Eleos

Contents

თავი - 1

Previous
1უფლის სიტყვა, რომელიც იყო მორეშეთელ მიქას მიმართ იუდას მეფეების - იოთამის, ახაზის და იეხიზკიას დროს, და რომელიც იხილა სამარიასა და იერუსალიმის გამო.
2ისმინეთ, ხალხებო, ყველამ! გაიგონოს დედამიწამ და მისმა სისავსემ! უფალი ღმერთი იყოს მოწმე თქვენს წინააღმდეგ, უფალი თავისი წმიდა ტაძრიდან.
3რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი ადგილიდან, ჩამოდის და თელავს დედამიწის გორაკებს.
4მთები დნებიან მის ქვეშ და ველები სკდებიან, როგორც ცვილი ცეცხლის წინაშე, როგორც ქარაფებიდან ვარდნილი წყალი.
5იაკობის უკეთურების გამოა ეს ყველაფერი და ისრაელის სახლის ცოდვის გამო. რა არის იაკობის უკეთურება? სამარია ხომ არა? რა არის იუდას გორაკები? იერუსალიმი ხომ არა?
6ქვების გროვად ვაქცევ ტრამალზე სამარიას, ვენახის ჩასაყრელ ადგილად; ველად გადავყრი მის ქვებს და გავაშიშვლებ მის საძირკველს.
7ყველა მისი კერპი გაცამტვერდება, ყველა მისი ნამსხვერპლი ცეცხლში დაიწვება და გავანადგურებ ყველა მის ქანდაკს, რადგან ბოზობის გასამრჯელოთი აგროვებდა მათ; ამიტომაც ბოზობის გასამრჯელოდ შეიქნებიან.
8ამაზე ვგლოვობ და მოვთქვამ, ფეხშიშველი და ტიტველი დავდივარ, ტურასავით ვკივი და სირაქლემასავით ვკვნესი.
9რადგან უკურნებელია მისი ჭრილობები; რადგან მიადგა იუდას და ჩემი ერის კარიბჭეს - იერუსალიმსაც უწია.
10ნუ ამცნობთ გათში, ტირილს ნუ გამართავთ! მტვერში გაგორდით ბეთ-ლეყაფრაში.
11ჩაიარეთ თქვენთვის, შაფირელნო, სამარცხვინო სიშიშვლეში! ვერ დააღწევს თავს ცაანანელი; ბეთეცელში გლოვა არ გაგაჩერებთ.
12რადგან სწუხს თავის დოვლათზე მაროთელი დიაცი, რადგან უბედურებამ ჩამოაღწია უფლისგან იერუსალიმის კარიბჭემდე.
13შეაბი ეტლში რაშები, ლაქიშელო (ის არის ცოდვის დასაბამი სიონის ასულისთვის!), რადგან შენ გამოგაჩნდა ისრაელის შეცოდებანი!
14ამიტომ გაუგზავნი განტევების საჩუქარს მორეშეთ-გათს; აქზიბის სახლები გააცურებენ ისრაელის მეფეებს.
15ახალ პატრონს მოგიყვან, მარეშელო, ყადულამს მიაღწევს ისრაელის დიდება.
16თმა გადიპარსე, გაიკრიჭე სანუკვარი შვილების გამო; თავი გაიქაჩლე არწივივით, რადგან გადაასახლებენ შენგან.
Next