Eleos

Contents

თავი - 12

Previous
1განაჩენი, სიტყვა უფლისა ისრაელზე. ასე ამბობს უფალი; რომელმაც გადაფინა ცა და დაამყარა მიწა, რომელმაც გამოსახა ადამის სული მის წიაღში.
2აჰა, გავხდი იერუსალიმს სიბრუვის თასად ყოველი ხალხისთვის ირგვლივ და თვით იუდასთვის, როცა ალყაში მოექცევა იერუსალიმი.
3დადგება დრო და გავხდი იერუსალიმს საჯილდაო ქვად ყოველი ხალხისთვის და ყოველი მისი ამწევი წელში გაწყდება და ქვეყნის ყოველი ერი მის წინააღმდეგ შეიკრიბება.
4იმ დღეს, ამბობს უფალი, გავაცოფებ ყველა ცხენს და შევშლი მის მხედარს; მაგრამ იუდაზე მექნება თვალი გახელილი, როცა ხალხების ყველა ცხენს დავაბრმავებ.
5იტყვიან იუდას ათასეულნი თავიანთ გულში: ჩემი ძალა იერუსალიმის მცხოვრებნი არიან ცაბაოთ უფლის, მათი ღვთის შეწევნით.
6გავხდი იმ დღეს იუდას ათასეულთ ანთებულ ქურად ხეთა შორის და ანთებულ ჩირაღდნად ძნებს შორის და შთანთქავენ მარჯვნივ და მარცხნივ ყველა ხალხის ირგვლივ; იერუსალიმი კი კვლავ დასახლდება თავის ადგილზე, იერუსალიმში.
7იუდას კარვებს იხსნის უფალი, რომ დავითის სახლის დიდებამ და იერუსალიმის მცხოვრებთა დიდებამ არ გადააჭარბოს იუდას დიდებას.
8იმ დღეს დაიფარავს უფალი იერუსალიმის მცხოვრებთ და ძაბუნი მათ შორის დავითივით იქნება იმ დღეს; დავითის სახლი კი ღმერთივით იქნება, უფლის ანგელოზვით იქნება მათ წინაშე.
9იმ დღეს იქნება, რომ გადავწყვეტ ყოველი ხალხის განადგურებას, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე.
10გადმოვღვრი დავითის სახლზე და იერუსალიმის მცხოვრებთა თავზე წყალობისა და შეწყალების სულს და მიხილავენ ისინი, რომლებიც განგმირეს მათ; დაიტირებენ მას, როგორც ძხოლოდშობილს ტირიან და გამწარდებიან მის გამო, როგორც პირმშოს გამო მწარდებიან.
11იმ დღეს გაიმართება დიდი გლოვა იერუსალიმში, როგორც გლოვა ჰადადრიმონისა მეგიდონის ხეობაში.
12იგლოვებს ქვეყანა, ყოველი საგვარეულო ცალკე; დავითის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები გალკე; ნათანის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე;
13ლევის სახლის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე; შიმყის საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.
14ყველა დარჩენილი საგვარეულო, ყოველი საგვარეულო ცალკე და მათი რძლები ცალკე.
Next