თავი - 2
Previous1ზღვის ქვიშასავით იქნება ისრაელიანთა რიცხვი, რომელიც არც გაიზომება და არც აღირიცხება; და ნაცვლად იმისა, რომ უთხრან ლოყამი ხართო, ეტყვიან ცოცხალი ღმერთის შვილები ხართო.
2შეიყრებიან ერთად იუდაელები და ისრაელიანები და დაისვამენ ერთ მთავარს და გამოვლვნ ქვეყნიდან, რადან დიდი იქნება იზრეყელის დღე.
3დაუძახეთ თქვენს ძმებს: ყამი (ჩემი ერი) და თქვენს დებს: რუხამა (შეწყალებული).
4უჩივლეთ დედათქვენს, უჩივლეთ, რადგან აღარ არის ის ჩემი ცოლი და მეც აღარ ვარ მისი ქმარი; ჩამოიცილოს გარყვნილება პირისახიდან და მრუშობა მკერდიდან;
5თორემ გავაშიშვლებ და ისე გამოვაჩენ, როგორც დაბადების დღეს იყო. უდაბნოსავით ვაქცევ, უწყლო მიწად გავხდი და წყურვილით მოვკლავ.
6არ შევიწყალებ მის შვილებს, რადგან გარყვნილების შვილები არიან;
7რადგან გარყვნილებას სჩადიოდა მათი დედა და თავს ირცხვენდა მათი მშობელი; რადგან თქვა: გავეკიდები ჩემს საყვარლებს, რომლებიც მაძლევენ პურსა და წყალს, მატყლსა და სელს, ზეთსა და სასმელსო.
8ამიტომ, აჰა, ეკალ-ბარდებით გადავუღობავ გზას და კედელს აღვუმართავ წინ, რომ ვერ გაიგნოს ბილიკები.
9გაედევნება თავის საყვარლებს და ვერ დაეწევა; ძებნას დაუწყებს მათ და ვერ იპოვნის; იტყვის: წავალ, დავბრუნდები ჩემს პირველ ქმართან, რადგან მაშინ ახლანდელზე უკეთ ვიყავიო.
10მაშინ კი არ იცოდა, რომ მე ვაძლევდი მას პურს, ღვინოს და ზეთს, რომ მე გავუმრავლე ოქრო და ვერცხლი, რომელსაც ბაალს ახარჯავდა.
11ამიტომაც უკან წავიღებ ჩემს პურს მის სიმწიფეში და ჩემს ღვინოს მისი დაღვინებისას, წავართმევ ჩემს მატყლსა და სელს, რითაც სიშიშვლე უნდა დაეფარა.
12ახალ კი გამოვააშკარავებ მის სირცხვილს მისი საყვარლების თვალწინ და ვერავინ გამომტაცებს ხელიდან.
13გავაუქმებ ყველა მის სიხარულს, ზეიმს, ახალმთვარობას, შაბათს და ყველა დღესასწაულს;
14გავუჩანაგებ ვაზსა და ლეღვის ხეებს, რომლებზეც ამბობს, ჩემი საჩუქრებია, ჩემმა საყვარლებმა მაჩუქესო; ტყედ ვაქცევ და გარეული მხეცები შეჭამენ მათ.
15მას მოვკითხავ ბაალთა დღეებს, როცა გუნდრუკს უკმევდა მათ, და რგოლებითა და სამკაულებით თავს იმშვენებდა; როცა საყვარლებს დასდევდა, მე კი მივიწყებდა, თქვა უფალმა.
16ამიტომაც, აჰა, შევიტყუებ და უდაბნოში წავიყვან, რომ გულითადად ველაპარაკო.
17იქ მივცემ მას თავის ვენახს და ყაქორის (მწუხარების) ხეობას იმედის კართან; იქ იმღერებს, როგორც ყმაწვილქალობისას მღეროდა, როცა ეგვიპტის ქვეყნიდან ამომყავდა.
18იმ დღეს იქნება, თქვა უფალმა, რომ დამიძახებ ჩემო ქმარო - და აღარ დამიძახებ ჩემო ბაალო (ბატონო).
19მოვაშორებ მის ბაგეებს ბაალთა სახელებს, რომ აღარ იხსენიებოდნენ თავიანთი სახელებით.
20დავდებ იმ დღეს მათთვის აღთქმას ველის მხეცებთან, ცის ფრინველებთან და ქვეწარმავლებთან; მოვსპობ ქვეყანაზე მშვილდს, მახვილს და ომიანობას და მშვიდობით დავავანებ მათ.
21და მე საუკუნოდ დაგწინდავ ჩემთვის, დაგწინდავ სიმართლით და სამართლით, წყალობითა და სიყვარულით;
22დაგწინდავ რწმენით და შეიცნობ უფალს.
23იმ დღეს იქნება, რომ გავეხმიანები, თქვა უფალმა, გავეხმიანები ცას და ისიც გაეხმიანება მიწას;
24მიწა გაეხმიანება პურსა და ღვინოს და ზეთს, ხოლო ესენი გაეხმიანებიან იზრეყელს.
25და ჩემთვის დავთესავ მას ქვეყანაში და შევიწყალებ ლორუხამას (არაშესაწყალისს), ვეტყვი ლოყამის (არა, ჩემს ერს) ჩემი ერი ხარ-მეთქი და ის მეტყვის, ჩემი ღმერთი ხარო.
Next