თავი - 1
Previous1იყო უფლის სიტყვა იონაზე, ამითაის ძეზე:
2ადექი, წადი ნინევეში, დიდ ქალაქში, და ამცნე, რომ მომწვდა მისი ბოროტების ამბავი.
3ადგა იონა, რომ თარშიშში გაქცეულიყო უფლის პირისგან. ჩავიდა იაფოში, მონახა თარშიშს მიმავალი ხომალდი, გადაიხადა საფასური, ჩაჯდა შიგ და მათთან ერთად გაემგზავრა თარშიშისკენ, რომ უფლის პირისგან გადახვეწილიყო.
4ამოაგდო უფალმა ძლიერი ქარი ზღვაზე. დიდმა ქარიშხალმა ააბობოქრა ზღვა; ცოტაც და, უნდა დალეწიღიეო ხომალდი.
5შეშინდნენ მეზღვაურები, ყველამ თავ-თავის ღმერთს შეჰღაღადა; ზღვაში გადაყარეს, რაც რამ საქონელი ჰქონდათ ხომალდზე, რომ შეემსუბუქებინათ იგი. იონა კი ხომალდის ბანქვეშ ჩასულიყო, იწვა და ეძინა.
6მივიდა მასთან ხომალდის უფროსი და უთხრა: რას დაგიძინია? ადექი, შენც შეჰღაღადე შენს ღმერთს, ვინძლო შეგვიწყალოს ღმერთმა და არ დავიღუპოთ.
7თქვა ერთმანეთში ხალხმა: მოდით, წილი ვყაროთ და გავიგოთ, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში. ყარეს წილი და შეხვდა წილი იონას.
8ჰკითხეს: გვითხარი, ვის გამო ჩავცვივდით ამ განსაცდელში; რა ხელობის კაცი ხარ, საიდან მოდიხარ, სადაური ხარ, რა რჯულისა?
9მიუგო: ებრაელი ვარ, მოშიშარი უფლისა, ცათა ღმერთისა, რომელმაც ზღვა და ხმელეთი შექმნა.
10დიდად შეეშინდათ ამ კაცებს, უთხრეს: ეს რა ჩაგიდენიაო, როცა გაიგეს, რომ უფლის პირისგან იყო გაქცეული; რადგან თვითონვე გამოუტყდა.
11ჰკითხეს: რა უნდა გიყოთ, რომ ზღვა დაგვიწყნარდესო? რადგან ზღვა კვლავინდებურად ღელავდა.
12მიუგო: ამიღეთ, გადამაგდეთ ზღვაში და ზღვა დაგიწყნარდებათ, რადგან ვიცი, ეს დიდი ქარიშხალი ჩემს გამო დაგატყდათ თავს.
13მოუსვეს ნიჩბები, რომ ხმელეთს მისდგომოდნდნ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ, რადგან ზღვა კიდევ უფრო აუბობოქრდათ.
14მაშინ შეჰღაღადეს უფალს და უთხრეს: ჰე, უფალო, ნუ დაგვღუპავ ამ კაცის გამო, მაგრამ ნურც მართალ სისხლს მოგვკითხავ. რადგან ისე მოაწყვე, უფალო, როგორც გინდოდა.
15აიღეს და ზღვაში გადააგდეს იონა და ზღვამ შეწყვიტა ღელვა.
16დიდად შეეშინდათ ამ კაცებს უფლისა; მსხვერპლი შესწირეს და აღთქმები დაუდეს.
Next