუ წაიტანებთ სარტყლით ნურც ოქროს, ნურც ვერცხლს, ნურც რვალს;
10ნურც აბგას გზაში, ნურც ორ ხელ სამოსს, ნურც ფეხსაცმელს, ნურც არგანს, ვინაიდან ღირსია მაშვრალი თავისი საგზლისა.
11რომელ ქალაქში ან დაბაშიც უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული, და მისას დადექით, ვიდრე გამოსვლამდე.
12ხოლო სახლში შესვლისას მიესალმეთ მას და თქვით: მშვიდობა ამ სახლს.
13და თუ სახლი ღირსი იქნება, თქვენი მშვიდობა მიუვა მას, თუ არა და, თქვენი მშვიდობა თქვენავე დაგიბრუნდებათ.
14და თუ არავინ მიგიღებთ და არც შეისმენს თქვენს სიტყვებს, იმ სახლიდან თუ ქალაქიდან გამოსვლისას ჩამოიბერტყეთ თქვენი ფეხიდან მტვერი.
15ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: განკითხვის დღე სოდომისა და გომორის მხარისათვის უფრო ასატანი იქნება, ვიდრე იმ ქალაქისათვის.
16აჰა, მე გგზავნით თქვენ როგორც ცხვრებს მგლების ხროვაში; მაშ, იყავით გონიერნი, როგორც გველები, და უმანკონი, როგორც მტრედები.
17ეკრძალეთ ადამიანებს, ვინაიდან ისინი მიგცემენ სამართალში და თავიანთ სინაგოგებში მათრახით გცემენ თქვენ.
18და მიგიყვანენ ჩემს გამო მთავრებისა და მეფეების წინაშე, მათთვის და წარმართთათვის სამოწმებლად.
19ხოლო როდესაც გაგცემენ, ნუ იზრუნებთ, როგორ ვთქვათ, ანდა რა ვთქვათო; ვინაიდან თავად მოგეცემათ მაშინ სათქმელი.
20რადგან თქვენ კი არ ილაპარაკებთ, არამედ სული თქვენი მამისა ილაპარაკებს თქვენში.
21და გასცემს ძმა სასიკვდილოდ ძმას, და მამა - შვილს; შვილები აღდგებიან მშობლების წინააღმდეგ და დახოცავენ მათ.
22და მოგიძულებთ ყველა ჩემი სახელის გამო; ხოლო ვინც ბოლომდე დაითმენს, იგი ცხონდება.
23და როდესაც დაგიწყებენ დევნას ერთ ქალაქში, მიაშურეთ მეორეს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვერ მოასწრებთ ისრაელის ყველა ქალაქის მოვლას, რომ მოვა ძე კაცისა.
24არ არის მოწაფე, თავის მოძღვარზე უმეტესი, და არც მონა, თავის მბრძანებელზე უპირატესი.
25საკმარისია მოწაფისათვის, იყოს ისეთი, როგორც მისი მოძღვარი, და მონისათვის - როგორც მისი მბრძანებელი. თუ სახლის პატრონს ბელზებულად უხმობენ, მით უმეტეს, სახლეულს მისას.
26მაშ, ნუ გეშინიათ მათი, ვინაიდან არ არსებობს დაფარული, რომ არ გამოჩნდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს.
27რასაც სიბნელეში გეუბნებით, სინათლეზე თქვით, და რაც ყურში ჩაგესმით, ერდოებზე იქადაგეთ.
28ნუ გეშინიათ მათი, რომელნიც ჰკლავენ ხორცს, მაგრამ არ შეუძლიათ სულის მოკვლა; არამედ უფრო გეშინოდეთ იმისა, ვისაც შეუძლია სულიცა და ხორციც წარწყმიდოს გეენას.
29განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება.
30ხოლო თქვენს თავზე ყოველი ღერი თმაც სათითაოდ დათვლილია.
31მაშ, ნუ შიშობთ, ვინაიდან უთვალავ ბეღურაზე უმჯობესნი ხართ.
32ყველას, ვინც მაღიარებს კაცთა წინაშე, მეც ვაღიარებ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
33ხოლო ვინც უარმყოფს კაცთა წინაშე, მეც უარვყოფ ჩემი ზეციერი მამის წინაშე.
34ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამ ქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.
35ვინაიდან მოვედი, რათა გავყარო ვაჟი მამამისს, ქალი - დედამისს, და რძალი - დედამთილს მისას.
36და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი.
37ვისაც მამა ან დედა ჩემზე ზეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი;
38ვინც არ აიღებს თავის ჯვარს და არ გამომყვება, არ არის ჩემი ღირსი.
39ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას; და ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას.
40ვინც თქვენ შეგიწყნარებთ, მე შემიწყნარებს; ხოლო ვინც მე შემიწყნარებს, შეიწყნარებს ჩემს მომავლინებელს.
41ვინც წინასწარმეტყველის სახელით შეიწყნარებს წინასწარმეტყველს, წინასწარმეტყველის საზღაურს მიიღებს; და ვინც მართლის სახელით შეიწყნარებს მართალს, მართლის საზღაურს მიიღებს.
42და ვინც მოწაფის სახელით მიაწვდის ცივ წყალს ერთს ამ მცირეთაგანს, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არ დაეკარგება თავისი საზღაური.
Next